„რომ არა ის, ვინც ახლა ვარ. ისევ მხატვარი ვიქნებოდი, ოღონდ ცნობილი“

ზღვის ტალღებზე ამოვარდინილი ქარიშხალი,

ემოციური , თბილი, მოსიყვარულე, მხიარული,

ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი,

ერთგული, მრავალფეროვანი და საოცრად ღიმილიანი .

ასეთია მეგობრებისა და ოჯახის თვალით დანახული 22 წლის მედეა ყირიმელი.

თავად მედეა 1995 წლის 27 მარტს ქალაქ გორში დაიბადა. სახელი მედეა ბებიის საპატივსაცემოდ დაარქვეს. თურმე ბავშვობაში სულ იმას ამბობდა მომღერალი ან მოცეკვავე უნდა გამოვიდეო. როგორც ყველა ბავშვს დიდებთან ურთიერთობა მასაც ძალიან ხიბლავდა.

„ძალიან აქტიური , ცელქი და კომუნიკაბელური ბავშვი იყო , სხვებთან საერთო ენის გამონახვა არასდროს უჭირდა“ ,– იხსენებს დედამისი.

ცეკვა და სიმღერა არასდროს ბეზრდებოდა და ბებოს მეგობრებსაც მის მიერვე შეთხზული ლექსებითა და დადგმული სპექტაკლებითაც ხშირად ანებივრებდა,თან პორტრეტებსაც უხატავდა და ჩუქნიდა ხოლმე.

ბავშვობისდროინდელი ოცნება მოგვიანებით რეალობაშიც აიხდინა, როცა რუსუდან ბოლქვაძის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლში სახელწოდებით "ზაფხულის ღამის სიზმარი" ითამაშა.ამას მალევე ლელუკა ჭინჭარაულის მიერ დადგმული სპექტაკლი „liberty”-ც მოჰყვა. რაღაც პერიოდის განმავლობაში „სეუ“–ს თეატრალური დასის მხატვარ–დეკორატორიც იყო.

მედეას ხელი მთელ ოთახს ეტყობა, კედლები მისი ნახატებითაა სავსე. თაროებზე ახალ სიცოცხლე შთაბერილი ძველი ნივთები და მისივე ხელით გაკეთებული აქსესუარები ალაგია . ოთახის იმ კუთხეში ვსხვედვართ,რომელიც დროებით მედეას პატარა სახელოსნოდ ქცეულა და ჩვენს საუბარს ფონად 90–იანების მუსიკა გასდევს. შორიახლოს, თაროზე „მოგონებების ყუთი“ დევს ,რომელიც წარსული დღეების კადრებს ინახავს .კარადის თავზე პატარა ჩემოდანი შევნიშნე,რომელსაც გარედან რუკა ჰქონდა შემოკრული. მოგვიანებით შევიტყვე,რომ ეს ჩემოდანი თავად გააკეთა და გაკეთების დღიდან სადაც არ უნდა წავიდეს მუდამ თან დააქვს ის.

ხატვა 3 წლიდან დაიწყო. „საიდანაც ჩემი ცნობიერება არსებობს,იქიდან ვხატავ“. როგორც თვითონ ამბობს მისი პირველი ნაჯღაპნები მამიდამისის საშინაო დავალების რვეულის ფურცლებზე შედგა.“პირველად რაღაც,რომ დავხატე, მახსოვს , არ მომეწონა , გადავჯღაპნე და თივის ზვინად გადავაკეთე“.

თივის ზვინიც ბავშვობასთან ასოცირდება, პატარა რომ იყო თივის ფუმფულა ზვინთან წამოწოლა ძალიან ჰყვარებია თურმე. ბებიასა და ბაბუასთან ერთად თივის ზვინთან საერთო სურათიც კი აქვს გადაღებული. თავიდან მუდმივად გოგონებს ხატავდა, გოგონებს,რომელთაც ცხვირები არ ჰქონდათ . „მახსოვს ერთხელ მამიდაჩემი პორტრეტს ხატავდა და მთელი გულით ვემუდარებოდი ცხვირი არ მიუხატო–მეთქი. არ დამიჯერა და საშინლად გავბრაზდი მაშინ. მერე ერთ დღესაც მივხვდი,რომ ეს უცხვირო ქალები საშინლად გამოიყურებოდნენ .დავუყევი და ყველას სათითაოდ მივუხატე“.

ინტერიერის დიზაინი ბავშობიდან იზიდავდა. 100 ფურცლიანი რვეულის ორივე მხარე სამზარეულოს, საძინებლის, მისაღები ოთახის ნახატებით ყოფილა სავსე.

