სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„რომ საქართველოვ ერთი სიტყვის უფლებაც არ გაქვს“

ეს გახლავთ ახალგაზრდა, ნიჭიერი პოეტის, ალექსანდრე შურღაიას ლექსი "წარსულის ექო".

ჩვენ, ყველაფერი დავივიწყეთ რაც დღემდე იყო
ვამბობთ,რომ აწმყო წარსულთანაც ბარიბარშია
ახლა კი ვზივართ,კუთხეში და ხმამაღლა ვფიქრობთ
საქმე რაშია,რომ ვიცოდეთ საქმე რაშია?
არც არაფერში ჩემო მტკვარო,ჩემო რიონო
არც არვისში,უფრო სწორად, რადგან ასეა
ქვეყანა სადაც რევოლვერით სამაგიეროს
გადახდას უფრო გაცილებით დიდი ფასი აქვს.
ვიდრე სიყვარულს,ვიდრე მშობელს,ვიდრე მაცხოვარს
(და ვფიქრობ ახლა მცხოვერი ხსენებად არ ღირს)
ქალაქში, სადაც არვინ უყრის ხურდას მათხოვარს
და ყველაფერში გამუდმებით ეძებენ სამხილს:
დასაბეზგებლად,დასასმენად და კიდევ ათას,
თუ ათიათას,თუ მილიონს ნახავ ეპითეტს,
თუ ამოიღებ ხმას და იტყვი ილიას მსგავსად,
რომ ქართველი ხარ და რომ გული ამდენს ვერ იტევს
დაგიმიზნებენ,გაცხელებულ შუბლში იარაღს
და გაცხელებულს იმიტომ ,რომ პირველი არ ხარ
ვისაც დღეს კლავენ და ვის მშობლის გულში იარას
ტოვებენ, რათა სიკვდილამდე მატლებმა გახრან,
მათი სხეული,მათი სული,შვილმკვდარი სული,
რომლებიც ალბათ ვერასოდეს იგრძნობენ შვებას,
რადგან თვალები მშობლებისა ყოველთვის სრულად
აღიქვამენ და გრძნობენ რაც კი გარშემო ხდება.
ან კი რა ხდება სასიკეთო იქნება მითხრა?
იქნება მითხრა სასიკეთო რა ხდება? ან კი
შედი სოროში ან შეძვერი როგორც ის ვირთხა
რომელმაც თავი დაუხარა ყველა იმ მახვილს,
რომელიც მტერმა მოუქნია.შენ კი იცოდე,
რომ საქართველოვ ერთი სიტყვის უფლებაც არ გაქვს,
მე ვარ ის შვილი,რომლის გამო ცხრავე სიცოცხლეს
დაუფიქრებლად და უთქმელად გაიღებს მამა.
მამა,რომელიც ყოველ დილით გადის სახლიდან,

წელში მოხრილი,დაღალული,დაცლილი მამა,
რომ ეს ცხოვრება დასაწყები არის ახლიდან
ამბობს და თვალებს დედაჩემის ხელებში მალავს.
რადგანაც ხვდება,რომ ტკივილი სათქმელად არ ღირს,
რომ მას ჩვენ თვითონ გამოვივლით ადრე თუ გვიან,
რადგან ჩვენ სახლში:საუზმეს,სამხარს,ვახშამს თუ სადილს
ხმელ პურზე მშრალად გადასმული კარაქი ჰქვია.
და ამის შემდეგ ადგები და დაგცდება კიდევ,
რომ "არაუშავს",რომ "რა უჭირს",რომ "ხდება ხოლმე"
და ,რომ დღეს თითებს გამომხმარი ტოტივით ვიმტვრევთ
და ,რომ ამ გვამის წასაღებად ოდესმე მოვლენ:
ანგელოსები,დემონები ან ღმერთი თვითონ,
ჩამობრძანდება,თუ ჩამოვა ზეციდან კიბით
რომელზეც ვამბობთ,რომ ვერ ვამჩნევთ ,ვერ ვხედავთ ვითომ
სინამდვილეში გვეშინია გახედვა იქით....
სადც ღმერთია...და დასრულდა,დამთავრდა,მორჩა
მორჩა და ყველა მიგიხურა ცხვირწინ კარები
და მიკვირს ახლა სად წავიდა "ხვიჩა"და "გოჩა"
იმ ქვეყანაში,სადაც ყველას მათი სახელი...
ჰქვია.და მიდი გაიარე ბალახზე ცვრიან
და გაიხსენე სახელები:მუხრან და ოთარ
და ვისაც მართლა თმის ღერამდე ქართველი ჰქვია
აიყოლია,ააჯანყე,აყარე ჰოდაა.....
სხვებმა იცინონ,ინებივრონ,გატეხონ ფიცი,
შენ კი იცოდე,რომ არა გაქვს ძილის უფლება
მე შენ გითხარი,მაგრამ ვფიქრობ,შენ უკეთ იცი
თუ რა ფასი აქვს,ღვთის ნაბოძებ თავისუფლებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100