დატყვევებული ზაქის გამო მობრუნებულმა გარეულმა კამეჩებმა ლომები დაიფრინეს (ვიდეო)

NBC-ის მიერ გადაღებული ეს ორთაბრძოლა სულ მალე იქცა ინტერნეტჰიტად. გამოქვეყნებიდან 5 წლის განმავლობაში ის 66 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ნახა.

კრიუგერის პარკი, სადაც ეს გამაოგნებელი ვიდეოა გადაღებული, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, მოზამბიკის საზღვართან ახლოს მდებარეობს. პარკში თითქმის ყველა სახის გარეულ ცხოველს, მდინარეში კი სხვადასხვა ზომის ალიგატორებს შეხვდებით. პარკი აბა რის პარკი იქნებოდა, დამთვალიერებელთა ნაკლებობას რომ უჩიოდეს - სპეციალურად შედგენილი უსაფრთხო მარშრუტით გამყოლებთან ერთად ტურისტები გადაადგილდებიან და ცხოველებს აკვირდებიან. ერთ-ერთი ჯგუფი მოწმე გახდა, როგორ მიემართებოდა გარეულ კამეჩთა ჯოგი მდინარისკენ წყლის დასალევად და როგორ ელოდნენ მათ მოახლოებას ცასაფრებული ლომები.

რა თქმა უნდა, ტურისტებმა ფოტოაპარატები, მობილურები და სამოყვარულო კამერები მოიმარჯვეს და გადაღება დაიწყეს. მდინარესთან მიახლოებულ კამეჩებს ლომები წამოუხტნენ. კამეჩებმა პირი იბრუნეს და გაიქცნენ, ლომები დაედევნენ. რადგან ერთი პატარა გარეული ზაქი ყველაზე უკან ჩამორჩა, მტაცებელთა მსხვერპლი სწორედ ის გახდა - რამდენიმე ლომიდან ერთი მას ზურგზე შეახტა და მდინარისკენ გადააგდო, თვითონაც მიჰყვა ისე, რომ ეშვები არ მოუშორებია.

მალე სხვა ლომებიც წამოეშველნენ და მდინარიდან ნაპირზე კამეჩის ამოთრევა დაიწყეს, როცა მოულოდნელად, ნაპირთან ნიანგი მიცურდა და ჯერ კიდევ მდინარეში ნახევარი ტანით ჩაწოლილ კამეჩს გავაზე წაეტანა.

ლომები ხმელეთისკენ ექაჩებოდნენ ცხოველს, ხოლო ნიანგს არაფრით ეთმობოდა გემრიელი სადილი და ლამის, ზაქს ნაპირზე აჰყვა, მაგრამ ბოლოს, გაწბილებული ისევ მდინარეს დაუბრუნდა. ლომებმა კი ზაქი ნაპირზე აათრიეს და მის განაწილებას შეუდგნენ. თითქოს ყველაფერი დასრულდა: ძლიერმა გაიმარჯვა და ზაქის დაგლეჯა თითქმის გარდაუვალი ჩანდა. ბევრმა ტურისტმა ვიდეოკამერა გამორთო, მაგრამ ამაოდ:

მოულოდნელად, ზაქის „დატყვევების“ ადგილზე კამეჩთა ჯოგი დაბრუნდა. მტაცებელთაგან მცირე მანძილზე გაჩერებული კამეჩები ჯერ ტორებს ურტყამდნენ მიწას, ლომები იღრინებოდნენ, საბოლოოდ კი კამეჩები, „მძევლის გათავისუფლების“ მიზნით შტურმზე გადავიდნენ და ერთი ლომი გააქციეს კიდეც. წარმატებით გათამამაბულებმა ერთად შეუტიეს ლომთა ჯგუფს და ცხოველთა მეფეები დაქსაქსეს, მერე კი ცალ-ცალკე გაეკიდნენ.

ვიდეოში კარგად ჩანს პირველი თავდამსხმელი კამეჩის განწირული ქმედება, რომელმაც განაპირა ლომი რქებზე ააგო, მერე კი მდინარეში მოისროლა. როცა ლომები მიხვდნენ, რომ ამ ჯოგის წინაშე უძლურები იყვნენ, უკან დაიხიეს, მაგრამ კამეჩებმა თან სდიეს და, როგორც იტყვიან, მხოლოდ მაშინ დამშვიდდნენ, როცა ლომები უსაფრთხო მანძილზე დაიგულეს. ბევრგან დაჭრილი და ტორებით „დასეტყვილი“ ზაქი თავის მხსნელებს შეუერთდა...

NBC-ის მიერ გადაღებული ეს ორთაბრძოლა სულ მალე იქცა ინტერნეტჰიტად. გამოქვეყნებიდან 5 წლის განმავლობაში ის 66 მილიონ ორასი ათასზე მეტმა მომხმარებელმა ნახა.

კომენტარი