სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩოგბურთის ორი ახალი დახურული მოედანი - მზიურის ტერიტორიაზე ახალი საჩოგბურთო ბაზა აშენდება

ინვესტროთა გარკვეული ჯგუფი თანამედროვე სტანდარტების საჩოგბურთო ბაზის მშენებლობას იწყებს.

როგორც გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი განმარტავს, აღნიშნული ჯგუფი მზად არის, ჩოგბურთის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს აბსოლუტურად უფასოდ დაუთმოს მოედანი.

„პროექტმა ნამდვილად დაიმსახურა მოწონება და სრული მხარდაჭერაც გვაქვს სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ სპორტის სამინისტროს და ხელისუფლების მხარდაჭერა გვაქვს არა მხოლოდ ამ კონკრეტულ პროექტზე, არამედ, ზოგადად, ქართული ჩოგბურთის აღორძინების საქმეში, რაც ცხადია, ძალიან სასიამოვნოა. ეს, მართლაც, საშვილიშვილო საქმეა, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სპორტის განვითარებას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი ღირსეული ნაბიჯია ქართული სპორტის აღორძინებისთვის.“-განაცხადა მეტრეველმა.

პროექტის ფარგლებში ჩოგბურთის ორი დახურული მოედნის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნების და სარბენი ბილიკების მშენებლობა იგეგმება. ტერიტორიაზე 100-120-ნომრიანი სპორტული ტიპის სასტუმრო აშენდება, რომლის მენეჯმენტსაც საერთაშორისო ოპერატორი განახორციელებს. დაემატება ორი საცურაო აუზი, სპა, სარეაბილიტაციო და სამკურნალო ცენტრი, ჯანსაღი კვების ობიექტი, ცნობილი სპორტული ბრენდის ექსკლუზიური მაღაზია. განსაკუთრებით აღსაღნიშნავია, რომ ტერიტორიაზე ულტრათანამედროვე, ევროპული სტანდარტების ფიტნეს ცენტრი აშენდება, რომელსაც ოპერირებას მსოფლიოში ცნობილი, საერთაშორისო ოპერატორი Worl Class გაუწევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100