სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სერიიდან: “სიტყვითნახატები"

ეს ძალიან ძველი, ოცდაშვიდი წლის წინანდელი და თანაც, გუდამაყრული ამბავია.

გოდერძი ჩოხელის პირველი წიგნი რომ გამოვიდა 1980 წელს – “წერილი ნაძვებს”, მაშინ უნივერსიტეტში ვაბარებდი და მისაღები გამოცდებისთვის მზადების ნაცვლად, ამ წიგნს ვკითხულობდი ხოლმე. მშველოდა, რომ იცოდე, თორემ აბა, ისე როგორ მოვხვდებოდი გეოლოგიურზე.

სტუდენტი რომ გავხდი, კიდევ ვკითხულობდი ხოლმე იმ წიგნს – ბერის და ჯღუნას, კოფიას და მწარიას, აბაიდუ აბაიდა დურხანისა და ვარდისფერ კაც ამბროსუკუნას, გამიხარდაის თუ ბუთულას ამბებს.

მარტო მე კი არ ვუკირკიტებდი, ლიტერატურის სხვა მოტრფიალეებსაც გავაცანი და დაგვქონდა ის წიგნი, ვკითხულობდით და დავხაროდით ზედ. ეს რა ნიჭიერი, ეს როგორი საკვირველი მწერალი მოვიდა. როგორ თავისებურად ხედავდა იმ თავის ბინდისფერ ხეობას. აკი ეს წუთისოფელიც ბინდისფერია ხალხურ ნამღერში, უფრო და უფრო რომ ბინდდება, და იმისი ხეობაც ეგეთი იყო. ხან რა საყვარლები, ზოგჯერ რა აუტანლები იყვნენ იმის ხეობელები, გულგრილს რომ არ დაგტოვებდნენ არაფრით…

ჰოდა, ერთ დღესაც, უნივერსიტეტის წინ რომ ვიდექით, – მაშინდელი უნივერსიტეტის წინ დგომა დღევანდელი ტყუილად დგომა არ გეგონოს, დედუფალო, ჩვენ თუ მაშინ პარტისტორიის ან დიამატის ლექციებიდან გამოვიპარებოდით, ჩვენნაირებს მოვნახავდით ხოლმე და წიგნებზეც ვლაპარაკობდით, მწერლებზეც და ცხოვრებაზეც – ეს ყველაფერი ერთი და იგივე გვეგონა.

ვინ და ვინ ვიყავით და, -

ნოდარ ბერიკაშვილი – ფილოლოგი, ლექსებსა წერდა, უფრო კი მოიპოვებდა ხოლმე აკრძალულ ნაწარმოებებს და გრიგოლ რობაქიძეს ზეპირად გეტყოდა.

ანა-მარია ხომ უკვე იცი, ვიამბე იმაზე, მინიატურებს რომ მაწერინებს თბილისზე. მაშინ თავადაც წერდა ლექსებს. კარგ ლექსებს. ოღონდ მერე გაჩერდა. არ გამოაქვეყნა არსად. თუ რატომ – ამაზე თავისი ახსნა აქვს…

კიდევ ვინ იყო?

მალხაზ გველუკაშვილი – ისიც ზედაკურსელი გეოლოგი და მთელი ფილოსოფიის დღედაღამ მჩხრეკელი და დამსწავლელი.

მარიკა ბაქრაძე – აღმოსავლეთმცოდნე თურქულის განხრით, აღმოსავლელი პოეტების ლექსებს თარგმნიდა. ახლა ამერიკაშია მარიკა, მაგრამ აქ თავისი ძმისშვილი, ეკა ბაქრაძე დაგვიტოვა. ეკა ბაქრაძე კიდევ – ხომ იცი, რა კარგი პოეტია.

და თამრიკო მოლაშვილი – ქიმიკოსი, მაგრამ დიდი მოყვარული მწერლობისა და ისეთი გულსათნო, იმ ცივ ზამთარს რომ თხელი პერანგით მნახა რამდენჯერმე, მიხვდა, არ მქონდა, თავად ეყიდა მუქლურჯი ბაწარი და ისეთი ჯემპრი დამიქსოვა, მთელი სტუდენტობა აღარ გამიხდია შემოდგომიდან გაზაფხულამდის – სულ ერთ ფერში იყო და მიყვარდა ძალიან.

აი, ესენი ვიდექით და ვამბობდით, – აუუუ, რა ლამაზი შემოდგომა მოვიდაო, აფსუს, რა იქნება ახლა მთაშიო. როგორ დააფარდაგებდა ფერდობებსაო.

რომელ მთაშიო?

როგორ თუ რომელშიო? – უკვირდა ანა-მარიას, – გოდერძის ბინდისფერ ხეობაშიო.

ჯღუნა და ბერი, ჯღუნა და ბერი მიყვარან ძალიანო! – მარიკა იცინოდა.

