სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შვილისა და ბერ-მონაზონი მამის შეხვედრა (თანამედროვე ქართული მოთხრობა)

შვილისა და ბერ-მონაზონი მამის შეხვედრა (თანამედროვე ქართული მოთხრობა)

სიგიჟის პიკზე ვიყავი უკვე, ჩემი პროექტი, რომელზეც ერთი წელი ვიმუშავე ჩაფლავდა. ვუყურებდი კომპიუტერის მონიტორს და სიკვდილის მეტი არაფერი მინდოდა. მარცხენა ხელის მაჯისკენ გავაპარე კიდეც თვალი, გონებაში ალბათ წარმოვიდგინე როგორ დავუსვამდი მას სამართებელს.

ინსტუქტურად გამოვრთე კომპიუტერი, ავდექი, შუქი ჩავაქრე და ოთახიდან გამოვედი, უფროსის კაბინეტს, რომ ჩავუარე, სადაც ნახევარი საათის წინ უსიამოვნო საუბარი მქონდა გულმა ისევ ცუდად გამკრა, მაგრამ არც კი შევჩერებულვარ ისე გავარძელე გზა გასასვლელისკენ. ქუჩაში, რომ გამოვედი საათს დავხედე, სამი იყო დაწყებული.

ასეთ დროს ნორმალურ ადამიანებს ახლობლები ანუგეშებენ ხოლმე, მე კი ვინმე ისეთის გახსენებაზე ფიქრისთვის ვისთან საუბარიც ახლა მომინდებოდა დროც კი არ დავხარჯე. ვერც ჩემი მეგობრები, ვერ ოჯახის წევრები, ვერც ყოფილი შეყვარებულები ამ სადარდებელს ვერ გაიზიარებდნენ, უარესად გამაგიჟებდნენ, რადგან რაიმე ისეთს მეტყოდნენ რაც მე სისულელედ მომეჩვენებოდა... და საერთოდაც ასეთ დროს სწორი სიტყვები მგონი არც არსებობს.

სანუკვარ ოცნებასავით გამიელვა თავში სუიციდზე ფიქრმა, თუმცა მე ის შემთხვევა ვარ თავის მოკვლაც კი, რომ არ შეუძლია. ჩემს უკან ადამიანები არიან, ადამიანები, რომლებზეც პასუხს ვაგებ. მანქანაში ჩავჯექი და სახლისკენ ავიღე გეზი, თუმცა მივხვდი სახლში მისვლა არ მინდოდა. გონებაში თბილისის ბარ-რესტორნებს გადავავლე თვალი, მაგრამ ვერავინ გავიხსენე ისეთი ვისთან ერთადაც დალევა მომინდებოდა, მარტოები კი ქართველები არ ვსვამთ.

სახლისა და რესტორნის გამორიცხვის შემდეგ ერთ-ერთ გზაგასაყარზე, მარცხნივ გადახვევის ნაცვლად პირდაპირ წავედი... სანამ იმას გეტყოდეთ რა მიმართულებით ავიღე გეზი ან რატომ, ჩემი წარსულიდან გიამბობთ ერთ ამბავს.

ხუთი წლის წინ მამაჩემი სახლიდან წავიდა, დაგვტოვა და არც მეტი არც ნაკლები მონასტერს შეაფარა თავი. ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, ერთ დღეს ისე, რომ არავინ გაუფრთხილებია, ადგა და გაქრა. ექვსი თვე ეძებდნენ, გარდაცვლილიც კი გვეგონა, მაგრამ მერე გავიგეთ (ალბათ შემოგვითვალა, ეგეც არ ვიცით ზუსტად) მონასტერშიაო ბერებთან, თუმცა რომელ მონასტრეში იყო ეგ არ ვიცოდით თავიდან.

