სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალაიას მხარდამჭერი აქცია, შიმშილობა და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები

გთავაზობთ, დღეს 21 მარტს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.

საკონსტიტუციო ცვლილება პირველი მოსმენით გავიდა. პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნასთან დაკავშირებულ საკითხზე ინიცირებული საკონსტიტუციო ინიციატივა დღეს 135 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ პირველი მოსმენით გავიდა. მას მხარი უმცირესობის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს. კონსტიტუციის პროექტის პირვანდელი ვარიანტისგან განხვავებით, წარმოდგენილი პროექტის გათვალისწინებით კონსტიტუციაში მკაფიოდ იწერება, რომ პარლამენტის მიერ ახალი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებამდე, მთავრობის მოვალეობის შესრულებას გადაყენებული, თუ გადამდგარი მთავრობა გააგრძელებს. საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი ვარიანტის თანახმად, კონსტიტუციის 80-ე მუხლს 5/1 პუნქტი ემატება შემდეგი შინაარსით: - მთავრობის გადადგომის ან პრეზიდენტის მიერ მისი გადაყენების შემთხვევაში, პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას, მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე. გადამდგარი თუ გადაყენებული მთავრობა მთავრობის მოვალეობის შესრულებას რიგგარეშე არჩევნების შედეგად ახალარჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებამდე განაგრძობს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ პარლამენტის ნდობა ვერ მიიღო, პრეზიდენტი სამი დღის ვადაში პარლამენტს ითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს, თუმცა პრეზიდენტის ეს უფლება იმ შემთხვევებზე არ ვრცელდება, როცა ქვეყნის პირველ პირს კონსტიტუცია პარლამენტის დათხოვნის უფლებას არ აძლებს. ამასთან, როგორც ცნობილია, ამ მხრივ მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება და ძალაში ტოვებს ნორმებს, რომლითაც პრეზიდენტს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი ექვსი თვის, ხოლო საკუთარი უფლებამოსულების ამოწურვამდე ბოლო ექვის თვის განმავლობაში დათხოვნა ეკრძალება. ასევე ხდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პარლამენტის დათხოვნის ამკრძალავი ნორმის კორექტირებაც და კონსტიტუციაში კონკრეტდება, რომ პრეზიდენტს ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება არა აქვს, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის მაისის თვიდან ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე.

პატიმართა წამების საქმეში ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბორის ფარულავამ შიმშილობა დაიწყო. როგორც ფარულავას ადვოკატი ელზა ჯმუხაძე აცხადებს, ბრალდებული გამოძიებით უკმაყოფილოა და ეკა ბესელიასა და უჩა ნანუაშვილთან შეხვედრას ითხოვს. ჯმუხაძის განცხადებით, მძიმეა ფარულავას ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ადვოკატი ამბობს, რომ მან 11 მარტს ოფიციალურად მიმართა სასჯელაღსრულების სამინისტროს, კერძო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით, თუმცა პასუხი წერილზე ამ დრომდე არ მიუღია. ადვოკატის განცხადებით, ფარულავას აქვს სხვადასხვა ინფორმაცია, რომლითაც ამ დროისთვის გამოძიება არ დაინტერესებულა.

დღეს ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. თავდაცვის ექსმინისტრის მეგობრებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა სოზარ სუბარს სპეციალური მიმართვა გაუგზავნეს და ბრალდებული ყოფილი სამართალდამცველების სხვა დაწესებულებაში გადაყვანა მოითხოვეს. მათი განცხადებით, 2013 წლის 14 მარტიდან 18 მარტის ჩათვლით გლდანის #8 დაწესებულებაში ყოფილი სამართალდამცველების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა. აქციის მონაწილეები მიმართვას საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს გადაუგზავნიან. სასჯელაღსრულების სამინისტროს რეკომენდაციით ომბუდსმენმაც მიმართა. სახალხო დამცველი ბაჩო ახალაიასა და ციხის საქმეში ბრალდებული პირებისათვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვს. დღესვე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტრომ ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ე.წ. მატროსოვის ციხის კადრებია ნაჩვენები. სამინისტროში აცხადებენ, რომ სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში, სადაც გლდანის ციხეში გადაყვანამდე ბაჩო ახალაია იმყოფებოდა, პატიმრებისათვის საცხოვრებელი პირობები არ არსებობს და იქ სარემონტო სამუშაოები უნდა დაიწყოს. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს კომენტარი სოზარ სუბარმაც გააკეთა. მინისტრი აცხადებს, რომ ბაჩო ახალაიას უსაფრთხოება დაცულია.