მერე აბაიდუ აბაიდა დურხანი როგორიაო? – კითხულობდა ნოდარი, – გამიხარდაი და ბუთულაიო?

“საზიარო ყვავი”, – აი, რომელი მიყვარს, აი, რომელი-მეთქი, – მე ვიძახდი.

ვარდისფერი კაცი როა, ამბროსუკუნა – აი, ის არის, თუ არისო, – ამბობდა თამარი.

ფილოსოფიურად ვაჟას ფუნდამენტზე დგასო, – დაასკვნიდა მალხაზი, – მაგრამ ვნახოთ მერეო.

ფუნდამენტი კი არაო, – ეცინებოდა ანა-მარიას მალხაზის სიტყვებზე და სულ კისკისით სწელავდა ხმოვნებსა, – აიიი, მისმინე შენაააო:

“- ფრთხილად იარე, ძობანავ,

მანდ ცუდ გზებია ზოგგანა”".

და მერე ხმას შეიცვლიდა, – აქაოდა, ახლა ის ძობანა ეპასუხებაო:

“- რაღა ჩონდ არი ცუდ გზები,

ამ გზებზე დადის ქოყანა”".

დადის და იაროსო, – სწყინდა მალხაზს, – და მე ძობანა არა ვარო!

კარგი, შენ არა ხარ და ნუ ხარ, მე ვიქნები-მეთქი.

არაო, – ანა-მარია მომიგებდა, – შენ ვეღარ იქნები ძობანა, შენაო, ჰემინგუეის ნაცილი შთამომავალი ხარო.

ჰაი, შე ნაცილო და მაცილო ოხერ-ტიალოო, – მხარზე ხელს გადამხვევდა ნოდარი, – ის ძობანა მე ვიქნები მაშინო.

შენ კი, შეიძლებაო, – ნებას დართავდა თამრიკო.

ჯღუნა და ბერი იყავით, ჯღუნა და ბერიო, – ეცინებოდა მარიკას, – და მალხაზი კიდევ ამბროსუკუნა უნდა იყოსო.

ჰაი, თქვე გუდამაყრელო დედაკაცებოო! – დასძახებდა ნოდარი, – აბაო, ჰემინგუეის ნაცილო, შენ რომ სიმთვრალეში იცი, ის ლექსი შაგვმღერნეო.

და მეც შავმღერნებდი:

“ვაიმე, ხინკალო, ხინკალო,

მემრე მარწყვასთან წოლაო,

ხელ-ფეხთ არ დაყენებაო,

გათენებამდი ბრძოლაო!”"

და ცალ წარბს ზეაიწკეპდა ღიმილის დამმლავი ნოდარი:

“ჰემინგუეის ნაცილი

გაიმხდარხარ ჩემი მაცილი.

ის ხინკლები სუ ჩემია,

მარწყვას პილპილებ დაყრილი!”"-ო.

ჰაი გიდი, თქვენ კი გენაცვალეთო, – უხაროდა ანა-მარიას, – ამ შაბათ-კვირებზე ბინდისფერ ხეობაში მივდივართო. ისე მიყვარან ჯღუნა და ბერი, ისე მიყვარან, რომ იქ უნდა ავიდეთო და იმათ უნდა მოვეფეროო.

როგორ ავიდეთ, იქ არავის ვიცნობთო? – უკვირდა მალხაზს.

და ანა-მარია ეუბნებოდა, – მე უკვე გავიცანი და ველაპარაკე, ჩოხში გველოდება გოდერძი ჩოხელი ამ შაბათ-კვირასო.

ვაჰ!

აბა, ჩვენ თბილისში როგორღა დავრჩებოდით, თუკი გოდერძი გველოდებოდა იმ თავის ბინდისფერ ხეობაში?

ჰოდა, იმ შაბათს დილაადრიან ავკრიფეთ ჩვენი ბარგი-ბარხანა, დავსხედით დიდუბეში ჩამომდგარ ავტობუსში და სულ ხუმრობა-ხუმრობით ავაღწიეთ ჟინვალამდე, ჟინვალზემოთ აღარ მიდიოდა და ჩვენც საბარგო მანქანის ძარით ვიმგზავრეთ იქამდე, სადაც შავი არაგვი მთიულეთისას ერთვოდა.

გუდამაყრის მიდამოს აღწერაში მე რომ ძალიან მოვიკოჭლებდე, არ გაიკვირვო, აკი თავიდანვე გაგაფრთხილე, რამდენი ხნის წინათაც მოხდა ეს ამბავი და იქაურობა კარგად აღარ მახსოვს… ესეც არ იყოს, აბა, თავად გოდერძიზე უკეთ ვინ დახატავს იქაურობას და სად რაც საჭირო იქნება, სულ გოდერძის აღწერილობებს მოვიყვან.

