მზრუნველობამოკლებული ბავშვები ცნობილ მომღერლებთან დუეტებს ჩაწერენ

პირველად საქართველოში, უპრეცედენტო პროექტი მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის. ხმის ჩამწერი სტუდია „shum-R“-ის მფლობელი გიორგი პაპკიაური სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ მყოფ აღსაზრდელებში ვოკალური მონაცემების ნიჭიერ ახალგაზრდებს ეძებს და მათ ცნობილ მომღერლებთან დუეტებს ჰპირდება. ამ საქველმოქმედო პროექტის შესახებ droni.ge თავად იდეის ავტორს გაესაუბრა.

გიორგი რას ითვალისწინებს ეს საქველმოქმედო პროექტი?

პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების, მცირე საოჯახო ტიპის აღსაზრდელებისა და სოციალურად დაუცველ ოჯახებში მყოფი ნიჭიერი , ვოკალური მონაცემების მქონე ბავშვების შერჩევას და დუეტების ჩაწერას ცნობილ მომღერლებთან. ეს აღსაზრდელები მოკლებულნი არიან ოჯახურ სითბოს, ასევე სხვა ბავშვებთან შედარებით, ნაკლები შანსი აქვთ თავიანთი ნიჭის გამოვლენისა, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ წამოწყებით მათ მომავალს სასიკეთოდ შევცვლი და ცოტათი მაინც გავაფერადებ მათ ცხოვრებას.

საიდან მოვიდა იდეა?

იდეა დიდი ხანია არსებობს, შეიძლება ითქვას. ბავშვობიდან ჩემი ოცნებაა. მე ყველაზე კარგად ვიცი რას გრძნობენ ეს ბავშვები, თავად მე კოჯრის ბავშვთა სახლში გავიზარდე და დიდი შრომა და გაჭირვება გამოვიარე, რომ, რაც დღეს ვარ იმისთვის მიმეღწია და დიდი მადლობა ამისთვის ჩემს მეუღლეს ეკა საჯაიას. ვმღერი ბავშვობიდან მაქვს ჩამწერი სტუდია „shum-R“ და მინდა რომ ეს სტუდია ცნობილი მომღერლების გარდა ამ საქველმოქმედო საქმეს მოვახმარო.

რაც შეეხება იმ ცნობილ მომღერლებს, ვინ იქნებიან ისინი და რა რეაქცია მოჰყვა მათი მხრიდან ამ შეთავაზებას?

ესენი იქნებიან ახალი ხმისა და საქართველოს ვარსკვლავის მონაწილეები, ასევე სხვა ცნობილი მომღერლები, რომლებთანაც მოლაპარაკება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მინდა ვთქვა, რომ ყველა აღფრთოვანებულია ამ წამოწყებით და გვერდში მიდგანან. როდესაც საქმე ასეთ აღსაზრდელებს ეხება ძნელია გულმა უარი გათქმევინოს, ამიტომაც ჩვენ ყველანი შევეცდებით ეს სასიკეთო საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.

რა ეტაპზეა პროექტი და რამდენი ბავშვი უნდა შეირჩეს?

სულ 25 ბავშვი უნდა შეირჩეს, ჯერ მხოლოდ სამია შერჩეული და სექტემბრამდე ეტაპობრივად მოხდება 25-ვეს შერჩევა და სიმღერების ჩაწერა.

რა რეაქცია იყო თავად აღსაზრდელების მხრიდან?

გაგიჟდნენ ისე გაუხარდათ, სიხარულისგან ერთმა იტირა, ძალიან ჩართულები არიან თავად აღმზრდელები, ყველა მხარში გვიდგას და არ იცით ემოციურად რა მჭირდა, როდესაც მათ გახარებულ სახეებს ვხედავდი, ეს რომ ჩემს ბავშვობაში ვინმეს გაეკეთებინა, ალბათ მეც უკეთესი ცხოვრება მექნებოდა, მაგრამ ბედნიერი ვარ რომ, ამის გაკეთება მე შევძელი მათთვის.

რაც შეეხება პროექტის კულმინაციას, გეგმავთ თუ არა მასშტაბურ ღონისძიებას?

რათქმაუნდა, როდესაც 25ვე დუეტი ჩაიწერება, სადღაც ოქტომბრისთვის ჩავატარებთ კონცერტს, რომელიც იქნება ასევე საქველმოქმედო და შემოსული თანხა სრულიად გადაერიცხებათ და მოხმარდებათ მათ და მხოლოდ მათ. ერთი კიდევ მინდა დავამატო, რომ ეს არის ერთგვარი „მესიჯი“მათთვის, ვისაც ამ აღსაზრდელების დახმარება და ცხოვრების ცოტათი მაინც გალამაზება შეუძლია. დაგვიდექით გვერდში და ჩვენ ყველანი ერთად შევცლით მათ მომავალს უკეთესობისკენ.

კომენტარი