პარლამენტი დღეს თავდაცვის მინისტრს თითქმის ორი საათის განმავლობაში უსმენდა. ირაკლი ალასანიამ ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თავდაცვის დოქტრინისა და ანალიზის მიხედვით, საქართველო მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყოს. მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის თაობაზე დაწყებულმა მოლაპარაკებებმა სამხედრო მოქმედებების განახლების შესაძლებლობა შეამცირა. ირაკლი ალასანიამ დღეს ასევე ისაუბრა ნატო-სა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციაზე, ელიტურ კორუფციაზე და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე, რომელიც, მისი თქმით, სტრუქტურაში წლების განმავლობაში არსებობდა.

ვანო მერაბიშვილი საქართველოს მთავრობას გლეხებისთვის დარიგებული სასოფლო-სამეურნეო ბარათების განაღდებას სთავაზობს. საკუთარ ინიციატივას ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი იმ გარემოებით ხსნის, რომ გლეხები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხელისუფლების მიერ გაცემული სასოფლო-სამეურნეო ბარათებით სარგებლობას ვერ ახერხებენ. მერაბიშვილის წინადადებას მთავრობიდან ამ დროისთვის არავინ გამოხმაურებია.

დღეს გაფორმდა ხელშეკრულება აზიის განვითარების ბანკსა (ADB) და საქართველოს მთავრობას შორის 48 მლნ აშშ დოლარის შეღავათიანი სესხის გამოყოფის შესახებ. "რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის" განხორციელების მიზნით. პროექტის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება სისტემის მდგრადობა, იმედიანობა და სსე-ის ქვესადგურებში არსებული მდგომარეობა; მკვეთრად გაუმჯობესდება ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი. პროექტი ასევე, ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და ექსპორტ-ტრანზიტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

საპროტესტო აქცია კახეთში. თელავის ღვინის მუზეუმის მშენლობობაზე დასაქმებული 50-მდე მუშა კომპანია "არტესისგან" სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვს. აქციის მონაწილეების თქმით, ოქტომბრიდან კომპანიას მათ მიმართ სახელფასო დავალიანება აქვს გასასტუმრებელი. მათი თქმით, თითოეულის სახელფასო დავალიანება 1000-დან 5000 ლარამდე თანხას შედგენს. აქციის მონაწილეებმა დღეს სამუშაოები შეწყვიტეს და ისინი სახელფასო დავალიანების დაფარვამდე მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.

ივანიშვილი მარნეულში. ქვემო ქართლში ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოსახლეობამ დღეს ნოვრუზ ბაირამი აღნიშნა. მარნეულში მიმდინარე ღონისძიებებში დღეს მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც მიიღო და მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა. ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ქვემო ქართლში მთავრობის წევრებიც იმყოფებოდნენ.

მკვლელობა თბილისის ცენტრში . მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც დანით მრავლობითი ჭრილობა მისივე ნაცნობმა მიაყენა. მოკლული ყაზბეგის გამზირზე სავალუტო ჯიხურში ოპერატორად მუშაობდა. მოტივი ურთიერთშელაპარაკება გახდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

ყაჩაღობა სენაკში . ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე რამდენიმე ბოროტმოქმედი გეგენავების ოჯახში შეიჭრა. თავდამსხმელებმა ოჯახის უფროსს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ოჯახიდან ძვირფასეულობა და გარკვეული რაოდენობის თანხაა წაღებული. მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია და მას შინაგან საქმეთა სამინისტროს სენაკის პოლიციის სამმართველო იძიებს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული ბიჭიკო რ. იარაღის უკანონო შეძენა–შენახვის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული 21 მარტს თბილისში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე, ორ მეგობართან ერთად, "მერსედესის" მარკის ავტომანქანით მოძრაობდა, რომელსაც მართავდა გრიგოლ ხ. საპატრულო პოლიციამ ავტომანქანა გადასამოწმებლად გააჩერა. ამ დროს დაკავებულმა იარაღის გადამალვა სცადა, რაც პატრულის თანამშრომელმა შენიშნა. სამართალდამცველებმა ავტომანქანის დათვალიერებისას "ჩე–ზეს" სისტემის პისტოლეტი და 14 ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვის მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს იძიებს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახური.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100