ორი წლის შემდეგ გავიგეთ მისი ადგილმდებარეობა, არანაირი სურვილი არ მქონდა მისი მონახულების, მაგრამ მაინც მომიწია ჩემი ნათესავების დელეგაციას გავყოლოდი მონასტერში. მამაჩემი გმირად და უფრო მეტიც ლამის წმინდანად შერაცხეს იმ ნათესავებმა, რომლებიც მოდის ან ჭეშმარიტი რწმენის გამო ძალიან ეკლესიურები იყვნენ, ამიტომ მის მოსანახულებლად წასვლა რაღაც ზეიმი იყო მათთვის. ზეიმობდნენ ჩემი უმცროსი და და ძმაც, ოღონდ ისინი მამასთან მიდიოდნენ და არა ბერთან. სიხარული შევატყვე დედაჩემის სახესაც და საერთოდაც მგონი მე ერთადერთი ვიყავი ვინც მონასტერში წასვლის ენთუზიაზმს არ ამჟღავნებდა, დღემდე არ ვიცი გაბრაზებული ვიყავი მამაჩემზე თუ უბრალოდ მენატრებოდა და მწყინდა მისი საქციელი.

მაშინ მამა ვერ ვნახეთ, მდუმარების თუ მარტოობის თუ რაღაც ეგეთი აღქმა ქონდა დადებული, ზუსტად ვერ გავიგე, მაგრამ მონასტრიდან არც გამოსულა, მის უნახავად გამოვბრუნდით უკან. მას შემდეგ სამი წელი გავიდა, მამაჩემი კი ჩემთვის შორეული წარსულის მოგონებადაა ქცეული, სუფრაზე მის სადღეგრძელოს, როცა ამბობენ მაშინ მახსენდება, რომ მამა მყავს, სერიოზული სახით ვისმენ როგორ აქებენ, ყოფილა შემთხვევა, რომ ორატორული ნიჭით დაჯილდოებული თამადის სიტყვებს ჩემთვისაც აუჩუყებია გული, მომნატრებია მამაჩემი, გონებასთან მიმიშვია სანათესაოში გაბატონებული აზრი, რომ მამაჩემი საამაყო კაცია, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება.

რამდენიმე თვის წინ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მონასტერში ასვლაც კი მოვინდომე, ვალდებულად ვიგრძენი თავი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა, მერე გამახსენდა, რომ ნასვამი საჭესთან ვერ დავჯდებოდი და ეს გეგმა მეორე დღისთვის გადავდე, ფხიზელმა კი მამაჩემთან წასვლის კი არა მასზე ფიქრისთვისაც კი ვეღარ მოვიცალე...

და აი ახლა, როცა ჩემი ცხოვრების გადამწყვეტი მომენტი დგას, როცა წასასვლელი არსად მაქვს, რატომღაც მონასტრისკენ ავიღე გეზი...

რა უნდა მიშველოს მამაჩემმა, რატომ მივდივარ მასთან? სალაპარაკოდ? არადა შეიძლება სიტყვის თქმაც კი ვერ შევძლო. რა უნდა ვუთხრა? ვუსაყვედურო? რა აზრი აქვს საყვედურებს ახლა, როცა ყველაფერი უკვე წარსულია.. ვთხოვო ღმერთს ჩემი დახმარება სთხოვოს? მე ხომ არ მწამს მსგავსი რაღაცეების, ღმერთი კი იმათ ეხმარება ვისაც სწამს. არა, ღმერთი კი არა საკუთარი რწმენა ეხმარებათ, თავად რწმენაა ღმერთი, ღმერთი ადამიანშიაო, რომ ამბობენ ადამიანში, რომ რწმენაა ეგაა ჩემი აზრით ღმერთი. ღმერთი კი არა ჩვენი რწმენა გვეხმარება, ამ რწმენით ვაჯერებთ საკუთარ თავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და როცა რაღაცის მართლა გჯერა ეს რაღაც მერე ხდება.