აი, ამ ალაგს როგორ ხატავს თავად გოდერძი:

“იქ, სადაც ოთხი ხეობა ერთმანეთს ეყრება, დიდი კლდე დგას. ლურჯი, მკერდშეწეული და წვერწამოხრილი. ხოსროკლდე ჰქვია.

კლდის ქვემოთ ამღვრეული მდინარე მიჰქუხს, ზემოთ მხარკვერიანი არწივები დაბოინობენ, ცისა და მიწის შესაყარია ხოსროკლდე. ზვიადია და ყველა რიდით შეჰყურებს” (“ნაწილიანი”).

ჩამოვქვეითდით იმ სატვირთო მანქანიდან და ფეხით შევუყევით შავი არაგვის ხეობას.

მივდიოდით და მიგვიხაროდა, – ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, თავად გოდერძი გველოდებოდა ჩოხში და სტუმარი ხომ ბინდისფერ ხეობაში ყოველთვის ღვთისაა.

ეს ხუმრობები და ლექსები, გზაში რომ ვამბობდით, სულ მთისა იყო – მთაში რომ მიდიხარ, იქაურები თუ არ იცი, ტყუილად მიდიხარ და რასაც იქ წაიღებ, იმასვე ჩამოიტან უკან.

“აი, ეგრე!” – როგორც თავად გოდერძიმ იცოდა ხოლმე.

მივდიოდით და მივუყვებოდით აღმა შავი არაგვის ხეობას.

ფერდობებზე რომ ტყე იყო, ზოგგან გასწითლებოდა ფოთლები, ზოგგან გაჰყვითლებოდა და სიმწვანეც ხომ შერჩენოდა ალაგ-ალაგ – ფერების კარნავალით გვხვდებოდა ბინდისფერი ხეობის ტყე და ლამაზად დაქარგულ ფარდაგსა ჰგავდა. ხეობა კიდევ ხომ შავი არაგვის ჩქაფუნ-შხუილ-ჩხრიალსა და ცხვრის ფარასავით თეთრად გადაშლილ რიყის ქვას აევსო.

მივდიოდით და მიგვიხაროდა.

ეს გადარეული არაგვიც გაგვიხდა რამდენიმე ადგილას გასატოპი ხელში ატატებული გოგონებიანად. უტრანსპორტობას უჩვევნი მალეც დაგვეღალნენ.

მერე სიგარეტი დაუსველდა ნოდარს და კინაღამ მეჩხუბა, – ახლავე მომეცი ზურგჩანთიდან ახალი კოლოფიო. მოკლედ, არა ვტყდებოდით, თორემ ბიჭებიც გვარიანად ვიყავით უკვე დაღლილები.

ათნოხამდე მივედით.

მერე ქაქეენთი,

ვანისკარი,

და ბოლოს ჩოხიც იქნებოდა? – თუკი ზემო ჩოხის წმინდა გიორგიც გადმოგვხედავდა წყალობის თვალით…

ჰო, ჩოხამდე უნდა მივსულიყავით, ჩოხამდე უნდა მიგვეღწია როგორმე.

და დაჯდა ერთ ლოდზე თამრიკო – მე აღარ წამოვალო! მეტი აღარ შემიძლიაო!

მოუჯდა მარიკა იქვე და – აღარც მე მოვდივარო!

რატომო?

და, – გვატყუებს ანა-მარია, სულაც არ იცნობს გოდერძისო!

როგორ არ ვიცნობო! – ამშვიდებდათ ანა-მარია, – ხინკალსაც დაგვახვედრებს გოდერძი და მარწყვაები კიდევ ხომ თქვენა გვყავხართო.

ადექით, ადექით, ყვაილებოო! – ეხვეწებოდნენ ნოდარიც და მალხაზიც, – თორემ საღამოვდება უკვე და დაგვიღამდება აქაო.

ძლივს წამოვიყვანეთ.

აესე წვალებ-წვალებით ავაღწიეთ ჩოხამდე და მადლობა ვუთხარი გულში ჩოხის წმინდა გიორგის, რომ მშვიდობიანად მოგვიყვანა აქამდე.

აი, როგორ გვიამბობს თავად გოდერძი ჩოხზე:

“გამოღმა სოფელი ჩოხია, გაღმით საკიდობნაის ხევი. შუაში შავი არაგვი მოდის.

ხეობა ვიწროა, გაღმიდან რომ მგელმა დაიყმუვლოს, გამოღმა სოფელში კაცს გული აუფორიაქდება, იმიტომ, რომ მგელს ცივი და გამყინავი ხმა აქვს.

ხოდა, ყმუის მგელი. სამი დღეა, განუწყვეტლივ ყმუის.

მთასა და მთას შორის შავი არაგვი მოდის” (“მგელი”).

