სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ ბრაზდებიან და იძიებენ შურს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები?

ვერძი - ვერძი გააბრაზეთ? მერედა საამაყო რა არის ამაში?! ვერძის გაბრაზება ხომ მარტივზე, მარტივი საქმეა. ეს ადამიანი, ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე ფეთქებადთა რიცხვს განეკუთვნება. თუმცა, მისი გაბრაზება ძალზე ხანმოკლეა. თუ გაბრაზებულ ვერძს ნახევარი საათით მოერიდებით, როცა ისევ გამოჩნდებით ჰორიზონტზე მას გაბრაზების მიზეზიც კი აღარ ემახსოვრება. სამაგიეროდ, თქვენ გემახსოვრებათ დიდხანს, გაბრაზებულ გულზე ჭიქა რომ გამოგიქანათ, იმის შედეგად შუბლზე გაჩენილი კოპი.

კურო - კუროს გაბრაზება ძალზე ძნელი საქმეა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული, როგორც მამრები ისე მდედრები, შესაშურად მყარი ნერვული სისტემითა და მოთმინების გასაოცარი უნარით გამოირჩევიან. მაგრამ კუროს მოთმინებასაც აქვს საზღვარი, ამიტომ დადგეს შეიძლება დღე, როცა მისი მრისხანება ვულკანივით იფეთქებს. აი ამ დროს კი სასწრაფოდ აითესეთ!

ტყუპი - ბუნებით ნევროზულ და მოუსვენარ ტყუპს, ლამის დაბადებიდან ხასიათში აქვს დღეში რამდენჯერმე სცენების მოწყობა – ისე, განტვირთვისთვის. ტყუპი გასაოცარი მიმბაძველობით გამოირჩევა. ამიტომ, მისი სიბრაზეც და ცრემლებიც, როგორც წესი, ხშირ შემთხვევაში იმიტირებულია და მას მალე ავიწყდება საერთოდ რაზეა გაბრაზებული ან კი არის საერთოდ? ასე რომ, ტყუპის რისხვის ნუ შეგეშინდებათ, მათ "მოკლე მეხსიერება" აქვთ.

კირჩხიბი - აი, თუ ვინმეს განაწყენებას, სერიოზულად უნდა ერიდოთ ეს კირჩხიბია. მაგრამ ამ ადამიანებს ისეთი სათუთი ფსიქიკა და ბუტია ხასიათი აქვთ, სულ რომ ფეხის წვერებზე იცუნცულოთ მათ წინაშე, მაინც შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს, გული მოუვიდეთ რამეზე. წყენას კი ნამდვილი კიბო, ძალიან დიდხანს, შეიძლება ითქვას საშვილიშვილოდ იმახსოვრებს და გულში ინახავს. შესაბამისად, თუ დრო და მომენტი მიეცა, ოსტატურად ჩაგავლებთ თავის შურისმაძიებელ მარწუხებს.

ლომი - ლომის გაბრაზება, როგორც წესი ატომური ბომბის აფეთქებას ჰგავს, ოღონდ ყოველგვარი "გვერდითი მოვლენების" გარეშე . ლომმა როგორც წესი, მხოლოდ ღრიალი იცის დამაჯერებელი, თორემ ღრიალს იქით წყენა მალე ავიწყდება. ნუ დაგავიწყდებათ, ლომები კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლები არიან, ამიტომ ერთი ორი ტკბილი სიტყვა, მოფერება კისრის მიდამოებში და ლომი შინაურ ფისუნიად გადაიქცევა.

ქალწული - რაც შეეხება ქალწულს, ის ზოდიაქოს ერთერთი "სტაჟიანი ბოღმაა". ამასთან ერთად ცივსისხლიანი და მეთოდური. ამიტომ ნუ ეცდებით ამ მშრომელ, თავისი საქმით დაკავებულ, ადამიანს თვალში უშნოდ გაეჩხიროთ. თუ გაგაკრიტიკათ, მისი რჩევები გაითვალისწინეთ. პირიქით, მის კრიტიკას კი ნამდვილად არ გირჩევთ. თორემ, შეიძლება ერთ დღეს, თქვენ მიერ ხელმოწერილ საბუთებში, ისეთი საბედისწერო შეცდომა გაიპაროს, მთელი ცხოვრება სანანებელი გაგიხდეთ ქალწულის განაწყენება.

