სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უცხოტომელები საქართველოს სამსახურში

სურათზე, რომელიც ამ წერილს თან ახლავს, სამი პოეტის პორტრეტია გამოსახული. მათი ვინაობა, შესაძლოა, დღევანდელმა მკითხველმა იოლად ვერ ამოიცნოს. მაგრამ ისინი თავისი დროის - XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისის - ლიტერატურულ ცხოვრებაში საკმაოდ კარგად არიან ცნობილნი. გარდა იმისა, რომ თანამედროვეები იყვნენ, მათ ერთმანეთთან აერთიანებს კიდევ ის ნიშანი, რომ ტომით არაქართველები, ილიასა და აკაკის პატრიოტულ გზნებას მამულიშვილური შემართებით ედგნენ გვერდში.

საქართველოში გადმოსახლებული პოლონელი პოლიტემიგრანტის ვაჟი, გრიგოლ ვოლსკი (ლიტერატურული ფსევდონიმი „უმწიფარიძე“) საქართველოს თავდაუზოგავი პატრიოტი იყო, რომელიც თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით საქართველოს ღირსეული შვილების გვერდით იდგა სამშობლოს ჭირისა და ლხინის მოზიარედ. დავით კლდიაშვილთან და ივანე მესხთან ერთად მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის აჭარის დედა საქართველოსთან სულიერად და კულტურულად შემომტკიცებისათვის - ბათუმში ააშენა ქართული სკოლა; დიდი ღვაწლი დასდო ვაჟთა გიმნაზიის და ქალთა პროგიმნაზიის დაარსებას; პროფესიით ექიმმა, თავისი ინიციატივით გახსნა საავადმყოფო. ვოლსკის შემოქმედებას წითელ ზოლად გასდევს მოწოდება საქართველოს უკეთესი მერმისისაკენ. ნიშანდობლივია, რომ მის ლექსებს ხშირად ემჩნეოდა ცენზორის ხელი და ქვემოთ მოყვანილ ლექსშიც ბოლო სტროფი მთლიანად ამოღებულია ცენზორის მიერ. ხოლო, ვინც ასე თუ ისე ჩახედულია მეფის რუსეთის მფლობელობაში მყოფ საქართველოს ლიტერატურულ ცხოვრებაში, ცხადია, კარგად უწყის, რომ ცენზურა მხოლოდ ეროვნული თავისუფლებისკენ მოწოდებას ერჩოდა ხოლმე.

ვიქტორ იურკევიჩს, რომელიც „რუს-იმერელის“ ფსევდონიმით წერდა, თავისი რუსული წარმომავლობის მიხედვით, სხვაზე უკეთ ჰქონდა გაცნობიერებული რუსეთის მოძალადეობრივი როლი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და მრავალრიცხოვან ლექსებში იგავსიტყვიერად მოუწოდებდა საქართველოს ძალების მოსაკრებად, გოლიათის დასამარცხებლად. ამისათვის ის ხან სხვა ქართველი პოეტების დარად მითიურ ამირანს უხმობდა ერის გადასარჩენად ( „ამირანის ხმა მეც მესმა,/რომ იმღერდა გრგვინვა-ჭექით:/ მტარვალებო, მომეცალეთ,/ გზა მომეცით, ჩამოდექით“) და ხან დატყვევებული ლომის ალეგორიული სახით წარმოდგენილ საქართველოს შეასახელებდა ოდინდელი ძალმოსილების აღსადგენად: („აიშვას დატყვევებულმა,/ ისა ქნას, რისაც მდომია/ და აგრძნობინოს თვის დამბმელს,/ რომ ლომი მუდამ ლომია!“).

„ჰაზირას“ სახელით ცნობილი სომეხი აბრამ აბრამოვი ხალხში იმდენად პოპულარული იყო, რომ თეატრებში ანტრაქტების დროს მისი დასტა უკრავდა. მაყურებელი თეატრში არა სპექტაკლების სანახავად, არამედ მისი მუსიკის მოსასმენად დადიოდა. როგორც იოსებ გრიშაშვილი წერს, „ ჰაზირა თავისი ტფილისური ტემპერამენტით ფანტასტიური ფიგურაა უთუოდ, „ მრავალი კოკა წყალი ჩაივლის ავლაბრის ხიდ-ქვეშ“ და ტფილისს ჰაზირასთანა აშუღი აღარ ეყოლება“. მაგრამ მთავარი ჰაზირას შემოქმედებაში მაინც ის იყო, რომ იგი ვერ ურიგდებოდა მეფის რუსეთისაგან ქართველი ხალხის ნების შეზღუდვას. საქართველოს თავისუფლების ხმამაღალი მოთხოვნისათვის აშუღი ციხეში ჩასვეს. ამ დროს კი მისი შეგირდები დადიოდნენ საქართველოში და მასწავლებლის სიმღერად თქმულ მოწოდებას ავრცელებდენ: "აღზდექ, თამარ დედოფალო, შენთვის ტირის საქართველო"!