ათეისტი გგონივართ? შეიძლება დღეს მართლაც ვარ ათეისტი, რადგან ათეისტობა უფრო ადვილია, ათეისტობა ბევრ დროს არ გთხოვს, უბრალოდ ერთხელ გადაწყვეტ, რომ არ გწამს და დამთავრებულია ეგ თემა... მორწმუნეები კი გამუდმებით რაღაცეებზე ფიქრობენ, საკუთარ რწმენას ელოლიავებიან და ემონებიან კიდეც... ემონებიანთქო ვამბობ, მაგრამ პირადად მგონი არასოდეს (ან უბრალოდ დიდი ხანია რაც) არ შევხვედრივარ ასე ღრმად და ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანს...

ბეზნინგასამართ სადგურზე შევჩერდი, საწვავი ჩავასხი და თან სუპერმარკეტში შევედი. სიგარეტი და მინერალური წყალი ვიყიდე გზისთვის. მამაჩემისთვის არაფერი მიყიდია. განა იმიტომ, რომ ძუნწი ვარ, არა პირიქით, ახლაც ამ „კალონკაზე“ მიცნეს, ყველგან მიმახსოვრებენ რადგან ხურდას ყოველთვის გამყიდველს ვუტოვებ. ზოგადად ითვლება, რომ კეთილი ადამიანი ვარ, სულ უცხოებსაც კი ვეხმარები ხოლმე, ისე უბრალოდ, კარმის ამბის მჯერა, ადამიანები სხვების გახარებაზე მეტს, რომ ზრუნავდნენ სამყარო უკეთესი იქნებოდათქო ესაა ჩემი ცხოვრებისეული კრედო.

გზა გავაგრძელე. ტრასაზე ჩემებურად გიჟივით არ მივაქროლებდი მანქანას, წესიერად მივდიოდი. უკნიდან ცისფერი ბეემვე დამეწია ანთებული ფარებით, საშიშ „აბგონზე“ დააპირა გასვლა, წინიდან მანქანების კოლონა მოდიოდა, ერთი არასწორი მოძრაობა და საშინელი ავარია არ აგვცდებოდა, ჩემსა და შემხვედრ მანქანას შორის მცირე მანძილი იყო დარჩენილი, გაზს ფეხი მივადგი და წამოწეულ ცისფერ ბეემვეს, რომელიც გვერდით ზოლში იყო უკვე გადასული ადგილი გავუთავისუფლე ჩემს უკან, საბედნიეროდ მიხვდა, რომ უკან უნდა ამომდგომოდა, რადგან გასწრებას თუ ეცდებოდა შემხვედრ მანქანას შეასკდებოდა ეგრევე. ყველაფერი წამებში მოხდა. შემხვედრმა კოლონამ მშვიდობიანად ჩაგვიქროლა, ცისფერმა ბეემვემ კი, რომელიც რამდენიმე წამის წინ არასწორი მანევრით ავარიის საშიშროების წინაშე იყო დაცარიელებულ ტრასაზე „გამიკეთა აბგონი“ და გიჟივით გავარდა წინ. თვალი გავაყოლე და გამახსენდა, რომ მეც არაერთხელ მიტარებია მასავით მანქანა, ამიტომ მძღოლებისთვის დამახასიათებელი „აბა ამას თავში ტვინი აქ“ და მსგავსი კომენტარები არ გამიკეთებია.

მშვიდობიანად ჩავაღწიე მონასტრამდე, პატარა მთის ძირში გავაჩერე მანქანა და ფეხით ავუყევი მონასტრისკენ მიმავალ ბილიკს. 100-იოდე ნაბიჯის გადადგმა მომიწია, მაგრამ მაინც ვიგრძენი დაღლა.

მონასტერში არ შევსულვარ, მამაჩემი გარეთ გამოვიდა. ფეხზე იდგა, მისი სახე ზედმეტად თეთრი მომეჩვენა, შავი ანაფორა, შეთხელებული და ჭაღარაშერეული თმა, შავი თვალები, შევხედე და მომეჩვენა თითქოს ფოტოშოპში დამუშავებულ სურათს ვუყურებდი, აი ისეთს ნაწილი, რომ შავ-თეთრია და ნაწილი-ფერადი. ლურჯი ცა, თეთრი ღრუბლები, მწვანე ბალახი, ჩამავალი მზის მოწითალო სხივები და შავ-თეთრი მამაჩემი.

ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს, არც მამა-შვილური ჩახუტება, არც შეხვედრით გამოწვეული მკვეთრად გამოხატული ემოციები. თითქოს ფოტოს ვუყურებდი, მამა იყო მშვიდი, ოდნავ შესამჩნევი ღიმილით, მე მეკუთვნოდა ეს ღიმილი თუ ფოტოს გადაღებისას შერჩენილი ემოცია იყო იმ წუთას ვერ გავარჩიე. ქვაზე ჩამოვჯექი, სუნთქვა აჩქარებული მქონდა, არ ვიცი ფეხით სიარულის თუ ნერვიულობის გამო.

მზის სათვალე ქვაზე დავდე, მანქანის გასაღები ჯიბეში ჩავიდე, ხელები მოვიფშვნიტე და ამ ყველაფერს ისე ვაკეთებდი, მისთვის მზერა არ მომიშორებია. შევამჩნიე როგორ შეათვალიერა ჩემი ქურთუკი, მანქანის გასაღები, მაჯის საათი, მოკლედ ყველაფერი ის რაც იმ წუთას ჩემს სოციალურ სტატუსსზე მეტყველებდა. ორივენი ვდუმდით, მაგრამ მივხვდი, რომ 3 წუთი ეყო ჩემში არსებული ცვლილებების დასაფიქსირებლად, ნეტავ რომ არ გაეფრთხილებინათ შვილმა მოგაკითხაო თუ მიცნობდათქო ეგეც ვიფიქრე, მაგრამ ალბათ მიცნობდა. ჩემი უმცროსი ძმა იყო მასთან რამდენჯერმე ამოსული, დედაჩემიც და ჩემი დაც ესტუმრნენ ერთხელ და ალბათ ფოტოებს აჩვენებდნენ ჩემსას. ლაპარაკით ცოტას ლაპარაკობს მამაშენიო ესეც მათგან ვიცოდი და ახლა მისი უსიტყვობა არ მაკვირვებდა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვი საკუთარ დუმილზე.

ბოლოს როგორც იქნა დამირეგულირდა აჩქარებული გულისცემა და ალბათ უადგილო ფრაზით მივესალმე, „პრივეტ“ - ვუთხარი ბერ-მონაზონ მამაჩემს. პასუხად ისევ ის ოდნავ გამოხატული ღიმილით შემკობილი მშვიდი სახე მივიღე, ხმა ისევ არ ამოუღია, სამაგიეროდ მე ავმეტყველდი.

-შეცვლილი ვარ არა? მარტო ამისთვის ღირდა აქ ამოსვლა, რომ შენს თვალებში ეს დამენახა, ბოლო 4 საათია სიგიჟის ზღვარზე ვიყავი და ახლა 4 წუთი მეყო იმისათვის, რომ დავმშვიდებულიყავი, ალბათ ბუნების ბრალია - ვუთხარი და მარჯვნივ გავიხედე, ულამაზესი ტბა იყო, მთებით გარშემორტყმული, მომწვანო მოლურჯო ფერის წყალი, სიმშვიდე, ჰარმონია, ირგვლივ მხოლოდ ფოთლების შრიალი ისმოდა. - აი ახლა შენ თვალებში ვხედავ ყველა იმ ცვლილებას, რაც ამ წლების განმავლობაში განვიცადე და ვხვდები, რომ ყველაფერი იმაზე ბევრად უკეთესადაა ვიდრე მაშინ იყო.

