სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეძღვნება მერაბ ნინიძეს და გალაკტიონს

ამ საღამოს მერაბ ნინიძე გალაკტიონს კითხულობდა. ის გალაკტიონზეც კითხულობდა. ის გალაკტიონის მიმართ მიმართულ წერილებსაც კითხულობდა. ის თავის თავსაც კითხულობდა - როგორც ყოველთვის მისი საოცარი ნიჭით.

დღევანდელ დღეს ნიჭია ის რომ მობილური ტელეფონის გადაგდება შეგეძლოს ერთხელ და სამუდამოდ. და არ მოსმენა მობილური კომუნიკაციების საუკუნის უაზრო დუდღუნის პოლიტიკის და ბიზნესის გაუსაძლის და ყოვლად უსახო სამყაროზე.

დღვანდელ დღეს ადამიანის სახე ისაა - რომ მას ინტიმში შეეძლოს გალაკტიონის მოსმენა.

დღევანდელ დღეს ადამიანის სახეა ის, რომ მას შეეძლოს ერთი საათის განმავლობაში მაინც მერაბ ნინიძის მოსმენა - ყოველგვარი ვებ-და-ელექტრო-კომუნიკაციების სამყაროს გარეშე.

ლაშა ბაქრაძეს ხშირად არ ვეთანხმები - მაგრამ დღეს სრულიად დავეთანხმე. მან კარგად თქვა რომ ჩვენი პათოლოგიაა მობილური მიჯაჭვულობა აბსოლუტურ უაზრობასთან. დიახ, მე ვაღიარებ რომ ეს პათოლოგია ნელი-ნელ მახრჩობს და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევს.

ჩვენი პათოლოგიაა პიარის ინდუსტრია. ჩვენი პათოლოგიაა ჩვენი სულის გამოტექნოკრატება. ჩვენი პათოლოგიაა ადამიანის არსის გამოსაქონლება.

ჩვენ ართურ მილერის 'კომივოიაჟერის სიკვდილის' უილი ლომანები გავხდით ბოლო ოც წელიწადში. ის ადამიანები, რომლებიც განუწყვეტლივ ვიტყუებით, იმის იმედით რომ მეტ ნივთებს დავაგროვებთ, მეტ 'წარმატებას' მივაღწევთ, და კარგ კარიერას გავიკეთებთ.

ჩვენი პათოლოგიაა მობილური კომუნიკაციებით დახუნძლული უკიდეგანო კარიერიზმი.

ჩვენი პათოლოგიაა ჰაი-ტექ პოსტ-ინდუსტრიული სიცარიელე, როდესაც არავინ საინტერესო არ არის.

მერაბ ნინიძემ - და 'ჰაშიშით მთვრალმა დეკადენტებმა' ეს სიცარიელე შეავსეს დღეს. შეავსეს გალაკტიონის ლექსებით კი არა მარტო - არამედ მისი ახლობლების, მისი მეგობრების, მტრების, ანონიმშიკების წერილების გამხელით. ოღონდ ეს ხდებოდა ინტიმში. ეს იყო ისეთი ინტიმი, რომელსაც ნატრულობდა ვერლენი და რემბო.

ნინიძემ გაარღვია კედლის ლიმიტი, რადგან იქ, სქელ კედლებს მიღმა იდგა რობოტების უხილავი ხელი. ტექნოკრატიულმა ბორდელიერომ ვერაფრით უპასუხა მის გამოწვევას ამ ღამეს. მან ბედნიერებად გვაქცია - მიუხედავად იმისა რომ მობილური კომუნიკაციების საშუალებით ჩვენი სულების გაკუბების ცერემონიალი ულმობლად გრძელდებოდა.

'არაუშავს' - თქვა ნინიძემ და გააგრძელა ინტიმური ლექსების კითხვა. და ამ 'არაუშავს' მოჰყვა გრგვინვა-გრიალი.

დიახ, ჩვენ უკულტურო მომხმარებლები ვართ. ჩვენ საზიზღარი ბიურგერები გავხდით. ჩვენ აღარ შეგვიძლია ვთქვათ უარი ტექნო-სატყუარებზე. დემოკრატია ჩვენ პორნოგრაფიად ვაქციეთ.

ნინიძემ გაარღვია ლიმიტი დემოკრატიის პორნოგრაფიის - და დაიბრუნა ინტიმი. პოეზიას ინტიმი სჭირდება - მის გარეშე ის არ არსებობს. წერილების კითხვასაც ინტიმი სჭირდება, მეგობრებო - ის შეუძლებელია საინფორმაციო ველში. კარგი ხელოვნება არ იყიდება - ის მხოლოდ საჩუქარია. არ მოგატყუოთ უილი ლომანმა - თავისი შვილის მომტყუებელმა კომივოიაჟერმა!