ეს მოკლედ, და აი, ქვემოთ ნახე, გრძლადაც დაგიძებნე:

“ერთი პატარა, ხელისგულისოდენაღა დარჩა სოფელი ჩოხი, ერთ დროს მდიდარი სახნავ-სათესით, ცხვრითა და ძროხით, სოფელში მომსვლელი სტუმრით, ქორწილებით, ხატობებით და რაც მთავარია, ქალით და კაცით, ბალღებითა და მოხუცებით, სოფლის ხეხილზე შემომსხდარი ნაირ-ნაირი მოჟღურტულე ფრინველებით.

ეხლა კი, რო იტყვიან, რამოდენიმე მოხუციღა ეყუდება ერთიმეორეს, რომ ქვენამთიდან ჩამონაბერმა ნიავმა არ წააქციოს. ოდესღაც მოწაფეებით გადაჭედილ სოფლის ორსართულიან სკოლის შენობაში ორი-სამი მოსწავლეღა ზის და იმათაც ზამთრის სუსხით გაყინულ საკლასო ოთახში ცინგლი ჩამოსდით, რაკი შეშის მომტანი აღარავინაა, რომ ღუმელი გაათბონ. ადრე კი სოფელს საკუთარი ელექტროსადგურიც ჰქონდა არაგვის წყალზე, აბანოც, კლუბიც, უამრავი წიგნებით გამოტენილი სამკითხველოც, სადაც თუ გინდა სერვანტესის “დონ კიხოტს” წაიკითხავდი და თუნდა რევაზ ინანიშვილის “ცეტებს”.

ვკითხულობდით და მართლა ცეტებივით ვიცინოდით.

ვიცინოდით და სიცილი ზამთრის სიცივესაც კი გვითბობდა” (“აფრენა და დაფრენა”)”.

ვაჟასავით რომ გითხრა, – დიაცის უბესავით საამოდ სამზერი იყო შემოდგომის სოფელი, აქა-იქ ჰყეფდნენ ძაღლები და ბედნიერებისაგან უბრწყინავდა თვალები ანა-მარიას:

ახლა ჯღუნა და ბერი გამოჩნდებიან და გოდერძის სახლს მიგვასწავლიანო.

კი, კი, ელოდეო! – ბრაზობდნენ თამრიკო და მარიკა.

არც ჯღუნა შეგვხვედრია და არცა ბერი, ერთი გუდამაყრელი დედაკაცი გამოჩნდა, ხბოს მოდენიდა და იმან მიგვასწავლა გოდერძიანთ სახლი. იმან კი მიგვასწავლა, მაგრამ რად გინდა, – ვეძახეთ და იქიდან არავინ გამოსულა, მარტო დაბმული ნაგაზი იყეფებოდა.

მერე მეზობელი გამოვიდა და იმან გვითხრა, – გოდერძი ქალაქს არის წასულიო. ჩემთან შემოდითაო.

აბა, როგორ, გოდერძისთან ვართ მოსულებიო, – მივუგეთ.

გოდერძის დედ-მამა მაღლა სოფელში, ბურსაჭირში აჰყვნენ საქონელსაო.

ვაიმე, რა ბურსაჭირიო! – კინაღამ აგვიტირდნენ გოგონები, – ანა-მარია გვყავს მოსაკლავი, ასე საშინლად რომ მოგვატყუაო!

და გაბრაზდა ანა-მარია, – მე თუ მოგატყუეთ, სამაგიეროდ, ეს სილამაზე განახვეთო და აღარ დაგავიწყდებათო! ნუ გააჭირეთ საქმე, წამოდით, ბურსაჭირში უნდა ავიდეთ, სანამ დაგვიღამდებაო! აბა, ჰემინგუეის ნაცილ-მაცილო, გაგვიძეხ წინაო!

ეს “ჰემინგუეის ნაცილი შთამომავალი” მე იმიტომ მერქვა, რომ მაშინაც მიყვარდა იმისი ნაწერები, ახლაც მიყვარს. სიყალბის გარეშე რომ წერდა, იმიტომ მიყვარდა. ამ სიყვარულისთვის ბევრი ლანძღვა მომისმენია და უპასუხოდ დამიტოვებია. კიდევ მოვისმენ და კიდევ უპასუხოდ დავტოვებ.

აი, ეგრე! – როგორც გოდერძი იტყოდა…

ავაღწიეთ ბურსაჭირამდე და – აუუ, რა სილამაზე დაგვხვდა! ბინდისფერი სილამაზე!