- ... - ისევ დუმდა, მაგრამ მისი სახე ფოტოს აღარ მაგონებდა

- ვინ ვიყავი მაშინ, სადაზღვევო კომპანიის სტაჟორი, ახლა კი სერიოზულ ორგანიზაციაში მნიშვნელოვან განყოფილებას ვხელმძღვანელობ. „ია სამ ეტავა დაბილსა, ტი ნე ვჩომ მენია ნე პამოგ“ (მე მეთვითონ მივაღწიე ყველაფერს, შენ არაფერში დამხმარებიხარ) - ბოლო სიტყვები რუსულად ჩემდაუნებურად ვთქვი და მივხვდი ჩემში წარსულის მემ გაიღვიძა. მამაჩემს უნივერსიტეტი მოსკოვში ჰქონდა დამთავრებული, რამდენიმე წელი იქვე მუშაობდა, რუსული ენა მისთვის ისეთივე ახლობელი იყო, როგორც მშობლიური ქართული და ოჯახში ძირითადად რუსულად საუბრობდა. მისი სახლიდან წასვლის შემდეგ ჩვენს ოჯახში რუსული სიტყვებიც გაქრა, მას შემდეგ მგონი არც კი მისაუბრია რუსულად და აი ახლა ისევ გავიხსენე ოკუპანტის ენა. არ მომეწონა რუსულზე, რომ გადავედი, მაგრამ მამაჩემთან რუსულად საუბარი ისეთი ორგანული იყო, ჩვენი საუბარი, უფრო სწორად ჩემი მონოლოგი რუსულ-ქართულად წარიმართა, როცა თავს ვაკონტროლებდი ქართულად ველაპარაკებოდი, ხოლო როცა ემოციები მიპყრობდა რუსულზე გადავდიოდი. თუმცა თქვენ ამ ყველაფერს მთლიანად ქართულად გიამბობთ.

-...-მე ვსაუბრობდი ის კი ისევ დუმდა და ნელ-ნელა უქრებოდა ის ოდნავ შესამჩნევი ღიმილი

- შენ გგონია აქ შენს სანახავად მოვედი? გგონია იმიტომ მოვედი, რომ მომენატრე ან რაიმეს გპატიობ? გგონია გპატიობ შენი ცოლ-შვილი ჩემს იმედზე, რომ დატოვე? იცი რამდენს ვშრომობთ მე და დედა ბავშვებს, რომ არაფერი მოაკლდეთ? ყველაფერი საუკეთესო აქვთ შენ შვილებს და მე ამისთვის ლამისაა შუაზე გავწყდე, იცი რამდენის გადატანა მიწევს? ვირივით ვმუშაობ, გამუდმებულ სტრესში ვარ...

- ... - მისი სახე ნელ-ნელა კარგავდა ფოტოსთან მსგავსებას

- შენს გარეშე მოვახერხე ცხოვრებაში ფეხზე დადგომა, ყველაფერი მაქვს, მაგრამ ბედნიერი არ ვარ. ადამიანიც კი არ მყავს, ახლობელი ადამიანი, რომელთანაც ჩემს პრობლემებზე დავილაპარაკებდი და შენთან მაგიტომ ამოვედი. და იცი კიდევ უარესი რა არის? ყველაფერი მაქვს და უბედური ვარ და წარმოიდგინე ეს ყველაფერი, რომ დავკარგო რა უბედური ვიქნები. ხოდა ახლა ამ ყველაფრის დაკარგვის საფრთხის წინაშე ვარ, ლამისაა გავგიჟდე, სასოწარკვეთილი ვარ... და იცი, სინამდვილეში სალაპარაკოდაც არ მოვსულვარ შენთან, თხოვნით მოვედი, არ მჯერა, რომ შენ ეს შეგიძლია, მაგრამ მაინც მოვედი, რადგან სხვა გზა არ მაქვს, უნდა გთხოვო, გთხოვო, რომ თუ შენს რწმენას ჩემი დახმარება შეუძლია დამეხმარე, დამეხმარე, სთხოვე შენს ანგელოზებს ღმერთთან გიშუამდგომლონ და ჩემი დახმარება შეძლოთ თქვენ ყველამ.

