სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვლადიმირ სოკორი: ივანიშვილის განცხადებები ანალიტიკოსთა შეფასებისგან მკვეთრად განსხვავდება

„ქართული ოცნება“ მალე შესაძლოა, ოპოზიციის პრივატიზების ბერკეტად იქცეს“, - აღნიშნულია „ჯეიმსთაუნის“ ფონდის ანალიტიკოსის ვლადიმერ სოკორის სტატიაში , რომელიც ამავე ფონდის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

სოკორი პოლიტიკოსობის მსურველი ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის „ქართული ოცნების“ პრეზენტაციის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ პრეზენტაციის ფორმატი სრულად მოერგო ივანიშვილი უმთავრეს ამომრჩეველს - „თბილისის ინტელიგენციას, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაკარგა სახელმწიფოს მხარდაჭერა და მხოლოდ ივანიშვილის დახმარების წყალობით გადარჩა“.

სოკორი მიიჩნევს, რომ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები განსხვავდებოდა საქართველოსთან მიმართებაში საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებისგან.

„მან დაადანაშაულა ხელისუფლება „ნომენკლატურული კაპიტალიზმის“ დანერგვასა და „ხელისუფლებასთან ბიზნესის სრულ ინტეგრაციაში“ მაშინ, როცა საქართველოს, ფაქტობრივად, ერთ-ერთი ყველა განხსნილი და ნაკლებად რეგულაციური ეკონომიკა აქვს, საერთაშორისო შეფასებების მიხედვით. ივანიშვილმა ხელისუფლება დაახასიათა, როგორც „სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარების გზაზე უმთავრესი დაბრკოლება“, თუმცა საქართველო ნამდვილად არის აღიარებული ყველაზე წარმატებულ და სწრაფად რეფორმირებულ პოსტსაბჭოთა ქვეყნად. მან დაადანაშაულა ხელისუფლება „ექსტრაორდინალური სისასტიკის გამოყენებაში 26 მაისის აქციის დარბევისას“, თუმცა ეს სრულ წინააღმდეგობაში მოდის აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შეფასებასთან“, - მიიჩნევს სოკორი.

გარდა ამისა, სოკორი აღნიშნავს, რომ „ივანიშვილმა სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებს შორის კონფლიქტის პროვიცირებაში ხელისუფლება ისე დაადანაშაულა, რომ ამის არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია“.

ასევე, სოკარის აზრით, ივანიშვილმა მინიმალურად ისაუბრა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე და მიხეილ სააკაშვილიც არ დაუდანაშაულებია 2008 წლის ომის დაწყებაში.

„ივანიშვილის ამჟამინდელი პარტნიორები ორი მცირე ჯგუფია: ირაკლი ალასანიას „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკური პარტია“ (რომელსაც ძმები ბერძენიშვილები და ცოლ-ქმარი ხიდაშელი და უსუფაშვილი უძღვებიან). ორივე დამოკიდებულია ივანიშვილის დაფინანსებაზე. ივანიშვილის დაფინანსებით ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა, ალასანიას პარტიას მხოლოდ 1.5%-იანი მხარდაჭერა აქვს, ხოლო „რესპუბლიკურ პარტია“ 1%-ზე დაბალი“, - წერს ვლადიმერ სოკორი.

სოკორი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი მოძრაობა შესაძლოა, „ოპოზიციის პრივატიზების“ ბერკეტად იქცეს.

„იგი {„ქართული ოცნება“} მალე შესაძლოა, ოპოზიციის პრივატიზების ბერკეტად იქცეს. ივანიშვილის ქონება საქართველოს ყოველწლიური მთლიანი შიგა პროდუქტის ნახევარს უდრის და პირველი განცხადებებით მან მხარდაჭერის მოსაპოვებლად ყველას ყიდვა გადაწყვიტა ამ პატარა ქვეყანაში. ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი სახელმწიფოს მიტაცებას ჰგავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მან ვერ შეძლო ამ ყველაფრის კონცეპტუალიზაცია“, - აღნიშნავს სოკორი.

წყარო

ორიგინალი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100