სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გალის სკოლებში ისევ ლუჟკოვის ნაჩუქარი წიგნებით ისწავლიან

აფხაზეთის სკოლებში სასწავლო წელი 1 სექტემბრიდან დაიწყო. პირველმა პრობლემებმაც უკვე პირველივე დღეებში იჩინა თავი. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებული სკოლები, იურიდიულად, ორხელისუფლებიანობის ნიმუშად გამოდგება. მათი უმრავლესობა აფხაზურ ადმინისტრაციასაც ექვემდებარება და აფხაზეთის ლეგიტიმურ განათლების სამინისტროსაც.
დსდსლდფსლფ
მოსწავლეთა მშობლების უმეტესობამ არ იცის, კონკრეტულად რა სახელმძღვანელოები შეიძლება დასჭირდეს მის შვილს, რომელიც გალის ამა თუ იმ სკოლაში სწავლობს. შუა სემესტრში, შესაძლოა, აფხაზური ადმინისტრაციიდან ვინმეს მოეპრიანოს და რომელიმე ქართული სახელმძღვანელო აკრძალოს, პედაგოგებს კი მისი რუსული სახელმძღვანელოთი ჩანაცვლება მოსთხოვოს. ამიტომაც, ახალი სასწავლო წლისთვის მშობლების უმეტესობამ სახელმძღვანელოები ვერ მოიმარაგა: "რა აზრი აქვს წიგნების ყიდვას, როცა არ ვიცი, გამოადგება თუ არა ის ჩემს შვილს სასწავლო წლის ბოლომდე. პრობლემები ისედაც უამრავი მაქვს, ფული წიგნებში რომ არ გადავყარო, თანაც ზოგიერთი 30 ლარიც ღირს. მირჩევნია, იმ ფულს ცოტა დავამატო და პურის ფქვილი ვიყიდო, ჩემი შვილი მშიერ კუჭით მაინც ვერაფერს ისწავლის", – ამბობს თაგილონელი ზაირა კ. "დრონი.ჯი"-სთან სატელეფონო საუბარში.
დსდსლდფსლფ
გალის სკოლებში უკვე იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა აფხაზური ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ქართული სახელმძღვანელოები აკრძალეს. ასეთი სიტუაცია, ძირითადად, გალის მაღალი ზონის სოფლებშია, სადაც აფხაზური ადმინისტრაციის წნეხი უფრო თვალში საცემია, ვიდრე დაბალ ზონაში, ასე მაგალითად, საბერიოში, ერთ-ერთ ქართულ სკოლაში პედაგოგები აგვისტოს შუა რიცხვებში დაიბარეს და სახელმძღვანელოები თვითონ დაურიგეს.
დსდსლდფსლფ
"ყველა რუსულ სახელმძღვანელოს მოსკოვის მერიის ბეჭედი აქვს და როგორც განგვიმარტეს, ეს წიგნები აფხაზ ბავშვებს პირადად ლუჟკოვისგან ერგოთ საჩუქრად. ძირითადად, დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოებია, რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული: გეოგრაფიის, აფხაზეთის ისტორიის, რუსული ენისა და ლიტერატურის. მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი აფხაზური ენის სახელმძღვანელოცაა. ამ სოფლებში აფხაზი ეროვნების პირები თითქმის არ ცხოვრობენ, შესაბამისად, აფხაზი ეროვნების ბავშვებიც თითებზე ჩამოსათვლელი არიან, მაგრამ ამის შეხსენებას, აბა, როგორ გავბედავდით, ყველას ხელი მოგვაწერინეს წიგნების ჩაბარებაზე და ხელწერილიც დაგვაწერინეს, რომ საგნების სწავლებისას მხოლოდ ამ სახელმძღვანელოებს გამოვიყენებდით", – ამბობს ერთ-ერთი ქართველი პედაგოგი ც.ხ., რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.
აფხაზურ ადმინისტრაციას ქართველი პედაგოგების მიმართ მზარდი მოთხოვნები კი გააჩნია, მაგრამ მათ ხელფასს არ უხდის. ეს, ძირითადად, გალის რაიონს ეხება. ოფიციალურად, ქართველი პედაგოგები აფხაზეთის დე ფაქტო განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში არიან, მაგრამ პარალელურად, აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებასაც ექვემდებარებიან. თუმცა ხელფასს არც ამ სისტემიდან უხდიან – ქართველ პედაგოგებს პირად ანგარიშებზე საქართველოს სხვადასხვა ბანკში ყოველკვარტალურად 200 ლარი ერიცხებათ და ეს მათი ერთადერთი შემოსავალია. ეს თანხა ერიცხება ყველა პედაგოგს მისი სტაჟის, გამოცდილების და სიცოცხლის რისკის ქვეშ საქმიანობის მიუხედავად.
