სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთი ლექსით თქმული სათქმელი: აკაკი შანიძის „ქართული ეროვნული ჰიმნი“

ამჯერად ამ რუბრიკით „დრონი.ჯი“ აკაკი შანიძის ერთ ლექსს „საქართველოს ეროვნული ჰიმნი (ალიფაშას ხმაზე)“ წარმოგიდგენთ.

აბა, ფხიზლად, ქართველებო!

მივყვეთ მამა-პაპათ კვალსა!

წარსულს გრძნობით ვიგონებდეთ,

ჩავუფიქრდეთ მომავალსა!

ცალი თვალი პონტოსაკენ,

ნუ ვაშორებთ გურგენს ცალსა!

ყური ვუგდოთ გურჯი-ბოღაზს

და ნუ ვაღებთ დარიალსა!

მოსწონდათ და ახლაც მოსწონთ ჩვენი ქვეყნის მთა და ველი,

მზით დამწვარი ჰიჯაზელი, გაყინული ჩრდილოელი,

სპარსი, თურქი, ლეკ-მონღოლი, ბერძენი თუ რომაელი,

ყველა ჩვენსკენ ისწრაფოდა, ყველა, მაშრიყ-მაღრიბელი.

იყო დრო, რომ მმართველობა, სამართალი გვქონდა სხვისი.

ბაღდადსა და ყარაყორუმს გზები გვედო ათას დღისი.

მტრისგან ბევრჯერ დარბეულა ტიფლისი და ქუთაისი,

იმედს მაინც არ ვკარგავდით, სული გვახლდა შოთაისი.

სად არ დგმულა ჩვენი ფეხი, სისხლი სად არ დაგვიღვრია?

ერანს, თურანს, ავღანისტანს - ყველგან ჩვენი ძვლები ჰყრია.

ფიცხელ ომში გახურებულთ ევფრატ-დიჯლა დაგვიშვრია

ჩვენის სისხლით შეღებილი ვისლა დღესაც არის მღვრია.

ოთხი დიდი სახელმწიფო მოგვიჭამ-გაგვიცვეთია,

სადღა არი ძველი რომი ან ძლიერი სპარსეთია?

არაბების ძლიერება, ამბობენ, დღეს ზღვის წვეთია,

და ვის ახსოვს მონღოლები? სხვების ბედიც ეგეთია!

სამი ათას წელზე მეტი გვიცხოვრია, როგორც ერსა,

მრავალ შავ დღეს მოვსწრებივართ, მაგრამ ბევრსა ბედნიერსა,

უსიკვდილოდ არვის ვუთმობთ ჩვენს სამშობლოს მშვენიერსა.

სანამ იდენს ალაზანი, ჭოროხი და რიონ-მტკვარი,

სანამ თავზე მცველად გვადგას ცივ-გომბორი, ლიხ-მყინვარი,

არ მომკვდარა, არც მოკვდება, საქართველო მოცინარი,

მეტად აღარ შემცირდება მისი სივრცე, მისი მზღვარი.

აბა, ფხიზლად, ქართველებო! მივყვეთ მამა-პაპათ კვალსა!

წარსულს გრძნობით ვიგონებდეთ, ჩავუფიქრდეთ მომავალსა!

ცალი თვალი პონტოსაკენ, ნუ ვაშორებთ გურგენს ცალსა!

ყური ვუგდოთ გურჯი-ბოღაზს და ნუ ვაღებთ დარიალსა!

აკაკი შანიძე, 5 დეკემბერი 1917 წელი, დედაქალაქი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100