სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ლუკოილის" ტოპ -მენეჯერის ქალიშვილი შურისძიების გამო მოკლეს - გამოძიება ადგილზეა გაყინული

მოსკოველი გამომძიებლები კომპანია "ლუკოილის" ტოპმენეჯერის ქალიშვილის, 16 წლის ვიქტორია ტესლიუკის მკვლელებს ჯერჯერობით უშედეგოდ ეძებენ. არის ვერსია, რომ ბოროტმოქმედები შურისძიების საბაბით მოქმედებდნენ. ამასთან, დანაშაული იმდენად კარგად და ზედმიწევნით იყო დაგეგმილი, რომ ძალოვნებმა ამ დრომდე ვერც ბოროტმოქმედების ავტომობილის დაფისირება შეძლეს, მიუხედავად იმისა, რომ ავტოტრასებზე მრავალრიცხოვანი ვიდეოთვალია დაყენებული.

"ის, რომ "ლუკოილის" ტოპმენეჯერის ქალიშვილის მკვლელობა კარგად დაგეგმილი იყო, ეჭვს არ იწვევს. რობერტ ტესლიუკთან გასაუბრების შემდეგ გამომძიებლებმა უკუადგეს ვერსია, რომლის მიხედვითაც, გოგონა მისმა ერთ ერთმა თაყვანისმცემელმა მოკლა", _ იუწყება რუსული მედია.

თავად რობერტ ტესლუიკი აცხადებს, რომ შესაძლოა მას ფარული მოშურნეები ჰყავდეს, რომლებსაც არ მოსწონთ ტოპმენეჯერის სწრაფი კარიერული წინსვლა. ამასთან, მტრების ან არაკეთილმოსურნეების კონკრეტულად დასახელება მოკლული გოგონას მამამ ვერ შეძლო.

"გამოძიების მსვლელობისას ტოპმენეჯერს მოუხდია თითქმის ყველა დიდი თუ მცირე კონფლიქტის გახსენება, რომელთანაც პირადად მას ჰქონია კავშირი ბოლო 10 წლის განმავლობაში, მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად ეჭვმიტანილის დადგენა მაინც ვერ შეძლეს", _ იუწყება რუსული მედია.

ამის მიუხედავად, გამოძიება მაინც იხრება ვერსიისკენ, რომლის მიხედვითაც, ეს საზარელი მკვლელობა ვიღაც მოშურნემ ჩაიდინა. "თავად ტესლიუკის მოცილება ძალიან მარტივად გამოიყურება. ასეთი ნაძირალები უფრო საზარელ ზომებს მიმართავენ - ისინი ყველაზე საყვარელსა და ძვირფასს სპობენ", _ აცხადებს გამოძიებასთან დაახლოებული წყარო.

გამოძიების მსვლელობისას ამ დროისათვის დადგენილია, რომ 16 წლის ვიქტორია ტესლიუკი მკვლელს სიკვდილის წინ წინააღმდეგობას უწევდა. მის ფრჩხილებს ქვეშ აღმოჩენილია საეჭვო ნაწილაკები. კრიმინალისტები ვარაუდობდნენ, რომ ექსპერტიზა მკვლელის ვინაობის დადნას შეძლებდა, თუმცა ამ შემთხვევაში სამართალდამცავების იმედები არ გამართლდა. ყველაფერი რისი პოვნაც იყო შესაძლებელი, ეს იყო ქილერების ტანისამოსის ნაწილაკების მიკროსკოპული ნაწილები.

"ვიკა ებრძოდა მკვლელს. ახლა ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ქილერს ქურთუკი ეცვა", _ აცხადებს წყარო და დასძენს, რომ არანაკლები იმედები იყო დაკავშირებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გაშიფვრაზე. როგორც კი ექსპერტიზით დადგენილ იქნა მკვლელობის თარიღი, ოპერმუშაკებმა რამდენიმეათეულსაათიანი ვიდეოფირები ნახეს და კოლოსალური სამუშაო ჩაატარეს, თუმცა უშედეგოდ.

"ამოღებულ იქნა ვიდეოჩანაწერები ვიქტორიას გაუჩინარებიდან სამი დღით ადრე პერიოდიდან გაუჩინარების შემდეგ სამი დღის შემდეგ პერიოდამდე. მათზე ფიგურირებს დაახლოებით 700 საეჭვო ავტომობილი. ყველა მათგანი შემოწმებულია, ყველა მძღოლი დაკითხული და ყველა მათგანს 100 % -იანი ალიბი აქვს", _ აცხადებს გამოძიებასთან დაახლოებული წყარო და აღნიშნავს, რომ გამოძიება არც იმას გამორიცხავს, რომ მკვლელებმა მარშრუტის რეპეტიცია ჩაატარეს ისე, რომ ვიდეოთვალისთვის შეუმჩვეველნი ყოფილიყვნენ.

ასეთივე გულდასმით შეარჩიეს ქილერებმა ადგილი, სადაც უმჯობესი იქნებოდა გვამის დატოვება. მოსკოვის ოლქის ამ სააგარაკო რაიონში არ არიან მუდმივად მცხოვრები ადამიანები. ამით მკვლელებმა ზუსტად იცოდნენ, რომ გოგონას გვამს მხოლოდ რამდენიმე თვის თუ არა რამდენიმე კვირის შემდეგ აღმოაჩენდნენ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "ლუკოილის" ტოპმენეჯერის ქალიშვილის 16 წლის ვიქტორია ტესლიუკის გვამი 3 მაისს იპოვეს. გოგონა მარტის დასაწყისში გაუჩინარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100