ნამდვილი ხელოვნება გაშიშვლებული ულამაზესი სულის საჩუქარია.

რა უნდა ვუთხრათ ახალ თაობას, რომელიც გალაკტიონს ტექნო-პანკის სათვალეებით უყურებს - და ეს მისი ბრალი არ არის. იმიტომ რომ მათი მშობლები დახარბებული მომხმარებლები არიან. ისინი ხომ ერთ დუქანს არ უშვებენ ხელიდან რომ ახალი ნივთი დაყორონ. შვილები კი ამბობენ: სხვანაირი მსოფლიო შესაძლებელია, სადაც ყველაფერი არ იყიდება და ადამიანს საჩუქარიც ეკუთვნის. იმიტომ რომ ის ღმერთის სახების მიხედვით გაჩენილი სიყვარულის გენიოსია.

დღეს მობილურები სჭირდებათ სიმდიდრეს დახარბებულ კომივოიაჟერებს და ძალაუფლებას დახარბებულ პოლიტიკოსებს.

დღეს მობილური არ სჭირდება ხელოვანს!

გალაკტიონმა კარგად დაინახა ეს თავის დროზე - როგორც ნიცშემ კიდევ უფრო ადრე.

ძალაუფლებაზე დახარბებულ პოლიტიკოსზე მან დაწერა 1917 წელს:

'ათრობდა ხალხთა მწუხარება, სისხლის აუზი,

მისი სასახლე მონად ჰყავდა აღფრთოვანებას,

მოღალატეთა შთაგონებით სცემდა ბრძანებას

და მედიდურად ხელს აწერდა ნიკოლაოზი.

ლაჩარი იყო, ქვეყნის ბედი, ღელვა, ქაოსი

ფრეილინების და დედოფლის ჟინს მიანება,

ჩვენ კი სიმართლის ციხეებში დაგვიანება

გულს გვისერავდა, როგორც ზარი სასაფლაოსი.

კუბოებისთვის მეკუბოვეთ ხე აღარ ეყოთ,

ხე არ ყოფნიდა მეფეს კაცთა ჯვარზე საცმელად,

მაგრამ გამოჩნდა სიხარული კაცთ დასახსნელად..

ამხანაგებო! განახლების ზარმა დარეკა,

ტახტი დაეცა და იმედად ქაოსზე დგება:

თანასწორობა, რესპუბლიკა, თავისუფლება!'

ხომ არ გეცნობათ სურათი?

დღეს პირისპირ დგანან პოეტის გენიოსი და პოლიტიკოსის უგუნურება. მათს შორისაა ასარჩევი მობილურების საუკუნეში. მათს შორისაა ასარჩევი ნეტის სიღრმეში.

დღეს პირისპირ დგანან ხელოვანის გულახდილობა და კომივოიაჟერის სიყალბე. ხელოვანს არ უნდა სიმართლის მოყიდვა-მოსაღება - კომივოიჟერს კი ცრუ-რეკლამაზე გაურბის თვალი.

მაგრამ, ადამიანი ხომ მაინც ღმერთის შექმნილია მის ხატად და სახებად. ადამიანი ხომ მაინც ბერგსონის გენიოსია.

დღეს ნინიძემ გვაჩვენა რომ ყველა ადამიანი შეიძლება იყოს გენიოსი. მთავარია არ დაიზაროს ქრისტესავით სულის გაშიშვლება და სიყვარულის გულწრფელად ახსნა.

ნინიძემ გაარღვია ტელე-კომუნიკაციების ლიმიტი ინტიმურ პატარა ოთახში, რომელიც კარგა ხანია არავის გაურემონტებია.

რატომ?

იმიტომ რომ დღეს შეიძლება ადამიანმა გაიმეოროს გალაკტიონის 1925 წელს ნათქვამი სტრიქონები:

'ვარ გენია რიმანელი

მესმის ქართა მქუხარება,

მეფინება წვიმა ნელი

და დემონის მწუხარება.

დავიწყებულ სიმების გვარ

ფერით ოხრავს ვილანელი,

მე მდუმარე გენია ვარ..

და გენია რიმანელი.

ყრუდ ვუსმენდი ლიუციფერს,

ის ბრძოლაში მივანელე,

ვგმობ სამარეს და სიბერეს

მე, გენია რიმანელი.

ვარ გენია რიმანელი,

მესმის გულთა მქუხარება,

მეფინება წვიმა ნელი

და დიდების მწუხარება."

და დიდების მწუხარება..

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100