ქვემოთ გთავაზობთ გრიგოლ ვოლსკის, ვიქტორ იურკევიჩისა და აბრამ აბრამოვის ეროვნული თავისუფლებისაკენ მოწოდების ნიშნით აღბეჭდილ თითო ლექსს. დღეს, როდესაც არაერთი ქართველი სასწორზე აგდებს სამშობლოს ბედისწერას და მსოფლიო რუკაზე მის ყოფნა-არყოფნის საკითხს, როდესაც არად მიიჩნევს სამშობლოს ეროვნული თავისუფლების სადარაჯოზე დგომის აუცილებლობას, ვფიქრობთ, განსაკუთრებულად საგულისხმო უნდა იყოს მათთვის უცხოტომელთა მიერ ქართული პატრიოტიზმით აღსავსე ლექსების გაცნობა. იქნებ მათი დახმარებით მაინც გაიცნობიერონ, რომ თუკი ქართულ მიწაზე დაბადებული სხვა ეროვნების ადამიანი ასე დასტირის დამოუკიდებლობადაკარგული ქვეყნის უნუგეშო ყოფას, რამდენად მძიმე უნდა იყოს იგივე მდგომარეობა მათთვის, ვისი წინაპრების სისხლითაც არის გაჟღენთილი ეს მიწა სწორედ ამ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვაში!

გრიგოლ ვოლსკის ლექსს “ივერიის“ 1881 წლის №7-დან გთავაზობთ, სადაც მას ბოლოში აქვს მინაწერი: „ამ ლექსის უკანასკნელი სტროფი ცენზორის მიერ არის ამოშლილი“ , ვიქტორ იურკევიჩის ლექსი მისი ხელნაწერების საარქივო მასალებიდან მოვიპოვეთ, ხოლო აბრამ აბრამოვის ლექსი კი 1903 წელს გამოცემული პოეტური კრებულიდან არის გადმოღებული.

გრიგოლ ვოლსკი

* * *

მე იქ შევზრდილვარ, იმ ტურფა მხარეს,

სად სჩქეფს რიონი ამპარტავანი,

რასაც ის დამღერს ნაპირს მძინარეს,

იმას მოვძახო, მსურს მე დღეს, ბანი.

მიყვარდა ხოლმე მის ჩქარ ზვირთების

ზაფხულის ღამეს ალერსი ტკბილი,

მაგრამ ალერსი შვილისა მთების

იყო მდუმარი მოთქმა-ტირილი.

იგი დასტირის ობოლს ერთობას, -

ვაჟ-კაცთ ზნეაო ეხლა გამქრალი,

და გვევედრება მაღალსა ძმობას,

თუ გვწადს, რომ გვქონდეს ჩვენ მომავალი.

ძმად მიმაჩნიხართ, ძმებო, თქვენ მისთვის,

რომ სისხლს გვიდუღებს ერთი წადილი,

ერთი გვწადს მრწამსი ქართველისათვის -

თავისუფლება ანუ სიკვდილი!

ძმები ვართ, მაშ რა, თუ გვიძგერს გული,

ზენა გრძნობისთვის ღია, გაშლილი,

თუ ლხინშიც გვახსოვს ბედი წარსული

და გვესმის ცხარე აწმყოს ტკივილი.

თუ ვგრძნობთ, რომ ჩვენთვის წუთისოფელი

ტახტი როდია ვარდ-მოფენილი,

თუმც ვიცით ლხინი, ანდერძი ძველი -

განცხრომა გვძულდეს, იყოს დევნილი!

ვიქტორ იურკევიჩი

* **

ბორკილებით ხელ-ფეხშეკრულს

მიწუნებენ, რაცა მქვიან,

და თაყვანის მცემელს ჯვრისას

სჯულის შეცვლას მექადიან!

მაგრამ ენა დაბმული მაქვს,

ვერ გამოვთქვამ შიშით სურვილს,

წყლის პირს ვდგევარ პირგამშრალი,

ვერ ვსვამ, ისე ვიკლავ წყურვილს.

წყურვილისგან ძალმიხდილი

ვიხრჩობი და კიდეც მშიან,

ვით გასმინოთ საჩივარი,

პირში დიდი ბურთი მჩრიან.

მე ამ წრეში ჩამაყენა

უსამართლო მეზობელმან,

ლამის კიდეც გადამყლაპოს,

ისე, როგორც კრავი მგელმან.

დავიჯერო, ეს გულ-ცივად

ჩემმა შვილმა მოითმინოს?

და დაცემულს აღსადგენად

იმედით არ გამიცინოს?

დავიჯერო, დედა ღვთისა

ნუგეშად არ მომევლინოს?

მისგან რჩეულს, დღეს დაცემულს,

სხივი თვისი არ მომფინოს?

აბრამ აბრამოვი

საქართველოს გზაზე დამიდგა ცხენი

საქართველოს გზაზე დამიდგა ცხენი,

არ ვიცი, რად გაწყრა ჩემი გამჩენი,

მაშინ ვთქვი თუ, საქმე წამხდარა ჩვენი.

მას შემდეგ თვალთაგან მდის ცრემლის ღვარი,

ვიღა გვყავს, ვინ დასცეს მტერსა თავზარი,

სადღა გვყავს დავითი, დიდი თამარი!..

საქართველოს გზაზე მთა და ველია,

იმის სიმაგრენი - ციხე ძველია,

არ თუ დანგრეულა, არ თუ მცველია.

კახეთის ვეშაპნი და ქართლის გმირნი,

თუშ-ფშავ-ხევსურნი - სად არს ის პირნი,

სვან-მეგრელ-გურია, მათთან იმერნი.

მღელვარ ზღვაში ვარ და ვეძებ სათავეს,

ვეხვეწები მეხომალდეს, მენავეს,

ზვირთებმა დამტანჯეს, დამიმონავეს.

ჰაზირა ელის, რომ გაგვეღოს კარი,

ჩვენ დაგვეცა ქვეყნის მეხი მედგარი,

ველით, რომ წამოდგეს ცხენი დამდგარი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100