ოდნავ რომ წამოიზარდა მშობლებმა გორში მდებარე ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში მიიყვანეს. ხატვის ტექნიკას, ხელოვნების ისტორიასა და სხვა ბევრ რამეს სწორედ აქ დაეუფლა. პედაგოგებს მუდმივად გულისყურით უსმენდა და ყველაფრის მაქსიმალურად ათვისებას ცდილობდა.დედამისიც მხატვარია,თუმცა, ის მხატვრობას არ გაჰყოლია. როცა სამხატვრო სკოლაში ყოფნის დროს დედა ნეკერჩხლის აფეთქებული ხის დახატვაში დახმარებია– პირველად მაშინ უნახავს,როგორ ხატავდა დედა.

რაღაც პერიოდის განმავლობაში გორის „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის” ჟურნალისტიკის სექტორშიც დადიოდა. აქ იმ პირობით მიიღეს ,რომ საბოლოოდ გადაწყვეტდა ჟურნალისტიკა უნდოდა თუ სამხატვრო აკადემია.ადრე თურმე საკუთარი გადაცემაზეც კი ოცნებობდა. თუმცა, ბოლოს ისევ მხატვრობას გაყოლა ამჯობინა.

თავიდან ინსპირაციის წყარო მისთვის ადამიანი იყო. მოგვიანებით მიხვდა,რომ ემოციის გადმოტანაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობის მქონე იყო. „ დღესდღეობით ახალს უკვე ვერაფერს შექმნი. ყველაფერი დახატულია, ყველანაირი ტექნიკა გამოყენებულია. ემოციების გადმოტანა და გაშიშვლებაღა დაგვრჩენია მხატვრებს“.

14 წლის იყო ,როცა სამხატვრო სკოლაში დიპლომის დაცვა ჰქონდა. მისი ყველაზე ცნობილი და საყვარელი ნამუშევარი სწორედ ამ პერიოდს მიეკუთვნება. ნახატს სახელად „სიზმარი“ დაარქვა.მის დასასრულებლად ზუსტად ერთი თვე დასჭირდა. დღეს ამ ნახატის ალი–კვალი არავინ იცის, უგზო– უკვლოდაა გამქრალი. სამხატვრო სკოლის ბავშვების ნამუშევრებს შორის „სიზმარი“ ყველაზე გამორჩეული ნახატი იყო. ყველაზე მეტად გული მაინც იმაზე წყდება,რომ ნახატს მისი ხელმოწერა არ აქვს.

ამის გახსენებისას თვალები უწყლიანდება,ცოტა ხნით დუმილი ისადგურებს. „სიზმარი“ ის ტკივილია,რომელიც დრომ ვერ გაუყუჩა.თუმცა,იმედი,რომ ოდესმე მიაგნებს მაინც აქვს. ნახატის წართმევა არავისთვის არ უნდა, მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ იმის ცოდნაა,რომ ის არსებობს , სადღაც ვიღაცის სახლში,კედელზე,რომ ის ცოცხალია და არ გაუნადგურებიათ.

სამხატვრო სკოლის დამთავრების შემდეგ, უკვე თბილისის სამხატვრო აკადემიაში გადმოვიდა.ხატვის ტექნიკა წლებთან ერთად ცვალებადობას თანდათანობით განიცდიდა. თავდაპირველად ფანქრითა და ტუშით ხატავდა.მოსწონდა იმის შეგრძნება,რომ დახატულის წაშლის შანსი აღარ ჰქონდა,უკან დასახევი გზის არ არსებობა ხიბლავდა. თუმცა, მოგვიანებით ფერებში მუშაობაც სცადა და აკვარელი და ზეთის საღებავებიც ძალიან მოეწონა.

„ემოციიდან იწყება რაღაცის შექმნა. ემოციას მიყავხარ იმ ფურცლამდე, იმ ტილომდე. დაწყებისკენ სწორედ ის გიბიძგებს“ . უეცრად მოსულ ემოციას საწოლიდან ღამეც ხშირად აუყენებია .ნახატებთნ დამშვიდობება არ უყვარს , ამიტომ ხშირად ნამუშევარი ბოლომდე არ მიჰყავს ხოლმე, ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს ამით მასთან დაბრუნებისა და შეხების შესაძლებლობას კვლავაც იტოვებს.

ხელოვნება ,რომ არ არსებობდეს ?! - ალბათ, ადამიანები უფრო მეტად ცივები იქნებოდნენ,.

ყველაზე მეტად აბრაზებს ,როცა საუბარს აწყვეტინებენ და შენიშვნებსა და კრიტიკას არაკომპეტენტური ადამიანებისგან იღებს. არ უყვარს როცა, საქმის გაკეთების პროცესში თავზე ადგანან და თან გამუდმებით რაღაცას ჩასჩიჩინებენ.


„შედევრები იქმნებიან სიმარტოვეში“.

