სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართული სერიალები – უგემოვნობის პიკი, ან უბრალოდ, "გუნცაძეები"...

საქართველოში, როგორც, ალბათ, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც სენტიმენტები და რომანტიზმი ჭარბობს, სერიალები გართობის, გულისგადაყოლების და ცრემლების ღვარღვარის საუკეთესო საშუალებაა. ბავშვობიდან მახსოვს ერთი სურათი, ზემო იმერეთში ბებიასთან სტუმრად ჩასულს. ყოველ საღამოს, რვა საათზე, სახლში პატარა კინოთეატრი ეწყობოდა. მაშინ ტელევიზორი ძნელი საყიდელი იყო და ქართულად ახლადნათარგმნი სერიალების საყურებლად მთელი სამეზობლო ბებიასთან იკრიბებოდა. იქ იყო განხილვაც, კრიტიკაც და სიყვარულიც, აი, მართლა უსაზღვრო სიყვარული სერიალის რომელიმე კეთილშობილი გმირის მიმართ. საკუთარი დარდივით განიცდიდნენ ვინმე დონ დიეგოს, ხუანის თუ ხორხეს ბედსა და ტანჯულ სიყვარულს ვერონიკებისა და მარგარიტების მიმართ. ეს იყო ერთგვარი სულიერი კათარზისიც. მაშინ მთლად ასე "უგემოვნოა და მორჩად" არ იყო სერიალები შერაცხული, პირიქით, საქართველოში მცხოვრებთა 95 პროცენტი უყურებდა, ნელ-ნელა, გათანამედროვეობისა და "გატიპების" კვალდაკვალ, სერიალები საშუალო ასაკის მაყურებლებისათვის მდარე და უგემოვნო გახდა და დღეს მათი ყურება ყველასათვის ცუდ ტონად ითვლება, ბებიებისთვის კი დარჩნენ ის დონ დიეგოები და ხუანები საყვარელ და საგულშემატკივრო პერსონაჟებად, მაგრამ უფრო ახალგაზრდებისათვის უკვე მოსაწყენთან ერთად სამარცხვინოცაა მათი გულშემატკივრობა. ადრე, როცა სერიალის მაყურებლობის აღიარების რცხვენოდათ, ხშირად გაიგონებდით ფრაზას: "სხვებთან ამბობს, რომ არ უყურებს, თორემ სინამდვილეში არცერთს არ ტოვებს". დღეს ასე აღარაა, სერიალებს ბევრი მართლა აღარ უყურებს, არა იმიტომ, რომ მდარე ხარისხის ფილმის ყურებას ერიდებიან, უბრალოდ იმიტომ, რომ ეს "ცუდი და არათბილისური პონტია". მიუხედავად ამისა, საქართველოში ყველა ტელეარხზე დღის განმავლობაში რამდენიმე სერიალი გადის, ახლები, საშუალო სიძველის და ძალიან ძველი, სავარაუდოდ, "გამეორება ცოდნის დედაას" პრინციპით ხელახლა დაწყებული. კომერციული თვალსაზრისით, რაზეც ზუსტად რომ გათვლილია ამდენი სერიალის არსებობა, იმავე რაოდენობის მოგების მოტანა აღარაა შესაძლებელი, რამდენიც ადრე, ამიტომ, ალბათ, სწორედ ეს გახდა მიზეზი, გადაეღოთ რამდენიმე ქართული სერიალი, რომელიც არამხოლოდ ბებოებს, გოგო-ბიჭებსა და დედიკო-მამიკოებსაც დააინტერესებდათ.