დსდსლდფსლფ
აფხაზურმა ადმინისტრაციამ ამ ორიოდე წლის წინ აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა სკოლაში აფხაზური ენის სავალდებულო სწავლების შემოღება სცადა, მაგრამ აქედან ბევრი არაფერი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური ენის სწავლება ყველა სკოლაში ახლაც სავალდებულოდ ითვლება, პროექტი, ფაქტობრივად, ჩაშლილია. ამის მიზეზი ის არის, რომ ადგილობრივ ბავშვებს აფხაზური ენის შესწავლა, მისი სირთულის გამო, გაუჭირდათ. ამას აფხაზური ენის სპეციალისტების დეფიციტიც დაემატა. რამდენიმე სოფელში აფხაზურმა ადმინისტრაციამ აფხაზური ენის პედაგოგების ჩამოყვანა კი უზრუნველყო, მაგრამ მასწავლებლებს არათუ საგნის სწავლება, ბავშვებთან ურთიერთობაც კი გაუჭირდათ და ადმინისტრაციას უკან გაწვევის თხოვნით მიმართეს.
დსდსლდფსლფ
პედაგოგების თქმით, რუსული ოკუპაციის პირობებში მეტია რისკის ფაქტორი, ამიტომ მოსწავლეთა უმრავლესობა გაკვეთილებზე, ფაქტობრივად, არ დადის. ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება მხოლოდ დაბალი ზონის სკოლებშია შესაძლებელი. მაღალ ზონაში, ძირითადი ყურადღება რუსეთის ისტორიას, აფხაზეთის გადაკეთებულ ისტორიასა და გეოგრაფიას, რუსულ ლიტერატურას ეთმობა. გაკვეთილების პროცესში ხშირია მოულოდნელი შემოწმებებიც: აფხაზური ადმინისტრაციის განათლების მუშაკი სკოლებს ჩამოივლის და გაკვეთილებზე შედის.
დსდსლდფსლფ
"გასული წლის ბოლოს, ქართველი პედაგოგი, ასეთი შემოწმების დროს, პირდაპირ გაკვეთილიდან დაითხოვეს. რუსეთის ისტორიის გაკვეთილზე ის იმის შესახებ უყვებოდა ბავშვებს, რომ ეს ქვეყანა 2 საუკუნეა ჩვენი მტერია და ჩვენს დამონებას ცდილობს. ყოველ ჯერზე შემოწმებაზე სხვადასხვა მუშაკი მოდის და სახეზე ვერავის ვცნობთ. მასწავლებელმაც ვერ იცნო მამაკაცი და ხელით ანიშნა, უკანა მერხზე დაჯექიო, თვითონ კი გაკვეთილი გააგრძელა. ის მამაკაცი უკანა მერხზე კი დაჯდა, მაგრამ პირველივე პაუზის დროს მიმართა მასწავლებელს – ამ წუთიდანვე დათხოვნილი ხარო და მერე ისიც დაამატა, ღმერთს მადლობა შესწირე, რომ არ ვრეკავ და შენს თავს არ ვაჭერინებო... იმასაც სხვა რა გზა ჰქონდა, ადგა და წავიდა", – იხსენებს ლეკუხონას სკოლის მასწავლებელი, ლონდა დ.
დსდსლდფსლფ
მთლიანად, აფხაზეთის ტერიტორიაზე სულ 163 სკოლაა. აქედან 41 ქალაქშია, 122 კი სოფელში. 63 სკოლა აფხაზურია, 51 – რუსული, 39 – სომხური, 17 – აფხაზურ-რუსული და 1 – რუსულ-აფხაზური. სეპარატისტთა ამ ჩამონათვალში ქართული სკოლები მითითებული არ არის.
დსდსლდფსლფ
ლეგიტიმური განათლების სამინისტროს მონაცემებით, გალის რაიონის ტერიტორიაზე 31 სკოლაა. აქედან 28 საშუალოა, 2 სკოლას აფხაზეთის საჯარო სკოლის სტატუსი აქვს – მე-13 და მე-16 სკოლებს ოტობაიასა და თაგილონში.
დსდსლდფსლფ
ამ ეტაპზე გალის სკოლებში სულ 4 150 მოსწავლეა. მათი უმრავლესობა ქართველი ეროვნებისაა. პედაგოგების რაოდენობა 701-ს შეადგენს, ტექნიკური მუშაკების – 149-ს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100