მედეას აზრით, მხატვრისთვის მუშობის განუყოფელი ნაწილი სწორედ გარემოა. ჯერ მისთვის იდეალური ადგილი არ უპოვნია, თუმცა,იცის,რომ ასეთი ადგილი სადღაც არსებობს და ერთ დღესაც აუცილებლად იპოვის. „ ერთი ფილმი მიყვარს ძალიან, „უკეთესი არ არსებობს“ ჰქვია, ჯეკ ნიკოლსონი თამაშობს, მისი მეზობელი მხატვარია და საკუთარი სახელოსნო აქვს, და აი, მგონია,რომ სწორედ ეგეთი ადგილი მჭირდება მეც,რომ ეგ იქნება იდეალური ჩემთვის . მომწონს ის შუშები, გამწვანეები, კარ –ფანჯარა, თითქმის ყველაფერი“ . მანამდე კი სასურველ გარემოს მუსიკითა და შორიახლოს მომარჯვებული საჭირო „იარაღებით“ იქმნის.

შესაძლებლობა რომ ჰქონდეს პირველ რიგში საჯარო სივრცეს ჩამოაყალიბებდა და ახალგაზრდა მხატვრებს ნამუშევრების გამოფენის საშულებას წელიწადში 2 ან 3–ჯერ მაინც მისცემდა. გახსნიდა სახელოსნოებს,სადაც მისვლა და მუშაობა შეეძლებოდათ ქართულ რეალობაში კი უპირველესად ადამიანთა შორის დამოკიდებულებებს შეცვლიდა „ ერთმანეთის შეფასებებს ჯობია, ერთმანეთს ხელი შევუწყოთ“.

მისთვის თავისუფლება საკუთარი თავის ფლობაშია. „თავისუფლება მხოლოდ ჩარჩოების მსხვრევა და იმის კეთება არაა , რაც შენ გინდა და სხვას აღიზიანებს. ზოგჯერ ჩარჩოები უნდა დაამსხვრიო და ზოგჯერ ჩარჩოში დარჩენაც უნდა ისწავლო“.



კითხვაზე რომ შეეძლოს რომელი სიმღერის ავტორი იქნებოდა შემდეგნაირად გვპასხუხობს : „SHOW MUST GO ON“ საყვარელი მომღერლის ადგილს შეუცვლელად ფრედი მერკური იკავებს. ძირითადად ძველი მუსიკა და ძველი ხალხი უყვარს.

მისთვის ბედნიერება ბევრი სხვისთვის შეუმჩნეველი დეტალია. მცირე შექებაც კი აბედნიერებს და დიდ მოტივაციას აძლევს.

მშობლიურ ქალაქზე მეტად მშობლიური ადამიანები უყვარს.

ყველაზე დიდი გადატეხა მის ცხოვრებაში მაინც ზიკოს(მისი ქმრის) გამოჩენა იყო. ერთმანეთი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის თბილისი2015 –ის ფარგლებში გაიცნეს. ერთწლიანი შეყვარებულობის ისტორია ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა და დღე დღეზე პატარას მოუთმენლად ელოდებიან.

ადამიანის იდეალი არ ჰყავს . მისთვის კონკრეტული ადამიანების კონკრეტული თვისებები უფროა მისაბაძი.

დარწმუნებულია,რომ ცხოვრებაში ყველაფერს,ცუდსა თუ კარგს თავისი დანიშნულება აქვს. „ცუდი ,რომ არ არსებობდეს კარგს ვეღარ დავაფასებდით, დაფასების შეგრძნება მთლიანად გაქრებოდა“. სწორედ ამიტომაა,რომ არაფერს შეცვლიდა ცხოვრებაში თუ კი ამის საშუალება მიეცემოდა.

თავისუფალ დროს წიგნების კითხვასა და ფილმების ყურებაში ატარებს. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მასზე ფილმმა სახელწოდებით „Cinema Paradiso“ მოახდინა.ზოგადად, ადამიანურ გრძნობებსა და ემოციებზე გადაღებული ფილმები ძალიან იზიდავს. სამეცნიერო ფანტასტიკასაც ხშირად უყურებს.

საყვარელი წიგნის ადგილს შეუცვლელად გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წელიწადი“ იკავებს. ყველაზე მეტად მაინც მწერლის სტილი მოსწონს.“ მაოცებს როგორ გადადის ერთი ამბიდან მეორეზე გაბრიელ გარსია ისე ,რომ ამას ვერაფრით ვერ ამჩნევ.“

გამორჩეული მხატვარი არ ჰყავს. უფრო მხატვრების ცალკეული საყვარელი ნახატები აქვს. საოცრად მოსწონს ვან გოგის“ვარსკვლავებიანი ცა“,“ყვირილი“ კი იმ შედევრად რჩება,რომლის ავტორიც რომ შეეძლოს აუცილებლად იქნებოდა. „მახსოვს ერთხელ ლექტორმა იკითხა, ყვირილი კაცია თუ ქალიო და ერთმა სტუდენტმა უპასუხა ყვირილს სქესი არ აქვსო. ძალიან დიდ ემოცას იწვევს ეს ნახატი ჩემში. ხანდახან არის მომენტი,როცა ყვირილის გარდა არაფერი გინდა“.

