სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველმა მოჭადრაკეებმა დუბაი ტრიუმფით მოიარეს

ქართველი მოჭადრაკეების სრული ტრიუმფით დასრულდა დუბაიში მიმდინარე შეიხ რაშიდ ბინ ჰამდან ალ მაკტუმის თასის ეგიდით გამართული ბლიც-ტურნირი. 9 შესაძლებლობიდან 7.5 ქულით მთავარი პრიზი რეიტინგ-ფავორიტმა ბაადურ ჯობავამ (2706) დაისაკუთრა, მეორე ადგილზე კი, 7.0 ქულით, მიხეილ მჭედლიშვილი (2626) გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ჯობავამ ბლიც-შეჯიბრში 6 პარტია მოიგო, სამი კი ყაიმით დაასრულა. აქედან ბოლო ზავი ბაადურმა მჭედლიშვილთან შეხვედრაში დააფიქსირა, რომელმაც თავის მხრივ 6 მოგებას 2 ფრე და 1 მარცხი მიაყოლა.

5.5-5.5 ქულა მოაგროვეს ლევან ფანცულაიამა (2595) და დავით არუთინიანმა (2553), რომელთაც შესაბამისად, მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე ადგილები დაიკავეს.

ამავდროულად, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში გრძელდება 14th DUBAI OPEN CHESS CHAMPIONSHIP-ის ძირითადი ტურნირი, რომელშიც 7 ტური მიილია. მისი შედეგებით, მოულოდნელად წინ გაიჭრა ლატვიელი ნორმუნდს მიეზისი (2557), რომელმაც თავი 6.0 ქულას მოუყარა.

ლიდერს ნახევარი ქულით 9 მოჭადრაკე ჩამორჩება, რომელთა შორის მჭედლიშვილიც იმყოფება, ჯობავა და ფანცულაია 5-5 ქულით, შესაბამისად, მე-11 და მე-14 პოზიციებზე არიან, ხოლო არუთინიანი 4.5 ქულით 30-ეა. ტურნირის ერთადერთი ქართველი ქალი მონაწილე სოფიკო ხუხაშვილი (2408) ასევე 4.5 ქულით 34-ე საფეხურზეა.

ცნობისთვის, დუბაი ტრადიციულ ტურნირს უკვე მე-14-ედ მასპინძლობს და მასში 32 ქვეყნის 172 მოჭადრაკე მონაწილეობს, რომელთაგან 91 საერთაშორისო წოდების მქონეა. 14th DUBAI OPEN CHESS CHAMPIONSHIP-ი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს, მისი საპრიზო ფონდი კი 50 ათასი დოლარია, საიდანაც ჩემპიონი 10 ათასს მიიღებს.

ბოლოსწინა, მე-8 ტურში მჭედლიშვილი შავი ფიგურებით სომეხ ზავენ ანდრიასიანს (2616) ეთამაშება, ჯობავა თეთრებით - უკრაინელ ვლადიმირ ბაკლანს (2612), ფანცულაია შავებით - ჰოლანდიელ ლუკ ვან ველის (2691), ხუხაშვილი თეთრებით - მოლდოველ ვიორელ იორდანესკუს (2644), ხოლო არუთინიანი შავებით - ინდოელ ბჰუვანეშ რამნატს (2343).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100