სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღონისძიებები ოკუპაციის წინააღმდეგ თბილისსა და რეგიონებში

არა ოკუპაციას - საქართველოში ოკუპაციის კვირეული გრძელდება. ღონისძიებები ოკუპაციის წინააღმდეგ თბილისსა და რეგიონებში ტარდება.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები არიან შეკრებილები, რომლებიც ოკუპაციის გასაპროტესტებლად აქციას მართავენ. მათი შეკრება "ფეისბუქის" საშულებით მოხდა. 

კვირეულთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშაა დაშვებული. 

თბილისის ძველი პარლამენტის ეზოში, ხარების სახელობის სამლოცველოში 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. მას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, დეპუტატები და იუნკერთა შთამომვალები დაესწრნენ. 

დღეს საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნება. 92 წლის წინ, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ საქართველოს ძალის გამოყენებით დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. 

რუსეთის წითელი არმია საქართველოში ეროვნული საბჭოს მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სამ წელში, 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან აღუდგნენ. მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა, განახლებული შეტაკებების შედეგად, იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. 

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა და დედაქალაქში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა. 

გმირულად დაღუპული იუნკერები დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში, იქ, სადაც ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს. 

"დამეხსენი ჩრდილოელო", "არა ოკუპაციას", - ამ სახელწოდებით აქციები დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას და ქვეყნის რეგიონებში მოეწყო. 

კოჯორში იუნკერების მემორიალთან ოკუპაციის კვირეულისადმი მიძღვნილი მშვიდობიანი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საბჭოთა კავშირის დროინდელი პოლიტიკური ვითარების დაბრუნების წინააღმდეგ თავიანთი შეხედულებები გამოხატეს. იქ მყოფმა საზოგადოებამ კოცონი დაანთო, სადაც საბჭოთა კავშირის დროშა დაწვეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეების მთელი კოლონა თბილისისკენ დაიძრა. 

პარალელურად, აქცია გაიმართა ენგურის ხიდთან. ენგურის ხიდზე ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს მაღალჩინოსნებმა აქციის მონაწილეები მანქანებით არ გაატარეს. აქციაზე პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში თენგიზ გუნავა იმყოფებოდა, რომელსაც სამართალდამცველებთან მცირე გაუგებრობა ჰქონდა, გზაზე გატარებასთან დაკავშირებით. იქ მყოფი ადამიანები მშვიდობის მონუმენტამდე ფეხით წავიდნენ, სადაც მათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც დახვდნენ. 

ახალგაზრდებმა მონუმენტზე საქართველოს სახელმწიფო დროშა აიტანეს და ქართული სიმბოლიკიანი ფრანები გაუშვეს. გამართულ აქციას ასევე შეუერთდა ორგანიზაცია "პატრიოტები", სამხრეო ადმინისტრაცია, ზუგდიდის რაიონის საკრებულოს წევრები და ზუგდიდის მოქალაქეები. 

გმირთა მოედანზე საზოგადოებრივი კავშირი "დროას" წევრებმა აქცია გამართეს. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა ომში დაღუპულ გმირთა მემორიალს პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს. აქვე გაიმართა სამზადისი სამაჩაბლოს დეფაქტო საზღვართან გასამგზავრებლად, სადაც ასევე ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. 

"დროა დასრულდეს საქართველოს ოკუპაცია, დროა ერთობის, არა ოკუპაციას!", - ამ ლოზუნგით მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ერგნეთის საზღვართან გაიმართა. საზოგადოებრივმა კავშირმა "დროამ" სანთლებით საქართველოს დროშა გამოსახა. აქციის მონაწილეებმა სანთლების დანთების შემდეგ სიმბოლურად ცაში მანათობელი ბურთები გაუშვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100