სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

70 მოშიმშილე პატიმარი გლდანის ციხეში და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები

გთავაზობთ, დღეს 16 აპრილს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.

დათა ახალაიას განცხადება დღეს მთავარი თემა იყო. დათა ახალაიამ ახალაიების ოჯახის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას უშუალოდ ვანო მერაბიშვილს უკავშირებს და ამტკიცებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მარცხი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრ ვანო მერაბიშვილის ძალაუფლებისკენ დაუოკებელმა ლტოლვამ განაპირობა.თუმცა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის ის ფაქტი, რომ აღნიშნული განცხადების ავტორი ნამდვილად დათა ახალაია გახლავთ. როგორც ახალაიას ახლობლები ვარაუდობენ, ახალაიას სახელით განცხადება სპეცსამსახურებმა გაავრცელეს. ნაციონალური მოძრაობა კი მიიჩნევს, რომ ახალაიას განცხადება მთავრობას 19 აპრილს დაგეგმილი აქციისთვის ხელის შესაშლელად სჭირდება.

გერმანიაში ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერმა მონაწილეობა მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო. კონფერენციაში ასევე სხვადასხვა ქვეყნის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები, მინისტრები და პოლიტიკოსები მონაწილეობდნენ. ივანიშვილმა ვიზიტი შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტთან შეხვედრით დაასრულა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ისაუბრეს. საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მეთაურობით გერმანიაში ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

მთავრი პროკურორის მორიგი შეხვედრა ჟურნალისტებთან - არჩილ კბილაშვილმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა. აგვისტოს ომის გამოძიება და პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვა, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ყოფილი ხელმძღვანელების დაკავება და გახმაურებული საქმეები - ეს იყო ძირითადი თემები,რომლებზეც მთავარმა პროკურორმა ისაუბრა

გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამუდამო პატიმრობამისჯილი 70-მდე მსჯავრდებული შიმშილობს. აღნიშნულ ინფორმაციას სასჯელაღსრულების მინისტრიც ადასტურებს. სოზარ სუბარის განცხადებით, პატიმრებს სურთ, რომ მათი საქმეების გადახედვა მოხდეს, თუმცა ეს საგამოძიებო უწყების პრეროგატივაა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, პატიმრების საქმეები მართლაც გადაიხედოს, მათ ამისთვის შესაბამისი მტკიცებულებები უნდა ჰქონდეთ. რაც შეეხება პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობას, მინისტრი ამბობს, რომ ამას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. სამუდამო პატიმრობამისჯილმა 70-მდე მსჯავრდებულმა შიმშილობის აქცია გუშინ გამოაცხადა.

"ახალი მემარჯვენეები" საკონსტიტუციო და საარჩევნო საკითხებზე სახელმწიფო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან. მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ ნოემბრიდან მოქმედებაში შევა ის მუხლები, რომელიც ხელისუფლების შტოთა ბალანსს არღვევს. მისი თქმით, დროულად უნდა მოხდეს საარჩევნო სისტემასა და მასში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა. მისი თქმით, კომისიამ ასევე უნდა განიხილოს თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხებიც.

საპროტესტო აქცია ახმეტის რაიონში- სოფელ ქორეთში. ეკომიგრანტები სოფლის კუთვნილი საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ. მოსახლეობის ინფორმაციით, წინა მოწვევის პარლამენტის წევრის და მაჟორიტარი დეპუტატის პეტრე ცისკარიშვილის ხელშეწყობით 100 ჰექტარი მიწის ფართობი კომპანია "დორანს" მიჰყიდეს. ადგილობრივებმა დღეს კომპანია "დორანის" თანამშრომლები ტერიტორიაზეც არ შეუშვეს. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საძოვრები კანონის დაცვით აქვთ ნაყიდი და მოსახლეობასთან დავას მხოლოდ სასამართლოს გზით აპირებენ.

ცხინვალის რეგიონიდან და ახალგორიდან დევნილი მოსახლეობა კომუნალურ გადასახადებზე შეღავათის აღდგენას ითხოვს. წეროვანში ჩასახლებულმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა დღეს აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ბუნებრივი აირის, წყლისა და დენის გადასახადზე არსებული ლიმიტი გაუქმდა და მათ დაუსაქმებლობის და მცირე სოციალური დახმარების გამო, კომუნალური ხარჯების დაფარვა არ შეუძლიათ. დევნილები დასაქმებას და ყოველთვიურ ჰუმანიტარულ დახმარებასაც ითხოვენ.

ქუთაისში "აკორდ ჯორჯიას" თანამშრომლები გაიფიცნენ. "აკორდ ჯორჯია" ავტობანის მშენებლობაზე მუშაობს და ამჟამად ზესტაფონი-სამტრედიის მონაკვეთი გაჰყავთ. გაფიცულები აცხადებენ, რომ მათ ხელფასი გაფრთხილების გარეშე შეუმცირეს. მომუშავე პერსონალის პროტესტზე ხელმძღვანელობამ კომენტარი არ გააკეთა, შემდეგ კი ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ თუ თანამშრომლებს ახალი პირობები არ აწყობთ, შეუძლიათ სამუშაო ადგილები დატოვონ.

"ფარავანჰესის" თანამშრომლები ორი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი პირობების გაუმჯობესებას, სამუშაო ფორმების დარიგებასა და საკვები პროდუქტების გაუმჯობესებას მოითხოვენ. ჰესის თანამშრომლების განცხადებით, მათ გარეთ გასვლის უფლება არ ეძლევათ, ისინი ასევე ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვენ და დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავენ.

საბურთალოს რაიონის გამგეობასთან სოციალურად დაუცველები შეიკრიბნენ და გამგებელს ჯანდაცვის სამინისტროსთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართეს. შუამდგომლობა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საერთო ბაზაში დაბრუნებას ეხება. ისინი საბურთალოს რაიონის გამგებელთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროში წავიდნენ, სადაც მათ კრწანისის რაიონის გამგებელიც შეუერთდა. ხათუნა ბერძენიშვილმა და გია ხუროშვილმა მოქალაქეების განცხადებები კანცელარიაში დატოვეს, შემდეგ კი მინისტრის მაოდგილე დავით ლომიძეს შეხვდნენ. როგორც ლომიძე აცხადებს, განცხადებების განხილვა 2 კვირის განმავლობაში მოხდება და კანონის ფარგლებში, ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

თბილისის მერია ქალაქში თბომომარაგების ახალი საპილოტე პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი მიზნად ისახავს ქალაქში კომპაქტურად მცხოვრები მოქალაქეების სითბური ენერგიითა და ცხელი წყლით უზრუნველყოფას, ბუნებრივი აირისა და ელექტრონული მოხმარების, ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნებასა და კომუნალური ხარჯების შემცირებას. პირველ ეტაპზე პროექტი თემქაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში მთლიანად თბილისის მერიის დაფინანსებით განხორციელდება. მოსახლეობის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში კი, ამხანაგობებს შესაძლებლობა ექნებათ ახალი სისტემა მერიის თანადაფინანსებით დაამონტაჟონ. პროექტის პრეზენტაციას დღეს თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100