ერთი ლექსით თქმული სათქმელი: „ვაი, ჩვენს პატრონს!..“

დავდივარ, როგორც დადიოდა ჩემამდე ბევრი,

ჩემს თავზეც ბრუნავს ხან დოლაბი და ხანაც კევრი,

ვხედავ – რეგვენი ლაპარაკობს ამაყად, მძიმედ

და მე შენ გეტყვი – უბატონოდ ხმას გასცემს ვინმე.

კაცი თუ ქალი, ეჯიბრება იმაში ურთერთს

სიტყვის და საქმის დაცილებას ვინ შესძლებს უკეთ;

გზადაგზა მხვდება კმაყოფილი სიფათი რეგვნის,

ფოთლებს უწვდიან ლამაზმანებს ამაოდ ლეღვნი...

დროდადრო მესმის უხერხული ხალხური ლექსი:

ვჭამოთო კარგად, არაფერი შეგვრჩება მეტი!

ვაი, ჩვენს პატრონს! ჩვენი ყოფის თავი და ბოლო

ჭამა და საჭმლის მონელება თუ არის მხოლოდ!

მუხრან მაჭავარიანი

კომენტარი