სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თუ არ დაფინანსდა თეატრი, მუსიკა, გამოდის, რომ ქართული კულტურის განვითარება ჩერდება

ვიდრე ქვეყანა დამოუკიდებელი გახდებოდა, გვეგონა, რომ საზღვარგარეთ გავიტანდით ჩაის, ღვინოს, ბორჯომს და ჰარიარალი! _ ვიცხოვრებდით არხეინად, ლუარსაბივით, ოღონდ ბუზების ნაცვლად, მილიარდებს დავითვლიდით ჩვენს ბიუჯეტში. გამოხდა ხანი. ვეღირსეთ დამოუკიდებლობას, მაგრამ მერეღა მივხვდით, რომ გასატანი არაფერი გვქონია კულტურის გარდა.
აქედან, ქართულ კინოს, რომლის აღზევების ხანაც „მაგდანას ლურჯათი“ დაიწყო, ახალი ეტაპი დაუდგა – ეტაპი მაგდანას ვირივით დავარდნის.

ასე რომ, გასატანი რეალურად მხოლოდ თეატრი და ფოლკლორი შეგვრჩა.
„ქართველნი ცეკვას იწყებენ, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ“ – წერდა ქსენოფონტე...

შემთხვევითი სულაც არაა, რომ იგივე დამოუკიდებლობის მიღებამდე საქართველოს საზღვარგარეთ სახელი სწორედ სუხიშვილებმა და რუსთაველის თეატრმა გაუთქვა სახელი.
რა გველის ახლა, ხელოვნების რომელ დარგებს შეუძლიათ თავის შენახვა ავად თუ კარგად? ვინ უნდა დააფინანსოს ხელოვნება? თვითონ? სახელმწიფომ? კერძო სექტორმა თუ ყველამ ერთად?
ან რა უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ და რა უნდა მიუშვას თვითდინებაზე?
ვიღაც-ვიღაცები არცთუ იშვიათად გვაბოლებენ ინტერნეტიდან აცაბაცად ამოკითხული ცნობებით, რომ საზღვარგარეთ სახელმწიფო არ აფინანსებს თეატრს, რომ იქ თავად თეატრები ინახავენ თავს კერძო დამფინანსებლების დახმარებით. ასეთები ინტერნეტამდე არ უნდა მიუშვა, ეგნატე ნინოშვილივით ჭრაქის ამარა უნდა დატოვო, ვინაიდან დასავლეთის ნებისმიერ ქვეყანაში თეატრების დაფინანსებაში მონაწილეობს სახელმწიფო და მონაწილეობს სხვადასხვა ფორმით. მოდელები და დაფინასების წილია სხვადასხვა.
ყველა ქვეყანას თავისი პრიორიტეტები აქვს ხელოვნების დაფინანსების თვალსაზრისით, თავისი კულტურის პოლიტიკა აქვს.
მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები თითებზე ჩამოსათვლელ ობიექტებს აფინანსებს და ამ ობიექტების დაფინანსებაშიც პროცენტულად ძალზე მოკრძალებულია მისი როლი კერძო დამფინანსებლების გვერდით.

