სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მუხრან მაჭავარიანი: ეს გზა, მეც ვიცი, საითკენ მიდის...

დიდ ქართველ პოეტს, მუხრან მაჭავარიანს დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილებენ. პოეტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ქართველი ხალხი დიდ პოეტს ემშვიდობება.

მუხრან მაჭავარიანი 17 მაისს, რუსთაველის სცენაზე, პოეტ ფრიდონ ხალვაშის საიუბილეო საღამოსადმი მიძღვნილი სიტყვის წარმოთქმისას გარდაიცვალა. იგი 81 წლის იყო. მუხრან მაჭავარიანი საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში, 1929 წლის 12 აპრილს დაიბადა.

დიდი პოეტის სულის მოსახსენიებლად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მისი უწმინდესობა ილია მეორე ილოცებს. პოეტს მთაწმინდის პანთეონში სამოქალაქო პანაშვიდის დასრულების შემდეგ გადაასვენებენ და დიდი ნიკო ნიკოლაძის გვერდით დაკრძალავენ.
შენ სისხლო ჩემო
შენ – სისხლო ჩემო – სად არ დაღვრილო...
შენ – სად არ გხვრეპდა შავი ყორანი.
ვინ გაგაკვირვოს, რამ გაგაკვირვოს, -
ნადიდგორალი, ნაშამქორალი.
შენ – სისხლო ჩემო – შენი ღვაწლია,
რამაც აქამდე კი მოაღწია:
სვეტიცხოველი... ხანძთა... ვარძია და ისიც, -
რაც მტერს წარუტაცნია...
შენ – სისხლო ჩემო – შენი დინება
ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია...
სიტყვა, რომელიც გეჩოთირება, ვცდილობ, -
გაშორო, რაც შემიძლია...
შენ – სისხლო ჩემო – სისხლო ხნიერო,
დაუცხრომელო და უცნაურო...
საბედნიეროდ, საბედნიეროდ, -
ჰაი, ჰაი, რომ კიდევ ხმაურობ!
რაც სურდა საბას

თუ მსურდეს სხვა რამ, _
ღმერთმა დამლახვროს!
მსურს მხოლოდ იგი, _
რაც საბას სურდა:
კაცმა ქართველმა, _
მსურს, _
ქართულად ილაპარაკოს
და საქართველოს -
საქართველო, _
მსურს, -
ერქვას მუდამ!
ღმერთმა ქართული, _
აწ და მარად, -
აკურთხოს მიწა!
სვის ჩარხმა მისმა
აწი მაინც იბრუნოს წაღმა! -
და ყველას, -
ჰქვია ქართველი ვისაც, -
მსურს, -
სურდეს იგი, -
რაც სურდა საბას!
ჩემი ეპიტაფია

წასაწერი საფლავის ქვის ორივე მხარეზე:
(ქვედაზეც, ზედაზეც, -
მკვდარმაც რომ წაიკითხოს და ცოცხალმაც)
შენი არ იყოს, - ჩემო ირაკლი! -
ვერ ვიდევგმირე! - ვერ ვიწინაპრე! -
ჭირმა ჩემმა და ჩემმა სილაღემ! -
მამულმა შენებრ შემიწირა მე.
ეს გზა...
ეს გზა, მეც ვიცი, საითკენ მიდის...
გაივლის ქარელს...
გაივლის შინდისს...
ხან ხიდზე გადის,
ხან მიდის მინდვრით...
ეს გზა, მე ვიცი, საითკენ მიდის...
შენ გზა მითხარი,
ის გზა, რომელიც...
ეს გზა, მეც ვიცი, საითკენ მიდის...


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100