აი, ესეც მოგინახე, დედუფალო, – აბა, ნახე, როგორ გვისურათებს თავად გოდერძი:

“ვისაც კი ერთხელ მაინც, ზაფხულში ბურსაჭირის ფერდობი უნახავს, იმას თავისუფლად შეუძლია თქვას, რომ სამოთხე ნახა. შუა ფერდობზე მდინარე მოჰქუხს, მდინარის იქით-აქეთ ათასნაირი ყვავილებით მოქარგული კალთებია გადაშლილი და რაც უფრო ზემოთ და ზემოთ აუყვები ამ ფერდობებს, თეთრად გადაპენტილ დეკიანებში შეხვალ. ფერდობსა და ფერდობს შორის მოქცეულ ტაფობებში პატარა, ლურჯად მოლივლივე ტბებია ჩამდგარი. ფერდობის ერთ მხარეს თითქმის ცაზე წვერით მიბჯენილი ჭიუხია წამოყუდებული. იგი არ ავლენს სიცოცხლის არავითარ ნიშანწყალს, როცა მის გარშემო ყველაფერი ყვავის, ყველაფერი ცოცხლობს: ყვავილები, წყაროები, ყორნები, რომლებიც მოკამკამე ლურჯი ცის ფონზე შავად დაფრენენ და არწივები, სააქაოს მეფე-მბრძანებლები. ქვემოთ ლოდებში მჩქეფარე მდინარე, რომელიც დროდადრო ლოდებს ადგილს უცვლის, თითქოს ეუბნება: უქმად ნუ ჰგდიხართ, იმოძრავეთ, სააქაოში ხართ, სააქაოს სიცოცხლე უხდებაო და ლოდებიც უჯერებენ, გადაგორდებიან და გაჩერდებიან. მარტო ეს ჭიუხი დგას უმოძრაოდ, თითქოს სიცოცხლესთან ამას არავითარი კავშირი არა აქვს. თითქოს ეს მხოლოდ იმიტომ დგას, რომ მიგვანიშნოს:

- აქ დედამიწაა!

- იქ ცაა!

მერე?

მერე და ვინ გაყო ცა და დედამიწა?

- იმან, ვინაც სიცოცხლე და სიკვდილი გაყო, – ამბობს ჭიუხი. კი არ ამბობს, თავისი დგომით, თავისი უმოძრაობით მიგვანიშნებს ამას.

ჭიუხის ქვემოთ, კლდეში გაჭრილი უღელტეხილია.

ქვენამთის გადასასვლელი.

აი, სწორედ ამ უღელტეხილზე გადადიან მგზავრები, გადადიოდნენ უძველესი დროიდან, გადადიან ახლა და ალბათ სანამ ეს ჭიუხი აქ იდგება, სანამ ეს უღელტეხილი იქნება, სანამ ბურსაჭირის ფერდობზე ყვავილებს გაზაფხულობით აყვავება არ მოსწყინდებათ, ივლიან მგზავრები, გადაივლიან და გადმოივლიან ქვენამთის გადასასვლელს” (“ძვლების სევდა”).

ამასთან შედარებით ჩოხი ბარიაო! – ბრძანა ანა-მარიამ და წყაროდან კოკით მომავალი ქალი რომ დაინახა, მივიდა და გადაეხვია, – თქვენ გოდერძის დედა ბრძანდებითო.

მერე გასცეს ჩვენმა გოგონებმა ბრძანებები, – მალხაზს ბარგი-ბარხანის დაბინავება ერგო, მე და ნოდარს ვედროებით წყლის ამოტანა ქვემოდან, არაგვისპირზე წყარო რომ იყო.

გაშალეს მთელი ჩვენი საგზალი – კონსერვები თუ ძეხვი, მოხარშული კვერცხი და არყის ბოთლები.

სანამ ამეებს ვაკეთებდით (მთაში ხომ უცებ იცის დაბინდება და), სანამ ჭრაქი აგვინთო გოდერძის დედამ, სანამ სუფრა საბოლოოდ გაიშლებოდა, გოდერძის მამამაც მორეკა ძროხები.

გავიდნენ სიცილ-კისკისით ჩვენი გოგონები გოდერძის დედასთან ერთად, მოწველეს ძროხები, რძე გადაწურეს და წამოსადუღებლად შემოდგეს ქვაბით კერიაზე.

ჩვენ უკვე ვისხედით და, ხომ იცი, მთაში გაწყობილ სუფრაზე ყველაფერი რომ განსაკუთრებით გემრიელია. მოვულხინეთ და რა მოვულხინეთ გოდერძის ჯერ სიტყვაძუნწ, მერე და მერე ალაპარაკებულ მამასთან ერთად.

ისე მოვილხინეთ, რომ სუფრაზე როგორ გაჩნდა გოდერძის დედის გაკეთებული ხაჭოს ხინკლები, ვეღარ გავიგე.

დავიხედე, დიდ ხონჩაზე ეწყო და ჭრაქის შუქზეც კი დავინახე, როგორ უდიოდა ორთქლი. მარტო ერბოშიღა უნდოდა ამოწება და, აბა, მე რა გამაჩერებდა, ავმღერდი ეგრევე:

“ვაიმე, ხინკალო, ხინკალო,

მემრე მარწყვასთან წოლაო.

ხელ-ფეხთ არ დაყენებაო,

გათენებამდე ბრძოლაო”.

