სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტრაგედიები ფირზე: ბანკის თანამშრომლები, რომლებიც ალმოდებული შენობიდან ხტებოდნენ (ვიდეო)

რედაქცია გაფრთხილებთ: არასრულწლოვანებისა და სუსტი ნერვული სისტემის მქონე პირებისთვის ვიდეოს ნახვა მიზანშეწონილი არ არის.

ეს საშინელი ტრაგედია ვლადივოსტოკში, 2006 წელს დატრიალდა. ცხრასართულიან საოფისე შენობაში, რომლის მე-7 სართულზე შემნახველი ბანკი მდებარეობდა, მე-7 და მე-9 სართულებს შორის ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და როცა ევაკუაციის დაწყების ბრძანება გაიცა, აღმოჩნდა, რომ უკვე გვიან იყო: შავმა, მომწამვლელმა ბოლმა მთელი ოფისი მოიცვა.

შენობის ალმოდებულ ნაწილში ნამდვილი ცოდვის ტირილი იდგა: ბანკის თანამშრომლები, უმეტესწილად, ახალგაზრდა ქალები, გამოღებული ფანჯრებიდან გამყინავი ხმით გაჰყვიროდნენ და შველას ითხოვდნენ. ზოგიერთი კარნიზზე ეკიდებოდა, თუმცა, დიდხანს ვერ ძლებდა და გაოგნებული ხალხის თვალწინ, დღისით-მზისით, ძირს ენარცხებოდა. ადამიანები ეკიდებოდნენ სარეკლამო პლაკატს, რომელმაც სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩამოწყდა.

„გვიშველეთ! ჩვენ პატარა შვილები გვყავს, ჩვენი სიკვდილი არ შეიძლება!“ - გაჰყვიროდნენ 22, 24, 27 წლის გოგონები. მიწაზე მყოფ ხალხს მათი შველა არ შეეძლო. ზოგიერთმა განწირული ნაბიჯი გადადგა: სასწრაფოდ მოარბენინა მუყაოს ყუთები, დაშალა და ასფალტზე, ბანკის თანამშრომელთა სავარაუდო დაცემის ადგილზე დააფინა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამან გადმოვარდნილებს ვერაფერი უშველა. მამაკაცებმა ფანჯრების ქვეშ მსუბუქი ავტომანქანები ხელით გადაიტანეს...

სად იყვნენ სახანძრო და სამაშველო სამსახურები? მათთან შეტყობინება ხანძრის გავრცელებიდან 20 წუთში მივიდა. სახანძრო მანქანამ შენობასთან ახლოს მისვლა ვერ შესძლო, რადგან ხელს იქვე გაჩერებული მსუბუქი მანქანები უშლიდნენ. გამოძახებული სამსახურების თანამშრომლებს სამაშველო, დამცავი ბატუტები არ აღმოაჩნდათ, ერთადერთმა სახანძრო მანქანამ კი კიბე შენობის მეორე მხარეს მიადგა და შენობიდან ბანკის ხელმძღვანელები გამოიყვანა, იმის მიუხედავად, რომ შენობის იმ ნაწილში ხანძარი არ იყო გავრცელებული.

ტრაგედიის დღეს შემთხვევის ადგილზე 9 ადამიანი დაიღუპა: ერთი მამაკაცი და 8 ქალი. ქალებს შორის ყველაზე უფროსი 27, ყველაზე უმცროსი კი 22 წლის იყვნენ. უმრავლესობას მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ მსხვერპლის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდებოდა, შენობაში რომ ყოფილიყო დაცული ელემენტარული ხანძარსაწინააღმდეგო წესები...

რედაქცია გაფრთხილებთ: არასრულწლოვანებისა და სუსტი ნერვული სისტემის მქონე პირებისთვის ვიდეოს ნახვა მიზანშეწონილი არ არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100