სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იტალიური სოფელი ვიგანელა, რომელსაც „საკუთარი“ მზე აქვს (ვიდეო)

ვიგანელა - ასე ჰქვია პატარა იტალიურ სოფელს, რომელიც დაბლობზეა განფენილი და გარშემორტყმულია მაღალი მთებით. ეს კი ნიშნავს, რომ ამ სოფლამდე, დაწყებული ნოემბრის შუა რიცხვებიდან და დასრულებული თებერვლით, მზის სხივები ვერ აღწევს.

რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში ამ უძველესი სოფლის მცხოვრებლები დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავდნენ პირველი სხივების გამოჩენის დღეს, მაგრამ 2006 წლიდან ამ დღესასწაულზე უარი თქვეს და ამას არქიტექტორსა და დიზაინერს, ჯაკომო ბონზანის უმადლიან, ვისი მცდელობითაც ვიგანელას ირგვლივ შემორტყმული მაღალი მთებიდან ერთ-ერთზე დამონტაჟდა გიგანტური სარკე, ეს სარკე კი მზის სხივებს დაბლობის მიმართულებით განფენს.

რეგიონი, რომელიც არსებობის განმავლობაში, მთელი ზამთრის მანძილზე ვერ ხედავდა მზეს, ახლა მზის სხივებსა და მის ნათელში ცურავს.

პატარა სოფლიდან 870 მეტრის სიმაღლით დაშორებულ მთის მწვერვალზე დამონტაჟებული სარკის მოცულობა 40 კვადრატულ მეტრს შეადგენს, სიგანე 8 მეტრს, სიმაღლე კი - 5 მეტრს. ეს მოწყობილობა კომპიუტერით იმართება, რომელიც მზის ტრაექტორიას ითვლის და სარკეს ისე აბრუნებს, რომ სოფელი მუდამ განათებული იყოს.

ჯაკომო ბონზანის ქმნილებამ სახელი გაუთქვა ერთ დროს ღვთისგან, ადამიანებისგან და მზისგან მივიწყებულ სოფელს, რომელსაც უწოდებენ „სოფელს, რომელსაც საკუთარი მზე აქვს“, ამან კი მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან ტურისტების მოზღვავება გამოიწვია.

პროექტის ავტორი დღეს ღიმილით იხსენებს, რომ მისი იდეა ყველას უტოპიად ეჩვენებოდა და მას ათვალწუნებით ხვდებოდნენ: „მე კი ვიცოდი, რომ ყველაფერი გამომივიდოდა, რადგან ჩემი იდეა ფიზიკის კანონებზეა დამყარებული, ფიზიკის კანონები კი მთელ სამყაროს მართავს“, - ამბობს ჯაკომო ბონზანი, სოფლის მერი კი იხსენებს, რა ჯაფა დაადგა სოფლის მოსახლეობას, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მისულიყო:

„ჩვენ გვიწევდა ხარისხიანი დეტალების მოძიება, მსგავსი მოწყობილობების მუშაობის პრინციპის შესწავლა და, რაც მთავარია, თანხის გამოძებნაც. ხელოვნური მზე საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა“, - იცინის პიერფრანკო მიდალი.

აღნიშნული პროექტის საერთო ღირებულება 100 ათას ევროზე მეტია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100