ახალი ქართული სერიალი საინტერესო და ყურებადი რომ ყოფილიყო, მხოლოდ რამდენიმე დეტალის გათვალისწინება იყო საჭირო. რაც ყველაზე მთავარია, უნდა აეღოთ ისეთი ისტორიები, რომელიც თითქმის ყველა მეორე ქართულ ოჯახში ხდება, უნდა შეერჩიათ პერსონაჟები, რომლებითაც სავსეა თბილისი (და არა საქართველო, რატომღაც), ანუ ზღაპარი რეალობას უნდა მორგებოდა და, რა თქმა უნდა, არ უნდა ყოფილიყო მდარე ხარისხის. პირველი ორი შედარებით წარმატებით გამოუვიდათ, აი, ბოლოზე კი, რა გითხრათ, თავად განსაჯეთ, ყველა ქართული სერიალი, რომელიც ტელეეთერში გადის, იქნება ეს "გუნცაძეების ოჯახი", "გოგონა გარეუბნიდან" თუ "სამსონაძეები", არის აბსოლუტური კალკი მსგავსი შინაარსის მქონე საზღვარგარეთული სერიალებისა: "ვორონინი", "საბრალო ბეტი" და "სიმპსონები". მსახიობებიც საკმაოდ ხელოვნურები ჩანან, განსაკუთრებით "გუნცაძეების ოჯახში", თუ ეს სერიალი გათვლილია იუმორისტულ სერიალად, იქ იუმორი ძნელად საპოვნია, უფრო ზუსტად კი, აქ უფრო ის არაქართული ხუმრობებია, რომლებზეც ქართველებისნაირი ენაკვიმატები უბრალოდ არ იღიმებიან. არადა, გაუთავებლად იმის ყურება, როგორ ზის ქმარი სახლში, უყურებს სულ ფეხბურთს, ატერორებს ცოლი, რომელიც გამუდმებით ფულს ითხოვს, ცოტა მომაბეზრებელია. ამას ემატება მეორე ოჯახიც, სადაც სრული იდილია იყო, მაგრამ გუნცაძეებთან დამეზობლებამ ამ ოჯახზეც გადაიტანა თავისი ცუდი გავლენა და ცხოვრების წესი აურია. ბუნებრივია, ასეთ ისტორიებს საქართველოში თითქმის ყოველ მეორე სადარბაზოში შეხვდებით, მაგრამ ეს სერიალი იმდენად ხელოვნური და "გადმოქართულებულია", რომ მგონი, ამის ყურება უფრო დიდი უგემოვნობა და "ცუდი ტონია", ვიდრე იმ ხუანისა და მარიასი, თუ ვინც არიან. ერთ-ერთი მიზეზი შერჩეული მსახიობებიცაა, მათი საუბრის მანერა და ტონი არგენტინულ-ბრაზილიური სერიალების გამხმოვანებელთა მონოტონურ ხმას გაგახსენებთ.
რაც შეეხება "სამსონაძეებს", თითქოს ყველაზე უკეთ იყო მორგებული ქართულ რეალობას თავისი იუმორისტული თუ პოლიტიკური დეტალებით. ის, ვისაც "სიმფსონებისთვის“ ერთხელ მაინც უყურებია, არა მგონია "სამსონაძეების" გულშემატკივრად დიდხანს დარჩენილიყო. მიუხედავად ამისა, სტატისტიკით "სამსონაძეებს" ბევრად მეტი მაყურებელი ჰყავდა, ვიდრე წლების წინ ეთერში გასულ ნამდვილ "სიმფსონებს". "გოგონა გარეუბნიდან" კი, ალბათ, როგორი გულისამაჩუყებელია ბევრისთვის, შესაძლოა, ბევრს ბაღში, სკოლასა თუ უნივერსიტეტში სწავლის დრო ახსენდება, როცა ერთმანეთის გარეგნული ნიშნითა და ჩაცმის მიხედვით "ჩაგვრა აქტუალურია". სატირალია, აბა, რა, საბრალო, მახინჯ გოგონას, როგორ დასცინიან "მაგარი“ გოგონები და ის როგორ ტანჯვა-განსაცდელშია, მიუხედავად სიმახინჯისა, რა მაღლა დგას მათთან შედარებით და ა.შ. ეს ხომ, კონკიადან მოყოლებული, ყველა ფილმსა და სერიალში გვხვდება, უბრალოდ, იმ სხვებს იმით სჯობს, რომ ქართველებმა გადაიღეს? სინამდვილეში კი უგემოვნობაზე თუ ვილაპარაკებთ, ქართულსა და არაქართულ სერიალებს შორის დიდი განსხვავება არაა და მსგავსი შინაარსის არაქართული სერიალები მხოლოდ ზოგჯერ სჯობს ქართულს, მაგრამ თუ ფანტაზიის ნიჭზე ვისაუბრებთ, მაშინ ცოტა სამწუხარო ფაქტია, რომ ქვეყანაში, სადაც ოჯახური ისტორიები ყველაზე საუკეთესო საჭორაო თემაა, ერთი ისტორიაც კი ვერ აღმოაჩინეს, რომ სხვა არაქართული სერიალების კალკი არ დასჭირვებოდათ. არადა, ამ ახალ ქართულ სერიალებს, მართლაც ყველა ასაკის მაყურებელი ჰყავს, უბრალოდ, ბებიების უმრავლესობა ისევ ბარბარებს არჩევს. ამიტომაც ეს სერიალები არსებობის მთავარ მიზანს წარმატებით ასრულებენ, კომერციულად საკმაოდ მომგებიანები არიან. გემოვნებაზე კი ქართულ კინოხელოვნებაში მსჯელობა, უბრალოდ, წყლის ნაყვაა, მითუმეტეს ისეთ ბანალურ ჟანრზე, როგორიც სერიალებია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100