-... - მამაჩემი ისევ დუმდა, მე უკვე აღარ ვუყურებდი მას, მისგან მარცხნივ ბალახებს და ცას შევცქეროდი და ისე ვსაუბრობდი

- დამეხმარე, ეს ერთხელ დამეხმარე, არასოდეს არაფერში დამხმარებიხარ და ახლა დამეხმარე. ისეთი სასოწარკვეთილი ვარ რამდენიმე საათის წინ თავის მოკვლა მინდოდა, მაგრამ ეგეც კი არ შემიძლია. იცი რატომ? ჩემს დას სწავლის ფულს ვინ გადაუხდის? ჩემი ძმა სისულელეებსაა აყოლილი და უპატრონოდ ვერ დავტოვებ, დედაჩემი ჩემს სიკვდილს ვერ გადაიტანს, შენმა წასვლამ ისედაც დაღი დაასვა მის ჯანმრთელობას. ამიტომ გეხვეწები, სთხოვე შენს ანგელოზებს ღმერთთან მიშუამდგომლონ.

_ ... - ისევ დუმდა, შევხედე და ისევ მომეჩვენა, რომ ფოტოს ვუყურებდი, ლამაზი, ფერადი ბუნება და ოდესღაც ამქვეყნიური შავ-თეთრი ბერი.

-მართლა გავგიჟდი ვის ვთხოვ დახმარებას. კაცს რომელიც რეალობას გაექცა, კაცს რომელიც მონასტერში დაემალა რეალობას სადაც მთავრობის შეცვლის შემდეგ 50 წელს გადაცილებული ადამიანები სამსახურს ვეღარ შოულობდნენ. კაცს, რომელმაც ვერ გაძლო ქვეყანაში სადაც ინტელიგენციას რევერანსებით და ქუდის მოხდით აღარავინ ხვდებოდა, კაცს რომელმაც დისკომფორტი იგრძნო იქ სადაც მას მოსკოვური კავშირების გამო ფეხქვეშ აღარ ეგებოდნენ. კაცმა, რომელმაც ვალები და სამი შვილი შეატოვა ცოლს, ცოლს რომელიც პატარა გოგოსავით იყო, არის და სიკვდილამდე იქნება მასზე შეყვარებული.

- ... - არც ახალა ამოუღია ხმა. ორივენი გავჩუმდით, არ დამითვლია, რამდენ ხანს გასტანა ამ დუმილმა, მაგრამ ხანმოკლე არ უნდა ყოფილიყო, რადგან ჩემმა გულმა მოლბობა, ნერვებმა კი დამშვიდება მოასწრეს. ვუყურებდი მის სახეს, ხან როგორც ფოტოს, ხან როგორც მამას და მივიწყებულმა გრძნობამ ისევ გაიღვიძა. მივხვდი, რომ მე მამაჩემი მიყვარდა, მიყვარდა და არც არასოდეს შემიწყვეტია მისი სიყვარული, უბრალოდ ყოველდღიურობამ დრო არ დამიტოვა ფიქრებისა და გრძნობებისთვის.

- გაპატიე, მე შენ ყველაფერი გაპატიე, მართლა. უბრალოდ მახსოვს, უფრო სწორად მახსენდება ხოლმე ყველაფერი თორემ გაპატიე. ან იქნებ დავივიწყე, მაგრამ არ მიპატიებია, არ ვიცი. რომ მიყვარხარ ეგ ხომ იცი? მთელმა ქვეყნიერებამ იცის და ამას თქმა ან გამეორება არ სჭირდება, მიყვარხარ მამა და ეს აქსიომაა

- ... - ისევ დუმდა, მე კი შევცქეროდი, ვუყურებდი, როგორც ადამიანს, რომელიც მიყვარდა და აუღიარებლად მენატრებოდა. არაფერს არ ველოდი, უბრალოდ სიმშვიდე ვიგრძენი, გრილი სიო უბერავდა, მხოლოდ ფოთლების ხმა არღვევდა დუმილს, მე კი ვიყავი საოცრად მშვიდი. ცივილიზაციაში ტელეფონის ვიბრაციამ დამაბრუნა. ჯიბიდან მობილური ამოვიღე, დედაჩემი რეკავდა.

