ჩემი მეგობარი გეია

გთავაზობთ საინტერესო ბლოგ-პოსტს, სახელწოდებით "ჩემი მეგობარი გეია".

ჩემი მეგობარი, რომელთანაც ნაცნობობისა და ნდობაზე დამყარებული მჭიდრო ურთიერთობის მრავალი წელი მაკავშირებს, გეია. თავიდან, გარდატეხის ასაკში რთულ პერიოდს ვაბრალებდი მის გაორებას, შემდეგ ვხვდებოდი, მაგრამ ვერაფერს ვეუბნებოდი... მწყინდა, მაგრამ არა ის, რომ, განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია ჰქონდა, არამედ ის, რომ ამ საიდუმლოს ვერ მიმხელდა. მე ხომ ანალოგიურად უახლოესი მეგობარი ვიყავი მისთვის. ერთმანეთთან რთულ მომენტებში ვყოფილვართ, იმედგაცრუებულები ერთმანეთს ვანუგეშებდით, იცოდა, რომ არასდროს შეიცვლებოდა ჩემი მისდამი დამოკიდებულება და მაინც... დიდ ხანს ველოდი, სანამ მოიკრებდა გამბედაობას და მეტყოდა.

დრო გადიოდა, ის კი თავის თავში იკეტებოდა და ხმას არ იღებდა. ნელ-ნელა ვატყობდი, რომ უცხო ხდებოდა ჩემთვის, ამიტომ ისევ მე ვარჩიე, რომ ამ თემაზე ჩამომეგდო საუბარი მასთან. თავიდან უარყოფდა, შეშინებული მიყურებდა და თავს იტყუებდა, ვითომ ვერ ხვდებოდა, რაზე ვესაუბრებოდი. მე კი ბევრი დეტალი მქონდა მანამდე აღბეჭდილი გონებაში - ქუჩაში ლამაზ გოგოსაც ვერ აყოლებდა თვალს, სასიყვარულო ურთიერთობებზე კი საიდუმლო არ გააჩნდა, რადგან არავინ ჰყავდა, ამას კი ერთი მიზეზით ხსნიდა - არავინ მოსწონდა სერიოზულად. საქმე იმაშია, რომ არასერიოზულად მოწონებების შესახებაც არაფერს მეუბნებოდა მე - მის საუკეთესო მეგობარს. ბოლოს ავიღე ქურთუკი და კართან მისულმა ერთხელ კიდევ გავხედე, ვუთხარი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მე მის გვერდით ვიქნებოდი და გამოვიხურე კარი.

იმ საღამოს ჩემი მეგობრის დედის ზარი იყო შემოსული ტელეფონზე. გადავრეკე, თუმცა ნახევრად ვერც გამაგებინა, რა მოხდა. მივხვდი, რომ საქმე არც ისე კარგად იყო. შემდეგ მის ძმასთან დავრეკე და აღმოჩნდა, რომ ჩემი მეგობარი საავადმყოფოში გადაუყვანიათ თვითმკვლელობის მცდელობის გამო - ვენები გადაიჭრა. არ მახსოვს, კონკრეტულად რა ემოციები მომაწვა ერთად, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ იმ დროს სიკვდილი მინდოდა, მეგონა ჩემმა ლაპარაკმა იმოქმედა მასზე ემოციურად და ამიტომ გადაწყვიტა სიკვდილი. უკანასკნელი სიტყვებით ვლანძღავდი საკუთარ თავს, ვერც კი გავბედე საავადმყოფოში მისვლა.

მეორე დღეს თითონ დამირეკა და მთხოვა მივსულიყავი მასთან... მივედი და თვალებს ვერ ვუსწორებდი. მიხვდა რაც მჭირდა, ისევე, როგორც სხვა დროს ხვდებოდა რას ვგრძნობდი, რას განვიცდიდი, რას ვფიქრობდი. ის მე ყველაზე უკეთ მიცნობდა და ყოველთვის შეეძლო ჩემი ემოციები გამოეცნო. მითხრა, ეს შენი ბრალი არ არისო. პატარა ბავშვივით ავტირდი და პატიება ვთხოვე, თითქოს დიდხანს ვიკავებდი ტირილს და მისგან ველოდი როდის მეტყოდა ამ სიტყვებს, რომ ერთიანად ამომეხეთქა ის ცრემლები, რომელიც ყელში მაწვებოდა. იცოდა, რომ მომხდარში ჩემს თავს ვადანაშაულებდი. ჩემი მეგობარი გეია და თავის მოკვლა გადაწყვიტა, რადგან ვერავის უმხელდა, რადგან ეშინოდა, რომ გაკიცხავდნენ, ან არც გაკიცხავდნენ და მხოლოდ ზურგს უკან დაიწყებდნენ მასზე საუბარს. ჩემი მეგობარი გეია და ამის საკუთარ თავთან აღიარებაც კი უჭირდა, მე კი ის მწყინდა, რომ ჩემთან მალავდა. ჩვენ დიდ ხანს ვისაუბრეთ პალატაში, მის თვალებში კი იმედს ვხედავდი, რომელიც ამ საუბრისას ნელ-ნელა ესახებოდა და ხვდებოდა, რომ ქვეყანაზე არსებობს ერთი ადამიანი მაინც, რომელიც გაუგებდა და ზურგს არ აქცევდა. ვცდილობდი ამეხსნა, რომ არიან ადამიანები, რომელთათვისაც სულ ერთია მისი პირადი ცხოვრება და ამ ადამიანებისთვის მთავარი პიროვნული თვისებები დგას ყველაზე მაღლა, რომ არ უნდა შეშინებოდა გარშემომყოფების და საკუთარ თავში არ ჩაკეტილიყო, სუიციდზე აღარასდროს ეფიქრა და ის ადამიანები, რომლებიც უფლის სახელით დაელაპარაკებოდნენ, ყველაზე დიდი ფარისევლები იქნებოდნენ. მისმენდა გაღიმებული და არაფერს ამბობდა, რადგან არ იცოდა, რა ეთქვა.