ბუნებასთან კონტაქტი ყველაზე მეტად ამშვიდებს. ბუნებაში სეირნობაზე ფიქრიც კი დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ხეებსაც ხშირად ეხუტება ხოლმე და საკუთარი ,პირადი ხეც აქვს გორში ,რომელიც მხოლოდ მის დაბადების დღეზე ყვავის ხოლმე. პატარა რომ იყო მამამ დაურგო და მედეას ხე დაარქვა.

ყვითელი – მისი საყვარელი ფერია. . მზეს, მზის სითბოსა და ცეცხლს აგონებს.

მიუხედავად იმისა,რომ კარგად ცურავს ,სიღრმის შიში დღემდე აქვს. „ მახსოვს ერთი სურათი იყო ,რომელიც გაჩვენებდა რამდენად ღრმა იყო აისბერგი. სურათისთვის შეხედვაც კი მაშინებდა“.

„ძალიან ორიგინალური ადამიანია , ხშირად უყვარს სიურპრიზების გაკეთება : მახსოვს ერთხელ სამსახურში ვიყავი და სოციალური ქსელით სურათი გავუგზავნე, ბავშვობაში ყველას ჰქონდა შტაბი და სწორედ ამ თემატიკის იყო. სახლში ,რომ მოვედი და ოთახში შევედი, გადაადგილებული იყო ყველაფერი და პატარა შტაბი იყო მოწყობილი“. – გვიყვება მედეას ქმარი.

„უქმად ჯდომას, უქმად შრომა ჯობია“ – ეს ის ფრაზაა,რომელსაც ბოლო დროს ყველაზე ხშირად გაიგონებთ მისგან.

დროის მანქანა,რომ ჰქონდეს აუცილებლად იმოგზაურებდა, განსაკუთრებით კი რენესანსის ეპოქის იტალიას ნახავდა და ყველა იმ სასახლეს მოივლიდა წარსულში რომ ყვაოდა დღეს კი მის ნაცვლად ნანგრევებიღა შემორჩენილა.

საკუთარ ნამუშევრებში ყველაზე მეტად ის მოსწონს,რომ ისინი თავისუფლებისა და ემოციებისკენ არიან მიდრეკილნი. თუმცა, ხატვისას ხშირად იბოჭება ხოლმე და დიდ სითამამეს ვერ იჩენს–ეს კი ყველაზე მეტად აბრაზებს.

ბედნიერებას მისთვის ბამბის ნაყინის ვარდისფერი ფერი აქვს. დიახ, ზუსტად ასე ჰქვია ამ ფერს და არა სხვანაირად. სწორედ მისნაირი ფუმფულაა ბედნიერებაც. ფერებს საკუთარ სახელებს ხშირად არქმევს. ასეთია ოკეანისფერიც,რომელიც არც ლურჯია და არც ცისფერი.

„ამოვიღოთ ჩვენი მეტყველებიდან არ ნაწილაკები“ ეს ის რჩევაა,რომელიც კარგად ახსოვს და რომელსაც ხშირად მიმართავს ხოლმე.

მისთვის ყველაზე ღირებული ადამიანში ის თვისებაა ,როცა მას სხვისი სიხარულის გულწრფელად გაზიარება შეუძლია.

რომ არა ის ვინც ახლაა ისევ მხატვარი იქნებოდა , ოღონდ ცნობილი.

წინასწარ რომ იცოდეს ეს მისი უკანასკნელი დღეა – მთელ დღეს აუცილებლად ხატვაში გაატარებდა .“ ყველა საყვარელი ადამიანის ნახვას ერთი დღის განმავლობში ვერ მოასწრებ,მაგრამ ამ ნახატებით დავუტოვებდი იმას,რისი დატოვებაც მინდა, ემოციებს.“

გახსოვდეთ! – ამ სიტყვებით გამოემშვიდობებოდა ყველას. მისი მიზანიც ხომ სწორედ ესაა დატოვოს კვალი ,რომელიც სუნთქვას მის სიკვდილის შემდეგაც შეძლებს.

ახლა მისი სამომავლო გეგმები მთლიანად ბავშვზეა მიმართული. თუმცა , სახელოსნო შორეულ მიზნად კვლავ რჩება.

და მაინც ვინ არის მედეა ყირიმელი?

ადამიანი, რომელიც ბავშვობაში დასახული მიზნისთვის დღემდე იღწვის

კომენტარი