აშშ-ში ხელოვნება კერძო დაფინანსებაზეა გადასული. კერძო სექტორი აფინანსებს ისეთ უზარმაზარ დაწესებულებებსაც კი, როგორიცაა: მეტროპოლიტენ ოპერა, მეტროპოლიტენ მუზეუმი, ლინკონ ცენტრი და ა.შ.
მაგრამ იქ ეს პროცესი წახალისებული და ხელშეწყობილია სახელმწიფოს მიერ. კომპანიები, რომლებიც კულტურის განვითარებაში ხარჯავენ ფულს, ნაწილობრივ ან მთლიანად თავისუფლედებიან საშემოსავლო გადასახდებისგან.
ასე რომ, მათ ხელსაც აძლევთ კულტურის დაფინანსება და მათთვის პრესტიჟულიცაა იმ დარგების დაფინანსება, რომლებიც საზოგადოების გემოვნების ამაღლებაზე ზრუნავენ. აქ, ჩვენთან რა ხდება? ან სახელმწიფოს ფული რის დაფინანსებაში მიდის არცთუ იშვიათად, ან რას აფინანსებენ კერძო დამფინანსებლები? ისევ და ისევ „პაპსავიკებს“, რომლებიც თუ ფეხქვეშ არ თელავენ საზოგადოების გემოვნებას, ყოველ შემთხვევაში, არანაირად არ ამაღლებენ, მაშინ როცა შოუბიზნესი, ან იგივე ბროდვეის მიუზიკლები მთლიანად კომერციული დარგებია და თავის თავს ინახავენ. მათი ბილეთების ფასი და მოთხოვნაც მათზე იმდენად მაღალია, რომ მოგებას თუ არ ღებულობენ, ხარჯებს ნამდვილად ანაზღაურებენ. ეს პროექტები იმთავითვე მოგებაზეა ორიენტირებული და ვინც ფულს დებს, მოგებასაც ღებულობს.

ქეშად მოგება შესაძლოა, ყველამ ვერც ნახოს, მაგრამ პროექტების დაფინანსება მისი კომპანიის რეკლამაა, პიარია და ეს მისთვის მაინც მომგებიანია, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში რეკლამა გაცილებით იაფი უჯდება, ბევრად იაფი, ვიდრე სარეკლამო დრო რომ ეყიდა ტელევიზიით და სუფთა რეკლამა გაეშვა.
რა ხდება ქართულ სინამდვილეში? ქართული ტელეეთერი გაჯერებულია სწორედ ამ „სუფთა“ რეკლამით, რომელსაც პარალელურად კიდევ ერთი „მისიაც“ აკისრია – ტვინის ამოჭმის.
ამერიკისგან განსხვავებით, ევროპის ქვეყნებში, კულტურის დაფინანსებაში, უფრო დიდია სახელმწიფოს წილი. მრავალსაუკუნოვანი კულტურის მქონე ევროპა კარგად აცნობიერებს, რომ ამ მემკვიდრეობას მოვლა და განვითარება სჭირდება. შესაბამისად, ცდილობენ კიდეც, რომ ბიუჯეტში უფრო მეტი იყოს კულტურის დაფინანსებაზე გამოყოფილი. თუმცა ეკონომიკური კრიზისისას იქაც დაზარალდა ხელოვნება, არაერთი გალერეა, დრამატული თეატრი და სიმფონიური ორკესტრი დაიხურა სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის გამო.
ასე რომ, მარტო სახელმწიფოს დაფინანსების ამარა ყოფნა არც იქაა იოლი და მათაც სჭირდებათ თანადაფინანსება ფონდებისგან, კერძო სექტორისგან და შესაბამისად, მოქმედებს კიდეც სინთეზური დაფინანსების მოდელი. იგივე ბრიტანეთში საკმაოდ მობილური მოდელია – არსებობს კულტურის საბჭოები, თანაც რამდენიმე საფეხურად – სახელმწიფო, რეგიონალური, მუნიციპალური, მათ გარდა კულტურის პროექტებს აფინანსებს ძალიან ბევრი ფონდი და შესაბამისად, პროექტის ავტორს დიდი ასპარეზი აქვს – ერთდროულად პროექტის შეტანა შეუძლია ყველგან და თუ პროექტი ვარგა, ერთგან თუ არა, მეორეგან თუ არა, მესამეგან მაინც მიიღებს დაფინანსებას.

ეს პროცესი ნელ-ნელა საქართველოშიც იკიდებს ფეხს, მაგრამ ქართული ხასიათიდან გამომდინარე, არცთუ იშვიათად ეს მაინც შეკრული ჯაჭვია, რომლის გარღვევა ერთსა და იმავე სუბიექტებს რომ ხელეწიფებათ – ერთი და იგივეებს მიუწვდებათ ხელი მერიიდან ფულის აღებაზეც, ფონდებზეც, კერძო კომპანიებზეც...