ვაი, როგორ გავახარე გოდერძის მამა, როგორ ვაცინე დედაიმისი – ეს ფშაველა სიდან შამოგვპარვია აქაო! “ფშაველა”" იმიტომ, რომ ეს ლექსი ფშავშია გამოთქმული ხთისო ბარწოშვილის მიერ და 1911 წელს ჩაუწერია აკაკი შანიძეს.

სასწრაფოდ გუდამაყრელად უნდა მოვაქციოთო! – იცინოდნენ ჩვენებიც, – დაიტოვეთ და მოაქციეთო! ეგაო, ხო ჰემინგუეის ნაცილ-მაცილი შთამომავალი არისო!

დავიტოვებო, – უხაროდა გოდერძის მამას, – ძროხაში მიშველისო და თიბვასაც ვასწავლიო…

აბა, გოგოებისთვისაც არა კმაროდა საწოლები და ბიჭებს რა უნდა გვექნა.

გამოგვიტანეს ნაბდები, “ტელეგრეიკები” და სხვა თბილი რამერუმეები.

ბოლოს ისღა დამამახსოვრდა, რომ ნაბდის აღება დავასწარი ნოდარს, ერთი კაი თივის ზვინი გამოვნახე, გავეხვიე იმ ნაბადში და იმ თივის ზვინის სურნელში და არაგვის შხუილში დავიძინე – დაღლილმა და ბედნიერმა. ძილში მესმოდა, რომ სულ რაღაცა ამბებს მიამბობდა შავი არაგვი, მელაპარაკებოდა მთელი ღამე და მე კიდევ უსირცხვილოდ მეძინა…

დილით კიდევ, ვერც ერთ კლდეზე ამძვრალი ნოდარის ყვირილმა ვერ გამომაღვიძა, ვერც ძერების წივილმა, ვერც ძროხების ბღავილმა. ვეღარც არაგვის ხმამაღალმა ლაპარაკმა.

ერთი ჭრელი, ფრთახატულა პეპელა დამჯდომოდა ცხვირზე. აი, იმ პეპელას ფრთების ნიავმა შემიღიტინა და იმან გამახელინა თვალები. გავახილე თვალები და ისე ახლოდან რომ დავინახე იმისი გადახატული ფრთები, ჯერ გამისკდა გული, მერე მივხვდი, რომ პეპელა იყო. უნდა ჩემს ცხვირზე ჯდომა და იყოს-მეთქი, ვფიქრობდი – მაინც ხელის განძრევა მეზარებოდა და… მერე კაი ხანს ვუბერე სული, სანამ გაფრენას მოვანდომებდი. და რომ გაფრინდა, მერე გამიხარდა – ვაჰ, რა მაგარია, ცხვირზე რო პეპელა დაგაჯდება და ეგრე გაიღვიძებ-მეთქი.

აქ იმას აღარ გავაგრძელებ, რომ კინაღამ ბურსაჭირს დამიტოვეს, – გაგიშობთ ძროხაში და მერეც ვნახოთ, როგორი მაცილი იქნები იმ ვიღაცისაო. თიბვასაც გასწავლითაო.

აღარც იმას გეტყვი, როგორი კარგი საგზალი ჩაგვიწყო გოდერძის დედამ.

მოკლედ ეგრე იქნება, რომ ბურსაჭირიდან აღმა-აღმა ვივლით, ვივლით, ვივლით, ერთი-ორჯერ გზასაც მიგვასწავლიან შემხვედრი მწყემსები, გადავივლით ქვენამთის გადასასვლელს და მოსაღამოვებულზე ხევის სოფელ სიონში ჩასულები ავტობუსს გამოვყვებით თბილისისაკენ.

აი, ესეთი ორდღიანი ტრავერსი გვქონდა ბინდისფერ ხეობაში.

და ეს ამბავი თავად გოდერძის ვუამბე თავისი ფილმის “წერილი ნაძვებს” პრემიერის მერე. ხომ გახსოვს ეს ფილმი? – გურამ პეტრიაშვილი რომ თამაშობს მხარზე ამოსული ნაძვით.

მაშინ გოდერძიმ ყურადღება აღარ მიაქცია ავტოგრაფებზე რიგში ჩამდგარ მაყურებელს, ჯერ იმ ჩემი გამღვიძებელი პეპლის გარეგნობა მაამბობინა დაწვრილებით და ისაო, ჩემი გამოგზავნილი იყოო, – იცინოდა და სულ ბურსაჭირულებს მიყვებოდა გაბრწყინებული თვალებით. და დედამისი ცოცხალი აღარ იყო უკვე.

კიდევ რომ გამოხდა ხანი, “ლუკას სახარების” პრემიერაზე მე და ჩემი შვილი ანი ვიყავით ერთად და ჩვენს მახლობლად მჯდარიყო გოდერძი. დამთავრდა ფილმი და დაგვინახა თუ არა, მილოცვა აღარ მაცადა, – ჰემინგუეის ნაცილ-მაცილს გაუმარჯოსო! – ეს ჩემი მეტსახელი ჯერ კიდევ “წერილი ნაძვების” პრემიერაზე იცოდა ანა-მარიასგან და ამჯერადაც მიხსენა.

