სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კავკასიელი, რომელმაც გოგონას ყელი „გამოსჭრა“

სულ ცოტა ხნის წინ რუსული ინტერნეტსივრცე შესძრა ვიდეორგოლმა, სადაც არასლავური, სავარაუდოდ, კავკასიური აღნაგობის მამაკაცი ახალგაზრდა გოგონას ყელს ჭრის. თავდაპირველად ვიდეო „იუთუზე“ აუტვირთა, მაგრამ ადმინისტრაციამ მალევე წაშალა. ამის მიუხედავად, სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდებოდა ეს ფოტო და არანაკლებ აქტიურად საუბრობდნენ „კავკასიელების მხეცობაზე“ რუსეთში, ისმოდა მოწოდებები რუსეთიდან მათი გაძევების შესახებ.

საბოლოოდ კი დადგინდა, რომ უბრალოდ, ვიღაცამ ბოროტად იხუმრა: ვიდეორგოლი თავიდან ბოლომდე დადგმულია. ექსპერტებმა, რომლებმაც ვიდეოს ჩამოტვირთვა „იუთუბიდან“ მანამდე მოასწრეს, სანამ იგი ადმინისტრაციის მიერ წაიშლებოდა, გამოაქვეყნეს დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ რგოლში აღწერილი სცენა თავიდან ბოლომდე დადგმულია.

მათი თქმით, ვიდეორგოლის შესწავლისას აღმოაჩინეს, რომ „ყელის გამოჭრის“ მომენტში ბალახზე გართხმულ გოგონას ყელის ორივე მხარეს სისხლი კი ჩამოსდის, მაგრამ მისთვის რომ ყელი მართლაც გამოეჭრათ, სისხლი შადრევანივით იფეთქებდა, რაც, საბედნიეროდ, არ მომხდარა.

ამ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ რუსული ინტერნეტსივრცე უკვე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნაზე გადავიდა მათ მიმართ, ვინც ვიდეო დაამზადა. რუსი მომხმარებლების აზრით, მას ერთა შორის შუღლის გაღვივების ბრალდებას წაუყენებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100