სახელმწიფო კულტურის დაფინანსებაში ფულს დებს, მაგრამ ეს თანხები მაინც არასაკმარისია, მწირია და არჩევანია გასაკეთებელი, რას უნდა მოხმარდეს ეს მწირი თანხები, მხოლოდ ტაძრების აღდგენას, რომლებიც ინგრევა და რომელთაც უდიდესი ისტორიული ღირებულება აქვთ, თუ რაიმე ახალი სპექტაკლის თუ ფილმის შექმნას? არჩევანი არცთუ იოლი გასაკეთებელია და ძალიან დიდ კომპეტენციას ითხოვს გადაწყვეტილების მიღებისას. კომპეტენციას, რომელიც სანთლით საძებარია...
ერთი მხრივ, შესანარჩუნებელია კულტურული მემკვიდრეობა, მაგრამ მეორე მხრივ, თუ არ დაფინანსდა თეატრი, მუსიკა, გამოდის, რომ ჩერდება ქართული კულტურის განვითარება. დიახ, იმ აღდგენილ ძეგლებს ნახავენ ტურისტები, ყველა, ვინც აქ ჩამოვა, მაგრამ თუ არ დააფინანსებ საშემსრულებლო ხელოვნებას, რას გაიტან საზღვარგარეთ? ტაძრებს ზურგზე მოიკიდებ და ევროპას მოატარებ? დიახ, მე-12 საუკუნეში ძალიან მაღალ დონეზე იყავი კულტურის განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ დღეს ხარ? თუ არ გაიტანე ეს კულტურა, ვინ შეგაფასებს, რანაირად? ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია ის რამდენიმე კოლექტივი მაინც შეინარჩუნოს, რომელიც თავისი შემოქმედებით ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. მეტიც, შეინარჩუნოს და სწორედ მათ მისცეს კარტბლანში.
არჩევანიც რთულია და ბალანსის დაცვაც, მაგრამ ცდილობს კი ვინმე ამ ბალანსის დაცვას? იგივე ოპერისა და ბალეტის თეატრში, როცა უზარმაზარი დაფინანსება ჰქონდა ბალეტს, თითქმის დაფინანსების გარეშე იყო დატოვებული ოპერა...
ოპერას და ბალეტსაც რომ მოვეშვათ, თუ საქმე საქმეზე მიდგა და არჩევანის წინაშე ვდგებით, რა სჭირდება საზოგადოებას, რა უნდა შენარჩუნდეს და განვითარდეს დრამატული თეატრი, რომელმაც ილიას დროს ენა გადაარჩინა და სტურუას დროს მსოფლიოს გააცნო საქართველო თუ ბალეტი? „გედების ტბა“ ქართველებმა რომ არ იცეკვონ, მგონი, არც ტბა დაშრება და არც გედები იმღერებენ მასიურად თავიანთ ბოლო სიმღერას, უჩვენოდ ბალეტი არ მოკვდება, მაგრამ რუსთაველის თეატრის გარეშე ქართული თეატრი მოკვდება _ „გალოთდება“ და სარდაფებიდან ვერ ამოვა.

