სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდნეტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს თომას ბახს შეხვდა. ქვეყნის პირველმა პირმა მსოფლიო მასშტაბით საქართველოს წარმოჩენის თვალსაზრისით ქართველი ოლიმპიელების როლზე ისაუბრა.

თომას ბახმა ხაზგასმით აღნიშნა სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობა და მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის. მხარეებმა ყურადღება ქართველი ათლეტების როლზეც გაამახვილეს მსოფლიო ოლიმპიზმის განვითარების საკითხში.

„საქართველო, შესაძლოა, პატარა ქვეყანა იყოს, თუმცა, ოლიმპიური თვალსაზრისით, ის უდავოდ დიდი სახელმწიფოა. ამ მხრივ, ქართველმა ათლეტებმა ისტორიული როლი შეასრულეს მსოფლიო მასშტაბით და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულები არიან“, - აღნიშნა თომას ბახმა.

მხარეებმა ასევე განაცხადეს, რომ აუცილებელია ოლიმპიური კომიტეტი ჩაებას ერებს შორის მეგობრობის განმტკიცების საქმეში და შეთანხმდნენ, რომ ამ მხრივ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

„მადლობას გიხდით საქართველოში სტუმრობისთვის და მსოფლიო ოლიმპიადის ისტორიაში ქართველი ათლეტების სათანადოდ დაფასებისთვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ სპორტსმენებს საქართველოს სახელის მსოფლიო ასპარეზზე გატანისთვის. ამაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის როლი დიდია და ის მხოლოდ სპორტული თამაშებით არ შემოიფარგლება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის მსვლელობისას.

თომას ბახმა გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში შვეიცარიაში, ლოზანაში მიიწვია, სადაც მხარეები თანაშრომლობის გაღრმავების პერსპექტივასა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

შეხვედრის დასასრულს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ქვეყნის პირველი პირი საგანგებო მედლით დააჯილდოვა, რომელიც ოლიმპიური თამაშების აღმდგენელმა პიერ დე კუბერტეინმა, საგანგებოდ სახელმწიფოს მეთაურებისთვის დააწესა.

საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა კი გიორგი მარგველაშვილის საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალურად მოჭრილი მედალი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.სიმბოლური საჩუქრები საქართველოს პრეზიდენტისგან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმაც მიიღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100