სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შტურმით - სამძიმარზე ანუ „ქართული ოცნების“ ახალი ნოუჰაუ

47 წლის ქვიშხეთელი სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოლიტიკური აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა ისევ არ წყდება. ამ კუთხით „ქართული ოცნების“ აქტიურობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს პოლიტიკური სუბიექტი იმდენად ცდილობს, ხელიდან არ გაუშვას პოლიციისა და ხელისუფლების წინააღმდეგ ახალი ტალღის აგორების შანსი, რომ ამ მცდელობების დროს აბსურდულ ქმედებებსაც არ ერიდება. ალბათ, ძნელია, სხვაგვარად უწოდო იმას, რაც გუშინ, საღამოს საათებში ქვიშხეთში, გარდაცვილის ოჯახთან ხდებოდა.

ქვიშხეთში ჩასული „ქართული ოცნება“, მათი თქმით, სამძიმარზე მივიდა. მივიდა რამდენიმე ვიდეოკამერისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ტელეარხის „დამრტყმელი ძალის“, შალვა რამიშვილის თანხლებით. „ქართული ოცნების“ ცნობადი სახეებიდან იქ სოზარ სუბარი იყო მივლინებული.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მეზობლებმა, რომლებიც მოსულებს ჭიშკართან დახვდნენ, ისინი ეზოში არ შეუშვეს. გარდაცვლილის ახლობლები იმან გააღიზიანა, რომ პოლიტიკოსებსა და პოლიტიკური გაერთიანების აქტივისტებს თან ტელევიზიის გადამღები ჯგუფი ახლდა. დამხდურებსა და მომხდურებს შორის ჭიშკართან ცხარე დიალოგიც გაიმართა, რასაც შალვა რამიშვილისა და ტელევიზიის ჟურნალისტების „ჯვარედინი დაკითხვა“ ახლდა თან.

„პოლიცია არაფერ შუაშია? არ არის დამნაშავე პოლიცია?“ - ერთსა და იმავე შეკითხვებს სხვადასხვა კონტექსტში ატრიალებდა სამძიმარზე „აკრედიტაციის გარეშე“ მისული შალვა რამიშვილი. ეზოში შეღწევას დიდი მონდომებით ცდილობდა სოზარ სუბარიც და გარდაცვილის ახლობლებს ამუნათებდა, მის გარდაცვალებაში რომ პოლიციის კვალს ვერ ხედავთ, ეს იგივეა, რაც აღიაროთ, რომ სოლომონ ქიმერიძე ქურდი იყოო...

ოჯახის ახლობლებსა და მეზობლებს, რომლებიც, როგორც გაირკვა, გარდაცვლილის დის თხოვნას ასრულებდნენ და პოლიტიკოსებს ეზოში არ უშვებდნენ, აქტივისტებიც ამუნათებდნენ:

„შენ ხომ არა ხარ ამ ოჯახის არც წევრი და არც ნათაესავი, შეგვიშვი ეზოში“, - მოითხოვდა ერთ-ერთისგან „ქართული ოცნების“ წევრი. „არ უნდა ოჯახს, რომ ეს ყველაფერი კონცერტად გადააქციოს, ასე სამძიმარზე არ დადიან“, - ვიდეოკამერებზე უთითებდა ერთ-ერთი მეზობელი.

საქმე ის გახლავთ, რომ ქვიშხეტში ჩასულებს არ შეიძლებოდა, არ სცოდნოდათ ოჯახის პოზიცია სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების პოლიტიკურ ასპექტში გაჟღერების წინააღმდეგ. მეტიც - ქვიშხეთში წარმოდგენილმა „ქართულმა ოცნებამ“ ისიც კარგად იცოდა, რომ მათ სამძიმარზე არ შეუშვებდნენ. სავარაუდოდ, შალვა რამიშვილის სახით „დამრტყმელი ძალა“ და კიდევ რამდენიმე ჟურნალისტიც სწორედ იმიტომ იახლეს, რომ ეს ფაქტი გადაეღოთ და შემდეგ იმაზე ელაპარაკათ, როგორ დააშინეს გარდაცვლილის ოჯახის წევრები სამართალდამცველებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა...

საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ წევრებსა და ჟურნალისტებს უკან გაბრუნება მოუწიათ. სოლომონ ქიმერიძის ოჯახის წევრები და მეზობლები აცხადებენ, რომ გარდაცვლილის მშვიდ ვითარებაში დაკრძალვა სურთ და მისი სიკვდილის პოლიტიკური მიზნით გამოყენებას არ დაუშვებენ:

„ამათ პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ, ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია. იცის სოფელმა, რომ სოლომონი გადმოვარდა კიბიდან, თორემ არავის შევარჩენდით არაფერს. ძალით აპირებდნენ სამძიმარზე შესვლას, ესენი ვინა ყოფილან?“, - გაკვირვებას არ მალავდა სოლომონ ქიმერიძის ერთ-ერთი მეზობელი, რომელიც გუშინდელ ინციდენტს შეესწრო.

შეგახსენებთ, რომ სოლომონ ქიმერიძე ხაშურელმა სამართალდამცველებმა თავისი საცხოვრებელი სახლიდან 27 თებერვალს, დაახლოებით დილის თერთმეტ საათზე, დასაკითხად წაიყვანეს. დაახლოებით ორ საათში ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ დაკითხვის შემდეგ ქიმერიძე კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

”მოყვანილი იყო საავადმყოფოში 27 თებერვალს, 18:45 საათზე, აღენიშნებოდა ქალა-ტვინის ტრავმა, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა წვივის მოტეხილობა, მარჯვენა კვირისთავის მოტეხილობა, ტრამვული შოკი. მდგომარეობა მძიმე იყო. მიუხედავად მიღებული ღონისძიებებისა, მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, პირიქით, გაუარესდა. ავადმყოფი საავადმყოფოში მოყვანიდან 6 საათში გარდაიცვალა,” - განაცხადა ”მედიქალ პარკ საქართველოს” ხაშურის კლინიკის მენეჯერმა თეიმურაზ მძინარიშვილმა. მისივე თქმით, სოლომონ ქიმერიძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა საავადმყოფოში და ტრამვების მიზეზად სიმაღლიდან ვარდნა დაასახელეს.

ამასთან, „ქართული ოცნების“ წევრებისთვის და მათი თანმხლები ჟურნალისტებისთვის წინასწარ ისიც უნდა ყოფილიყო ცნობილი, რომ გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძის და უარს ამბობდა ჟურნალისტებთან კონტაქტზე:

„გარდაცვლილის დამ ინტერვიუზე უარი განაცხადა და სოლომონ ქიმერიძის დაღუპვასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ოჯახის სხვა წევრებსაც აუკრძალა:

„არ ვიცი, რა მოუვიდა. ასე ამბობენ პოლიციელები, კიბიდან გადმოვარდაო, აბა, ჩვენ რა ვიცით?! ჩვენიანი მანდ არავინ ყოფილა, რომ რამე ენახა და ამბავი გამოეტანა. არაფერი ვიცით და ვინმე როგორ დავადანაშაულოთ ამის სიკვდილში? ვერაფერს ვერ ვიტყვით,”- განუცხადა ”ნეტგაზეთს” გარდაცვლილის დამ, რომელმაც სახელი არ დაგვისახელა და სახლის დატოვება მოგვთხოვა. ჟურნალისტებთან საუბარს გარდაცვლილის მეზობლებიც ერიდებიან.“, - წერდა „ნეტგაზეთი“ 29 თებერვალს.

თავისთავად ცხადია, არავინ დაობს იმაზე, რომ სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, სხვადასხვა ვარაუდი გამოითქვას: ფაქტია, რომ ის დაიღუპა მაშინ, როცა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა და მის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ბრალდებულის სახით დაკითხვიდან დაწყებული, სწორედ სამართალდამცველებს ევალებოდათ. მაგრამ ხელაღებით იმის მტკიცება, რომ გარდაცვლილი პოლიციის შენობაში სასტიკად სცემეს, მერე კი კიბიდან გადმოაგდეს, და, რაც მთავარია, ამ ვერსიის თავს მოხვევა ოჯახის წევრებისთვის, არაფერია იმის გარდა, რასაც ადამიანის სიკვდილით პოლიტიკური სპეკულირება ჰქვია.

რაც შეეხება სამძიმარზე შტურმით შესვლის მცდელობას, ეს სრულიად ახალი სიტყვაა ქართულ რეალობაში და თუკი ვინმე ფიქრობდა, რომ არაორდინარული ნაბიჯებით „ქართული ოცნება“ უკვე ვეღარავის გააოცებდა, ფაქტია, რომ ცდებოდა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100