დიახ, ბალეტი შესაძლოა საერთოდ არ იყოს, ოპერაც არ იყოს, ოპერის თეატრი ქვეყნისთვის ფუფუნებაა, ყველაზე ძვირი შესანახი ინსტანციაა, დიდ სადადგმო თანხებს ითხოვს, მაგრამ მეორე მხრივ, სწორი იქნება კი, ოპერა არ იყოს ქვეყანაში, სადაც ასე იყო განვითარებული საოპერო ხელოვნება და სადაც დღესაც იბადებიან საოპერო ვარსკვლავები? ანალოგიურად, კლასიკურ მუსიკას არაფერი დააკლდება, თუ ქართველი არ დაუკრავს ამ კლასიკურ მუსიკას და სიმფონიური მუსიკა არ იარსებებს ქვეყანაში, მაგრამ ასე რომ ყოფილიყო ადრეც, გვეყოლებოდა კი ქართველი კომპოზიტორები, ეს კოლექტივები რომ არ ყოფილიყო, ვინც ასრულებდა და აჟღერებდა მათ ნაწარმოებებს? ეს ყველაფერი, ცხადია, მაგრამ თუ არჩევანზე მიდგა საქმე, დასაფიქრებელია რა არის ძალიან ქართული და რა არის უკიდურესად აუცილებელი ჩვენი თვითმყოფადობისთვის. ალბათ, რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრები, ფოლკლორული ანსამბლები.
ცხადია, ჯობს, სახელმწიფომ საგადასახადო შეღავათებით წაახალისოს კერძო კომპანიები, რომლებიც დააფინანსებენ კულტურას, ასევე თვითონ კულტურის დაწესებულებები გავათავისუფლოთ საშემოსავლო გადასახადებისგან.
დღეს საქართველოში ხელოვნების დარგებიდან თავის შენახვა, ალბათ, მხოლოდ პატარა თეატრებს შეუძლიათ, რომლებიც მცირებიუჯეტიან სპექტაკლებს დგამენ, ისიც რის ვაი-ვაგლახით. კლასიკურ მუსიკას რაც შეეხება, თავის თავს ბილეთის ფასი ვერასოდეს ამოიღებს, მით უფრო, რომ საქართველოში დიდი-დიდი მოსახლეობის 10%-ს ესმის და უნდა კლასიკური მუსიკის მოსმენა. ფაქტია, რომ ყველას არ შეუძლია კლასიკური მუსიკის მოსმენა, უჭირთ, ბავშვობიდანაა ჩასანერგი ეს ჩვევა და ინტერესი. და ჩვენთან რა ხდება ამ მიმართულებით? ესტრადის იქით არაფერი გვაინტერესებს, ტელევოკალურ კონკურსებად გადავიქეცით. მოდი ვაღიაროთ, რომ აღარც ფოლკლორი გვაინტერესებს. ახლა ის, რომ გამოთრობის შემდეგ ხალხურ სიმღერას წავიღიღინებთ, ეს ფოლკლორის მიმართ ინტერესს არ ნიშნავს.
სუფრასთან ნამღერი ისეთივე ფოლკლორია, როგორც სუფრაზე ნათქვამი დავით აღმაშენებლის სადღეგრძელოა სამეცნიერო ნაშრომი დავით აღმაშენებლის მოღვაწეობაზე.
ფოლკლორული ცეკვის ანსამბლები უფრო პოპულარულები არიან, იმიტომ რომ ცდილობენ გათანამედროვებას. ეს მცდელობა რამდენად სწორია და ვინ რამდენად კეთილსინდისიერად ახორციელებს, ვის რა და როგორ მოგვწონს, ცალკე თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მცდელობა იძლევა საშუალებას, აჩვენო ძველი და კიდევ ის, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მისგან.
შეიძლება ვიღაცას მოსწონდეს, ვიღაცას არა, როდესაც იგივე „ერისიონის“ შემთხვევაში, ფოლკლორულ სიმღერაში რომ უცებ ბასგიტარა ან დასარტყამი ინსტრუმენტი შედის, მაგრამ რეალურად შოუა, გაყიდვადი შოუ. თუმცა გლობალიზაციის ეპოქაში პატარა ერების კულტურას სხვა საფრთხე ემუქრებათ, მათი კულტურის ეგზოტიკურობიდან გამომდინარე არ მოხდეს ამ კულტურის მუმიფიცირება, არა არსობრივი განვითარება, არამედ კომერციალიზაცია, გაყინვა და შენახვა ტურისტებისთვის, ან იქით-აქეთ სატარებლად. ამ თვალსაზრისით, იგივე ბასგიტარის შემოყვანა ახალი ფორმის ძიებაა, თუ სწორედ კულტურის მუმიფიცირებას, ეგზოტიკური კულტურის ევროსტანდარტების დონეზე შეფუთვას ემსახურება, უკეთ რომ გაყიდო და ივაჭრო შენი წინაპრების დანატოვარით?

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100