სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთი ხახვის იგავი ანუ ღმერთი ყოველთვის ცდილობს გვაპატიოს, მაგრამ....

(ამონარიდი ფიოდორ დოსტოევსკის რომანიდან „ძმები კარამაზოვები“)

იყო და არა იყო რა, ცხოვრობდა ერთი ბოროტზე უბოროტესი ქალი, ცხოვრობდა და მოკვდა. და არ დატოვა იმ ქალმა სიკეთე ამქვეყნად. სტაცეს ხელი ეშმაკებმა და ცეცხლოვან ტბაში ჩააგდეს.

მისი მფარველი ანგელოზი კი დგას და ფიქრობს: რა კეთილი საქმე გავიხსენო მისი ისეთი, რომ ღმერთს ვუთხრა და შევაცოდო. გაიხსენა და უთხრა ღმერთს - ამ ქალმა ბოსტანში ხახვი ამოიღო და მათხოვარს მისცა.

ღმერთმა კი უპასუხა: აიღე ეს ხახვი, ტბისკენ გაუწვდინე, ფოჩს ხელი ჩაჰკიდოს და გამოჰყვეს, თუ ტბიდან ამოსვლას შეძლებს, სამოთხეში გავაგზავნი და თუ გაუწყდება, მანდვე დავტოვებო.

გაიქცა ანგელოზი დედაკაცისკენ, გაუწოდა ხახვის ფოჩი, აჰა მოეჭიდე და ამოჰყევიო.

დაიწყო ტბიდან მისი ფრთხილად ამოყვანა, თითქმის ამოიყვანა კიდეც, მაგრამ ტბიდან სხვა ცოდვილებმა დაინახეს, დედაკაცს რომ შველიდნენ და ამოსასვლელად ისინიც ფოჩს წაეპოტინნენ, მაგრამ რადგან ეს დედაკაცი მართლაც ბოროტზე უბოროტესი იყო, ფეხების ქნევას მოჰყვა: მე მეწევიან, თქვენ კი არა, ხახვიც ჩემია და არა თქვენიო. როგორც კი ეს თქვა , ხახვის ფოჩი გაწყდა, დედაკაცი ისევ ტბაში ჩავარდა და დღემდე იქ იწვის.

ანგელოზი კი ატირდა და იქაურობას გაეცალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100