-გავიგე შენი ამბავი, როგორ ხარ? - ქარი ქროდა და ცოტა ცუდად ისმოდა მისი ხმა

-კარგად ვარ

- სად ხარ?

- არსად. შენ?

- დედაჩემთან ვარ, წნევა ჰქონდა დილით და გამოვედი. გამომივლი და წამიყვან სახლში?

- კი გამოგივლი

-სად ხარ ახლა? - კითხვა გამიმეორა

-არსად - ვუპასუხე იგივე

-თუ კარგ ადგილას ხარ და კარგად ხარ იყავი, არ იჩქარო ჩემით წავალ სახლში

-არა მე გამოგივლი, 2-3 საათში მოვალ

-კარგი გელოდები - მითხრა და გამითიშა

- შენი ცოლი იყო - ვუთხარი ბერ-მონაზონ მამაჩემს - უნდა წავიდე, მელოდება, სახლში უნდა წავიყვანო. შენ არაფერსზე ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება - ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი, დამშვიდობებისას არც ხელი ჩამომირთმევია და არც ჩავხუტებივარ, ბილიკისკენ წავედი, ოდნავ რომ გავცდი ნახევრად მოვბრუნდი და ნახვამდისთქო ვუთხარი, ისევ ისე იდგა, გავუღიმე და წამოვედი. ხუთიოდე ნაბიჯი მექნებოდა გადადგმული, რომ ბუჩქი დავინახე. უცნაურია, შევხედე ამ ბუჩქს და მისი ფოთლების განლაგება ქალის სახეს ქმნიდა, ახლაც თვალწინ მიდგას იმ ბუჩქის ფოთლებში გამოსახული 40-50 წლის ქალის სახე, უკან გადაწეული თმით და უკმაყოფილოდ მობრეცილი ქვედა ტუჩით. მომეჩვენა, რომ ქალი რაღაცით უკმაყოფილო იყო, თითქოს მე მსაყვედურობდა.

გამოთქმა, რომაა ქარის სისწრაფით, აი მაშინ მივხვდი მაგ გამოთქმის აზრს, რადგან ზუსტად ქარის სისწრაფით მოვტრიალდი, უსწრაფესი, ფართო ნაბიჯებით მივვარდი მამაჩემთან და გადავეხვიე.

-მამა მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, შენ ყველაზე მაგარი კაცი ხარ, გეფიცები მაგარი კაცი ხარ, ტყვუილად კი არ გაფასებს ყველა, სულ კარგს ამბობენ შენზე. ძალიან მაგარი კაცი ხარ მამა - ვეხვეოდი და ისე ვეუბნებოდი ამ ყველაფერს ცრემლმორეული ხმით. - ძალიან მიყვარხარ მამა!

- ... - ისევ დუმდა, მე მხრებში მოვკიდე ხელი და სახეზე დავუწყე ყურება

-შენ არაფერზე ინერვიულო მამა, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერს მივხედავ, ყველა პრობლემას მოვაგვარებ, ჩვენს ოჯახსაც მივხედავ მამა. გთხოვ არ ინერვიულო მამა ყველაფერი კარგად იქნება - ვემუდარებოდი და თან სახეზე ვეფერებოდი, ახლა ჩემს გონებაში მხოლოდ ერთი დარდი ტრიალებდა, ბერ-მონაზონი მამაჩემისთვის სადარდებელი არ დამეტოვებინა.

- ყველაფერი კარგად კი არ იქნება, ყველაფერი უკვე კარგადაა შვილო - მითხრა ღიმილით.

- ეგ როგორ მამა? - მისი ნათქვამი ისე გამიკვირდა, ისიც კი ვერ გავიაზრე, რომ ეს მთელი ამ დროის განმავლობაში მისი პირველი სიტყვები იყო.