ვაჟას მაცილსაც გაუმარჯოს-მეთქი, – მეც ვეხუმრე და ანი გავაცანი.

ავტოგრაფებზე მონადირეებისთვის არც ამჯერად მიუქცევია ყურადღება, – ახლა ანის ელაპარაკა გაბრწყინებული თვალებით იმ თავის ბინდისფერ ხეობაზე. მე იქ სულის პეპელას დავყავარ, შემისვამს თავის ჭრელ ფრთებზეო, ჯერ ქვეყანას შემომატარებს და მერე იქ ამიყვანს ხოლმეო. აი მამაშენიც, იქ რომ იყო ასული, ჩემმა სულის პეპელამ გამოაღვიძა – ცხვირზე დააჯდა ჩემი თხოვნითო. როდისო, როდის ავიდეთ იმ ჩემი სულის პეპლით ბურსაჭირშიო, შენ და მამაშენსაც შემოგისვამთ ის ჩემი პეპელაო…

ეჰ, ვეღარ ავედით გოდერძის ჩოხში, ვეღარც ბურსაჭირი ვნახეთ გოდერძისთან ერთად…

მონასტრის სენაკში რომ სცადა თავის მოკვლა და დანა დაირტყა რამდენჯერმე – ძალიან გავმწარდი.

ვერა, ვერაფრით ვერ ვპატიობდი გოდერძის ამას, რომ სწორედ იქ სცადა თავის მოკვლა, სწორედ სენაკში – ჩვენი სარწმუნოება ხომ სწორედ ამას კრძალავს ყველაზე მეტად, უიმედობაც ხომ ცოდვად ითვლება და ეს როგორ იფიქრა, ეს როგორ სცადა-მეთქი.

ამეებს ვფიქრობდი ბრაზიანად.

ნეტავ სად იყო მაშინ გოდერძის სულის პეპელა, რომ თავის ფერად ფრთებზე შეესვა და ისევ თავის გუდამაყარში აეყვანა, რადგან მარტო თავისი ბინდისფერი ხეობა თუ უშველის-მეთქი.

ვიბრაზე, ვიჯავრე და ერთხელაც – მოვუტრიალდი საკუთარ თავს. მას შემდეგ მოვუტრიალდი, რაც მითხრეს, – ცუდად არის გოდერძი, ძალიან ცუდად, სული სტკივაო. სულიო…

და ეს რომ გავიგე, კინაღამ გადავირიე, ისე გავმწარდი საკუთარ თავზე – შენ რა უფლება გქონდა, შე სხვისი ზადის მაძებარო, სხვის საქციელს რომ განსჯიდი-მეთქი! – აი, ეგრე ვუთხარი საკუთარ თავს სარკეში, ვუთხარი კი არა, ვუყვირე და მუშტითაც ჩამოვფშვენი ის სარკე…

გოდერძის სიკვდილი აი, ეგეთ დარდიან გულზე მითხრეს. მაშინ მითხრეს, როცა უკვე ვიცოდი, რომ იმისი საქციელის განსჯის უფლება მე არა მქონდა…

შენ მე გოდერძის დაკრძალვაზე ვერა მნახავდი.

ვისაც პატივს ვცემ, ის ჩემთვის მაინც არის.

მაინც არის და, – მორჩა.

“აი, ეგრე!”

ამ ჩვენი ქვეყნის მთელმა უბედურებამ გადაიარა გოდერძის გულზე.

და გული კიდევ, ყველას თავ-თავისებურად, ყველას თავ-თავის ხმაზე უძგერს.

ვერ გაუძლო გოდერძის გულმა.

ვერ გაუძლო და იმ თავის სულის პეპელას შეემუდარა, – მოდიო და, წამიყვანე აქედანაო.

და სულის პეპელა ხო მართლა უჯერებდა გოდერძის, – მოფრინდა და ბინდისფერ ხეობაში წაიყვანა. ოღონდ აქ კი არა, მაღლა, ზეცაში რომ ბინდისფერი ხეობაა, იქ ააფრინა…

შენ რა იცი, დედუფალო, ეგებ ბინდისფერი ხეობა ცაშიც არის.

ეგება დედამისი იქაც იარება წყაროდან კოკით წყლის მოსატანად.

მამამისი კიდევ ძროხებს დაჰყვება.

და იქაც არის ბურსაჭირი…

არ ვიცი, კიდევ სადმე თუ მოვნახავ ჩემი სტუდენტობის მეგობრებს, ან თუ მოვნახავ, გამომყვებიან თუ არა, მაგრამ ერთხელაც იქნება და, მეც წავალ იმ ზეცის ბინდისფერ ხეობაში.

