სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ დღეს თბილისში შეიხი, მუფტი და იმამი აირჩია

საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ დღეს თბილისში შეიხი, მუფტი და იმამი აირჩია.

სამმართველოს მიერ ჩატარებული არჩევნების შედეგად, მუსლიმ შიიტებსა და სუნიტებს შორის დაპირისპირება საბოლოოდ აღმოიფხვრა, რადგან სამმართველოში წარმომადგენელი მუსლიმის ორივე განშტოებას ეყოლება.

არჩევნებში საქართველოს ყველა რეგიონის მუსლიმთა წინამძღოლი მონაწილეობდა და სწორედ მათი გადაწყვეტილებით, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მთავარ მუფტად ჯემალ პაქსაძე იქნა არჩეული, რომელიც აჭარის ხუთივე რაიონის მთავარი მუფტიც იქნება.

"სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში ქართველი სუნიტებისა და აზერბაიჯანელი შიიტების ერთიანი არჩევნები ჩატარდა. ქართველმა მუსლიმებმა სხვადასხვა რეგიონებიდან ქართველი მუსლიმი წინამძღოლი აირჩიეს, ხოლო შიიტმა აზერბაიჯანელებმა შეიხად – აზერბაიჯანელი. ეს თანაბარუფლებიანობაა. ჩვენი მიზანია, რომ ერთიან აზრზე ჩამოვყალიბდეთ და ის დარდი და პრობლემები, რომელიც მუსლიმებს გვაქვს, ერთობლივად გადავჭრათ", - განაცხადა ჯემალ პაქსაძემ.

რაც შეეხება სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხს, ეს სტატუსი ვაგიფ აკაფილოვს მიენიჭა.

"იმ მუსლიმებმა, რომლებიც საქართველოში ვართ, ჩვენი სასულიერო პრობლემები თვითონვე უნდა გადავჭრათ", - განაცხადა ვაგიფ აკაფილოვმა.

არჩევნების შედეგად, მთავარი იმამი იასინ ალიევი გახდა.

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში არჩევნების ჩატარებამდე შიიტ და სუნიტ მუსლიმებს შორის სამმართველოს თავმჯდომარის საკითხთან დაკავშირებით დაპირისპირება არსებობდა.

ქართველი სუნიტი მუსლიმები რელიგიურ ცენტრში სუნიტ თავმჯდომარეს მოითხოვდნენ, აზერბაიჯანელი შიიტი მუსლიმები კი - შიიტს.

მუსლიმთა სამმართველოს მიერ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე კონფერენცია გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ არჩევნების დებულების მიხედვით, მუსლიმის ორივე განშტოების წარმომადგენლებს სამმართველოში საკუთარი არჩეული წარმომადგენელი ეყოლებოდათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100