სასწორი - თუ ვინმეს ნაკლებად გამოსდის და ეხერხება გაბრაზება, ეს სასწორია. თუმცა, თუკი სასწორი ვინმეზე მაინც გაბრაზდა, ეს მდგომარეობა ხანგრძლივად არ გასტანს. სასწორი ხომ ზოდიაქოს მეშვიდე სახლს მართავს, რომელიც თავის მხრივ, პარტნიორობაზე აგებს პასუხს. აქედან გამომდინარე, "გაბუტულის" როლში ყოფნა, არც ერთ სასწორს არ ეხერხება დიდად. ამასთან ერთად, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს მრისხანების მომენტშიც კი სახის მშვიდი გამომეტყველება აქვთ შენარჩუნებული. სილამაზისა და ჰარმონიის მფარველი პლანეტა ვენერას შვილებს, სძულთ ყველანაირი უხეშობა, აყალმაყალი და ჩხუბი, ამიტომ შეეცადეთ მათთან დავა დიპლომატიური გზით მოაგვაროთ.


მორიელი - თუ ვინმეს გაბრაზებას და მით უმეტეს გადამტერებას მაქსიმალურად უნდა ერიდოთ, ეს უდაოდ მორიელია. მერე რა, რომ თქვენ თავხედურ გამოხდომებსა და ხმის აწეულ ტონს საოცარი სიმშვიდით ხვდება; ეს მხოლოდ ნიღაბია. მის იქით თქვენთვის გამზადებული ეშაფოტის კონსტრუქცია შენდება მორიელის შურისმაძიებელ გონებაში. მისი შურისძიება კი მერწმუნეთ, დიდი ხნის შემდეგაც ეფექტურად დაგეწევათ ცხოვრების გზაზე, თანაც ყველაზე არასასურველ დროს და ადგილას. შურისძიება ხომ ისეთი კერძია, რომელიც ცივად უნდა მიირთვა, ეს წესი მორიელებს კარგად აქვთ შესისხლხორცებული.

მშვილდოსანი - მშვილდოსნის გაბრაზება კი საახალწლოდ ჰაერში გაშვებულ ფეიერვერკს წააგავს. ახტება-დახტება-გადახტება, ახმაურდება, აფეთქდება, იხტუნებს ერთხანს და მერე ნელ ნელა მოუკლებს ტემპს. მანამ სანამ საბოლოოდ არ გადაავიწყდება რაზე გაგიბრაზდათ. თუმცა, სანამ ბრაზობს უმჯობესია ბასრი, მჭრელი და ბლაგვი საგნები მოარიდოთ. მაინც ცეცხლის სტიქიაა, რა იცი რა წამოუვლის თავში?

თხის რქა - თხის რქა სოლიდურობის განსახიერებაა და ამიტომ გაბრაზებაც სოლიდური და გრაციოზული იცის. თუმცა, ზოგადად მისი წყობიდან გამოყვანა საკმაოდ რთული საქმეა. ის უბრალოდ ძალზე ჯიუტია საიმისოდ, რომ თქვენ ხრიკებზე წამოაგოთ და გააბრაზოთ. მაგრამ, თუ მაინც გააბრაზეთ, აჯობებს სამსახურში ბარგის ჩალაგება დაიწყოთ. თქვენზე განაწყენებული თხის რქა, აუცილებლად ეცდება რეპუტაცია შეგილახოთ კორპორატიული კუთხით, თანაც ისე ოსტატურად, რომ ვერაფერში დაადანაშაულებთ. ამიტომ აჯობებს სხვა სამუშაო ეძებოთ ან თხის რქას გულწრფელი ბოდიში მოუხადოთ.

მერწყული - მერწყული და გაბრაზება? რას ამბობთ, ამ ადამიანის გაბრაზება ხომ ფაქტობრივად შეუძლებელია. ისინი, უფრო იქეთ უშლიან ნერვებს სხვას. ხოლო საკუთარი ნერვები კი ამის ხარჯზე მშვენიერ ფორმაში აქვთ. მერწყული ბუნებით ჰუმანისტია, ამიტომ მისი გაბრაზება რთულზე რთული საქმეა. თუ მაინც გააბრაზეთ, გულში ბოღმას არ ჩაიდებს, ყველაფერს გლობალური დათბობით გამოწვეულ, მაგნიტურ ქარიშხალს მიაწერს და თქვენ მიმართ მალე ისევ მეგობრულად განწყობილი გამოგეცხადებათ.

თევზები - მინდა გითხრათ, რომ ცნობილი გამოთქმა, "თევზივით პირში წყალი ჩაიგუბაო", ზოდიაქოს ნიშნით თევზებს ნამდვილად არ ეხებათ. ამ ადამიანებმა ჩუმი, მაგრამ ძალიან საშიში და მზაკვრული გაბრაზება იციან. ჰოდა, ამ თავისი თევზურად წყალჩაგუბებული პირით, მშვენივრად შეუძლიათ თქვენს წინააღმდეგ დიდზე დიდი, შავი პიარი ააგორონ. თანაც ისე, რომ რეალურ დამნაშავეს ხანგრძლივი დროის მანძილზე ვერ ამოიცნობთ. ჰოდა ღირს კი მათი წყენინება?

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100