- ყველაფერი კარგადაა იმიტომ, რომ ჩვენი ოჯახი კარგ ხელშია, შენს ხელშია შვილო, ვამაყობ შენით და მადლობა, რომ ასეთი ხარ. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ კარგი ადამიანი დადგებოდი, არ მიკვირს რომ ასეთი შვილი მყავხარ, არ მიკვირს მიხარია.

- არა მამა, არ ვარ კარგი, სუსტი ვარ მამა

- ჩვენ ორს შორის სუსტი მე ვარ შვილო, ეს მე გავექეცი პრობლემებს

- ცდები მამა, არასწორად მოქცევის შემდეგ მოსული დანაშაულის შეგრძნების, რომ არ შეგეშინდება და რასაც გინდა იმას მაინც, რომ გააკეთებ აი ეგაა სიძლიერე

ისევ გაჩუმდა, აღარაფერი უთქვამს, მე ისევ მოვეხვიე დავემშვიდობე და წამოვედი. გზად ისევ შევხედე იმ ბუჩქს ქალის სახეს, რომ მიუგავდა ფოთლები, ქვედა ტუჩი ისევ უკმაყოფილოდ ქონდა დაბრეცილი. ისევ რაღაცით უკმაყოფილო იყო, ეს სულ ესეთია ალბათ და ჩემი ბრალი არ ყოფილა მისი დაბრეცილი ტუჩითქო, გავიფიქრე და თავდაღმართზე დავეშვი. ბილიკზე მხოლოდ ერთხელ შევჩერდი, ტბას გავხედე, საოცარი სილამაზე იყო, აი ისეთი მთელი ცხოვრება, რომ არ მოგბეზრდება ყურება და ვერაფერში, რომ ვერ გაცვლი. მანქანაში ჩაჯდომამდე ისევ გავხედე იმ პატარა მთას, რომელზეც მონასტერი იყო აშენებული, მამაჩემი ისევ იმ ადგილას იდგა, ისევ იგივე პოზაში, ჩემგან ზურგშექცევით, ქარი უფრიალებდა შავ კაბას.

თბილისში, რომ დავბრუნდი უკვე გვიანი საღამო იყო, ბებიაჩემთან გავიარე დედაჩემის წამოსაყვანად. სახლისკენ, რომ მივდიოდით დედაჩემმა ისევ მკითხა.

-სად იყავი?

-არსად

-მამაშენთან იყავი?

=არა, პროსტა დავდიოდი - მოვატყუე მე

-ბალახი უკვე ამოვიდა მონასტერთან თუ ჯერ კიდევ ზამთარია იქ?

-აუ დედა თავი დამანებე - ვუთხარი ისეთი ტონით, რომ უხეშად არ გამომსვლია, დედამ ფანჯრისკენ მიაბრუნა თავი და ღამის ქალაქს დაუწყო ყურება, მის სახეს ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა. მე კი გაოცებით გამიელვა თავში ცნობილმა ფრაზამ „დედის გულს ვერაფერს გამოაპარებ“

სახლში მისულს კიდევ ერთი სურპრიზი მელოდა, ჩემმა მდივანმა დამირეკა. საბრალო მთელი დღე ცდილობდა თურმე ჩემთან დაკავშირებას, მაგრამ ტელეფონისთვის ხმა მქონდა გათიშული. დაფინანსების მისაღებად კიდევ ერთ შანსს მაძლევდნენ, პროექტში არსებულ ხარვეზებს სამ თვეში თუ გამოასწორებთ ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გინდათ, არაა თქვენი პროექტი დასაწუნიო - აი ამის სათქმელად მირეკავდნენ თურმე მთელი დღე.

საოცარი შვებით ამოვისუნთქე... არ ვიცი ბერ-მონაზონმა მამაჩემმა მართლა სთხოვა თავის ანგელოზებს ჩემთვის ღმერთთან შუამდგომლობა თუ როცა მეუბნებოდა ყველაფერი კარგადააო უკვე იცოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ფაქტია... მე დღეს ბედნიერი დავიძინებ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100