მივალ და იმ ზეცის ჩოხში არ დამიხვდება გოდერძი.

მეზობელი დედაკაცი შემომეყრება, ხბოს რომ მოდენის. მაგრამ ჯღუნა და ბერიც შემომხვდებიან და მიმასწავლიან, ბურსაჭირშია გოდერძი ასულიო.

ავალ ახლა იქაურ ბურსაჭირში და მართლა იქ იქნება გოდერძი, თავის დედ-მამასთან, იმ თავის გუდამაყრელებთან თუ არაგუდამაყრელებთან ერთად, ვისზეც ჩვენთვის მოუყოლია.

- მახვედ, მშვიდობით, ჰემინგუეის ნაცილ-მაცილოო! – გამიღიმებს.

- დამხვდი, მშვიდობით, ვაჟაის ნაცილ-მაცილო-მეთქი! – მივუგებ.

და გაეცინება დედამისს.

მამამისიც მორეკავს ძროხებს, მომესალმება ღიმილით, თუ არ დავავიწყდი უკვე – რამდენი ჩემნაირი ჰყოლია, ალბათ, სტუმრად.

მერე დავწველით ძროხებს, რძეს კერიაზე შემოვდგამთ ქვაბით და ვიდრე წამოდუღდება, სუფრასაც გაგვიშლის დედამისი.

დავსხდებით და ჯერ აქაური ბინდისფერი ხეობისას ვიტყვით, უფრო და უფრო რომ ბინდდება და მერე იქაურისასაც.

მოვილხენთ ყველანი – გოდერძის პერსონაჟებიც და, ალბათ, სხვებიც – სულ კაი ხალხი, სულის პეპლების მცნობელები.

მერე ხაჭოს ხინკალსაც მოგვიხარშავს დედამისი, ორთქლადენილებს, დიდ-დიდებს და გემრიელ-გემრიელებს, მარტო ერბოში რომ უნდა ამოაწო და ჯიხვის რქიდან უკვე გამოცლილ ჟიპიტაურს ზედ მიაყოლო…

აი, იმ დროს ვიმღერებთ – “ვაიმე, ხინკალო, ხინკალო”-საც და სხვებსაც, ამაზე უკეთესებს…

აი, თუნდაც ამას:

“არაგვის ხეობაზედა

ერთი ყოილი ჰყვავისო,

იმას ხელ არავინ ახლას,

თავის პატრონი ჰყავისო”.”

ან სულაც ამას:

“ქალავ, ისეთა თეთრი ხარ,

როგორც საყდარში კირიო,

გამახსენდები მძინარსა,

წამავჯდები და ვტირიო”"…

ბოლოს კი იმ ჩემს ნაბადს მოვიკითხავ, რომლის სუნი დღესაც მახსოვს და იმ თივის ზვინსაც გამოვძებნი. გავეხვევი იმ ნაბადში, გადავკოტრიალდები თივის ზვინზე და დავიძინებ…

აი, იქიდან კი მართლა აღარ გამომიშვებენ მეორე დღეს, რადგან არა მგონია, “მეორე დღე” არსებობდეს ზეცის ბინდისფერ ხეობაში…

და არ მითხრა, დედუფალო, რას მიედ-მოედებიო.

რა დროს შენი იქ წასვლააო.

დაიცადეო.

მე კი დავიცდი, მაგრამ…

აბა, რატომ მესიზმრება ხოლმე გოდერძი ჩოხელის გამოგზავნილი სულის პეპელა ასე ხშირად?

სწორედ ის სულის პეპელა, რომელზეც ეს ლექსი დაგვიტოვა:

* * *

“ნეტავი, სულის პეპელა

ჩემს კარზე ჩამაივლიდეს,

ხვთის საიდუმლოს მეტყოდეს,

მემრე სუ ჩემთან ივლიდეს,

თავის ჭრელ ფრთებზე შემსვამდეს,

ქვეყანას შამაივლიდეს.

მემრე, თუ მოსწყინდებოდა,

ცის კიდეს გადაივლიდეს”.

სულის მდინარე

“და სიტყვა, როგორც ყვავილი – სითბოს,

სიხარულსა და ტკივილს მორჩილებს;

და თუმცა ვხედავ ყვავილებს ცელით,

სიტყვებს კი ისევ სიტყვით მოჭრილებს”".

ომარ თურმანაული

“და ვწერ”, 1991 წელი

თუკი ამ ბინდისფერი და ყოვლისდამამხობელი საწუთროსგან თავმობეზრებული და უიმედო დიდხანს დაჰყოფ საწყლისპიროზე, მდინარე აუცილებლად ჩამოატარებს შენს გვამს, და სად იქნები მაშინ – ისევ ნაპირზე იჯდები თუ სულის მდინარე წაგიღებს ტაატ-ტაატით?

მიხო მოსულიშვილი, "ლიტერატურული პალიტრა, ივლისი, 2008 წელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100