სახლში მისულს სულ ორი კითხვა მიტრიალებდა თავში - რატომ გადაწყვიტა, რომ სიცოცხლის ღირსი არ იყო?.. რატომ ჩათვალა, რომ ყველა ჩაქოლავდა?..

იმიტომ, რომ:

განსხვავებულ ადამიანებს აგინებენ და ლანძღავენ, აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას

უმცირესობები უმრავლესობას სძულს და ეს მარტო სექსუალურ მცირესობებს არ ეხება

გარშემო მტრულად განწყობილი ხალხი (შედარებით ტოლერანტულად რომ მოაქვს თავი) გაიძახის - სახლში რაც უნდა ის აკეთონ, მე ნუ დამანახებენ/გამაგებინებენო - რეალურად ამას არავინ განახებს და არ გეჩხირება თვალებში და რაც შეეხება ქუჩაში თამამ ქმედებებს, კოცნას და ა.შ - ეს არც ჰეტეროსექსუალისგან არის ლამაზი, ამიტომ ორივე მხარეზე ისაუბრეთ

მშობლებს ურჩევნიათ მათი შვილი მკვლელი იყოს, ვიდრე გეი, რომელიც არავის ახლობელ ადამიანს არ უსპობს სიცოცხლეს და მაინც სძულთ... სძულთ იმიტომ, რომ თავისი პირადი ცხოვრება აქვს

თუ ვინმე მათ თანასწორ უფლებებზე დაიწყებს საუბარს და ტოლერანტობისკენ მოუწოდებს საზოგადოებას, იმასაც ჩაქოლვით ემუქრებიან

ღვთის სახელით სწყევლიან ჰომოსექსუალებს და წარმოდგენა არ აქვთ, ღმერთი რას ფიქრობს ამაზე (მაგალითად ნუ მოიყვანთ ბიბლიურ ამბავს, თქვენ ღმერთის შესახებ მართლა არაფერი იცით, რადგან უფლებას იტოვებთ, მისი სახელით გამოხვიდეთ და განსაჯოთ ადამიანი)

საზოგადოების წინაშე ჩემი მეგობარი უფრო მართალია, ვიდრე მორალის წამკითხველები, რადგან ისინი ძალადობის გზით ცდილობენ ებრძოლონ იმას, რაზე წარმოდგენაც არ აქვთ (ან აქვთ და ბიოლოგიურ მოთხოვნებსა თუ შინაგან იმპულსებს ებრძვიან ამ გზით)

ჩემი მეგობარი გეია და საკუთარ ოჯახს ამას ვერ უმხელს, რადგან მამა ხელით თუ არ შეეხება, სიტყვიერ შეურაცხყოფას მაინც მიაყენებს, დედა კი იმედგაცრუებული მოთქმით დაიწყებს ტირილს. ძმა საერთოდ ზურგს აქცევს და საბოლოოდ მთელი ოჯახი გარიყავს, რადგან ვერ დაუშვებენ, ხალხში თავი მოიჭრან. ჩემი მეგობარი გეია და იმაზე წუხს, რომ საყვარელი ადამიანის იმედები ვერ გაამართლა, სინამდვილეში კი ვერ ხვდება, რომ იმისთვის არ მოევლინა ქვეყანას, ვიღაცის იმედების გასამართლებლად იცხოვროს და სხვის კმაყოფილ ღიმილზე ააწყოს პირადი ცხოვრება. ჩემი მეგობარი გეია და ეშინია, ქუჩაში ვინმე გამვლელმა არ შეატყოს ეს ფაქტი, ყველას უნდობლად უყურებს და ისევ საკუთარ თავში იკეტება, მხოლოდ ჩემი მხარდაჭერა კი მისთვის არ არის საკმარისი, რომ თავი სრულფასოვან ადამიანად იგრძნოს. ჩემი მეგობარი გეია და მე ვარ ადამიანი, რომელიც თავის მეგობარზე ცუდს არავის ათქმევინებს, რომელიც პირველი გადაეღობება მისი მისამართით ნასროლ ქვას და არ შეურიგდება უსამართლობას, რომელსაც ასეთი კეთილი და ბავშვივით სუფთა ადამიანის მიმართ გამოიჩენენ.

კომენტარი