სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ნიჭიერში“ ამღერებული სოსო ნარიმანიძე 17 წლის ასაკში აფხაზეთის ომშიც მღეროდა (ვიდეო)

ვისაც მიუდევნებია თვალი „რუსთავი-2“-ის პროექტ „ნიჭიერისთვის“, ალბათ, კარგად ახსოვს 36 წლის, დუშელი სოსო ნარიმანიძე, რომელმაც, ჟიურის იმდროინდელი წევრის, ვანო ჯავახიშვილის თქმით, „არასაფილარმონიე“ სიმღერა წარმოადგინა, უმრავლესობისთვის ნაცნობი ტექსტით, რომლის მისამღერი ასე ჟღერს:

„აბობოქრებულ ზღვაში გატარებ,

მე კი ვიქნები ჩამქრალი გემი,

ჩემი სიკვდილი თუ გაგახარებს,

შენ შემოგევლოს სიცოცხლე ჩემი!..“

მაშინ სოსო ნარიმანიძის სიმღერამ, მისი ბანალურობის მიუხედავად, მთელი დარბაზი აიყოლია. ჟიური და მაყურებელი სოსო ნარიმანიძის უშუალობამ, სცენაზე თავისუფალმა ქცევამაც არანაკლებ მოხიბლა, ვიდრე ამ ბანალური სიმღერის შესრულების მისეულმა ნიჭმა. მაყურებელიც და წამყვანებიც კი ერთსულოვანნი აღმოჩნდნენ - ვანო ჯავახიშვილის რეპლიკაზე, სიმღერა არასაფილარმონიეაო, წამყვანებმა რეპლიკითვე უპასუხეს: „რა ვიცი, კი ააცეკვა მთელი ფილარმონია და...“, მანამდე კი მათ სიმღერის შემსრულებელთან იცეკვეს კიდეც.

ჟიურის ერთ-ერთი წევრი, გეგა ფალავანდიშვილი სოსო ნარიმანიძის შემდეგ ეტაპზე გადასვლის წინააღმდეგი იყო, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კონკურსანტის სასარგებლოდ შეტრიალდა, როცა ვანო ჯავახიშვილის თანხმობის შემდეგ სოფო ნიჟარაძემ სოსო ნარიმანიძე მომდევნო ეტაპზე გაიყვანა. პატარა ბავშვივით გახარებული სოსო მადლობად დაიღვარა და სცენისკენ გახარებული გაიქცა...

მოგვიანებით სოციალურ ქსელებში კიდევ ერთი ვიდეორგოლი გავრცელდა, სადაც სოსო ნარიმანიძე საკუთარ სოფელში, ახლობლებს მოუწოდებს, მოკლე ტექსტური შეტყობინება მის ნომერზე გაგზავნონ: „ნომერი გამოცხადდება და ისე უნდა დააყაროთ სმს-ები, როგორც ჩუტყვავილა, რა...“ - ამბობს იგი.

ახლა კი ბოლო დეტალი, ანუ ის, რაც, შესაძლოა, ბევრმა იცის, ბევრმა არა: სოსო ნარიმანიძე, ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში, აფხაზეთში იბრძოდა. ის მოხალისედ წავიდა ომში და იქედან კონტუზიით დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ სოსო მაშინაც მღეროდა - ბრძოლებს შორის შესვენებების დროს იგი თანამებრძოლებს სიმღერით ამხნევებდა და ასვენებდა. სადღაციდან დოლიც კი უშოვეს და მღეროდა - შესაძლოა, ციდან ვარსკვლავებს ვერ კრეფდა, მაგრამ ნაომარი ბიჭები იხსენებდნენ, რომ მისი სიმღერები მათზე დადებითად მოქმედებდა. ამ ვიდეოში თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ, არის თუ არა მსგავსება 17 წლისა და 36 წლის სოსო ნარიმანიძეს შორის, ჩვენ კი ამ სტატიის გამოქვეყნებით გვინდოდა, რომ უბრალო ადამიანის უბრალო, ადამიანური პორტრეტი დაგვეხატა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100