სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

CNN საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

მომზადებულია CNN.com-ზე დაყრდნობით

უკანასკნელი ორი დღის მანძილზე საქართველოს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ვიდეომასალა, სადაც ასახულია გლდანის #8 საპყრობილეში მომხდარი სასტიკი და შემაძრწუნებელი ფაქტები.

გუშინ გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნულ მდგომარებას შემაძრწუნებელი უწოდა და ამ ყოველივეს აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომები მიიღო.

თბილისის მთავარმა პროკურატურამ ამ ფაქტთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გააკეთა. დააკაეს 10 დამნაშავე, მიმდინარეობს ეჭვმიტანილების დაკითხვა.

ვიდეორგოლებში, რომლებიც მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, ნათლად ჩანს პატიმართა დამცირებისა და მათზე ძალადობის ფაქტები. ისმის მსჯავრდებულების ხმები ძალადობის შეწყვეტის თხოვნით.

ამ საშინელი ფაქტების გავრცელებისთანავე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ, პრემიერ-მინსტრს გადადგომის თხოვნით მიმართა, მერაბიშვილმა აღნიშნული თხოვნა დაუყოვნებლივ დააკმაყოფილა.

„ჩემი მინისტრობის პერიოდში მე მაქსიმალურად შევეცადე და ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული და რომ სასჯელაღსრულების სისტემა მაქსიმალურად შესაბამისობაში ყოფილიყო ევროპულ სტანდარტებთან, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ძალისხმევა არ იყო საკმარისი, იმიტომ, რომ ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი, რასთან დაკავშირებითაც მე ძალიან ვწუხვარ და არ აქვს მნიშვნელობა, ვისი ორგანიზებული იყო ეს ყველაფერი.“ - განაცხადა კალმახელიძემ.

Human Rights Watch-მა კი გლდანის #8 საპყრობილე ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ სასჯელაღსრულებით ორგანოდ შეაფასა.

Human Rights Watch საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნული დანაშაულის გამოძიებისკენ მოუწოდებს და თვლის, რომ სექსუალური დანაშაული სისხლის სამართლის კუთხით უნდა განიხილოს და დამნაშავეები სათანადოდ დაისაჯონ, ამისთვის ჩვეული ადმინისტრაციული სანქციები არ არის საკმარისი.

აშშ-ს ელჩმა საქართველოში აღნიშნა, რომ ეს ყოველივე სერიოზულ განხილვასა და აღმოფხვრას მოითხოვს.

„პატიმრებზე ძალადობა იმდენად მიუღებელი და წარმოუდგენელი ფაქტი უნდა იყოს, რომ ამის გაკეთება ვერავინ გაბედოს. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ დანაშაულს გამოიძიებს და დამნაშავეებს მაქსიმალური სიმკაცრით დასჯის“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100