სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ბატონო რამაზ, ნამეტანი აგრევიათ „რამსები“. ნამეტანი...“

რამაზ კლიმიაშვილი დიდი ხანია პოლიტ-ექსპერტობას იბრალებს და ყოველკვირა, რამდენიმე გაზეთს აძლევს ინტერვიუს. ჩემი ქართველი კოლეგების გარდა, გამორჩეულად რუსები ეტანებიან – კლიმიაშვილია ერთადერთი „ექსპერტი“ საქართველოში, რომელსაც შუბლის ძარღვი აქვს გაწყვეტილი და საკუთარ სამშობლოზე, ხელისუფლებაზე, ოპოზიციაზე და ხალხზეც კი შეუძლია ნებისმიერი სიბინძურე ილაპარაკოს.

ქართული გვარ-სახელისა და არაქართული მენტალიტეტის „ექსპერტის“ ინტერვიუებით კი რუსები გულს იფხანენ – აი, ნახეთ, ქართველი პოლიტოლოგი როგორ გულიანად ლანძღავს საკუთარ ქვეყანას, ხალხს, ესეც ჩვენ ვართ, ხომ ხედავთ, რა უვარგისი ქვეყანაა საქართველოო – ასეთია კომენტარები კლიმიაშვილის ინტერვიუების შემდეგ რუსულ ინტერნეტფორუმებზე.
აქ აღარ გავაგრძელებ სიტყვას უკვე ცნობილ ისტორიაზე: რამაზ კლიმიაშვილზე დიდი ხანია ამბობენ და დამაჯერებელი არგუმენტები და ფაქტები დაიდო, რომ კომუნისტების დროს იგი – კგბ-ს, ახლა ფე-ეს-ბეს სასარგებლოდ მუშაობს. მისი ყოველი ინტერვიუ თუ კომენტარი ქართულ, რუსულ თუ უცხოურ მედიაში ამ მოსაზრებას ამტკიცებს, ადასტურებს. ყველა სიკეთესთან ერთად, ეს „ექსპერტი“, ცხადია, პოლიტპროგნოზებსაც იძლევა. აბა, მარტო მოვლენათა სიღრმისეული ანალიზისთვის ხომ არ მოსცდება? მისი პროგნოზები კი დღემდე არავის ახსოვს გამართლებულიყოს. კლიმიაშვილისეული „პროგნოზების“ შესახებ ბოლოს მოგითხრობთ, მანამდე კი ამ „ექსპერტის“ აბსურდულ მოსაზრებებს გაგაცნობთ.
საზოგადოების მცირე ნაწილს მაინც, იქნებ აეხილოს თვალი და დარწმუნდეს, რომ კლიმიაშვილი კრემლის დაკვეთას ასრულებს და ერთადერთი მიზანი აქვს – მოახდინოს საქართველოს პროდასავლური საგარეო კურსისა და დასავლური დემოკრატიული ღირებულებების დისკრედიტაცია, რუსეთის ხელისუფლება, თვით რუსული ჯარიც კი, რომელმაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი ჩახოცა ცხინვალის რეგიონში ორი წლის წინ, გაამართლოს, უდანაშაულოდ წარმოაჩინოს. კლიმიაშვილი ცდილობს გააუბრალოოს, გააშარჟოს ყველაფერი, რაც საქართველოს ევროკავშირისკენ, ნატოსკენ სწრაფვას, რაც საქართველოს რეალურ დამოუკიდებლობას ან რუსეთის გავლენის სფეროდან მის სრულ გამოსვლას უკავშირდება. არადა, თავად იხდის თავს საშაყიროდ „ექსპერტი“. აი, რა სისულელეებს ბოდავს კლიმიაშვილი ქართულ მედიაში.

ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თავის ოფიციალურ განცხადებაში დააფიქსირა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. ცხადია, ამით გაიხარა, უპირველესად, საღად მოაზროვნე ქართველობამ, აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან დევნილებმა, რადგან დაინახეს, რომ აშშ-ს არ შეუწყვეტია საქართველოს მხარდაჭერა (კლიმიაშვილი გვარწმუნებდა – შეწყვიტაო.) და ეს სამი სიტყვა – „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია“, რუსეთს საერთაშორისო დიპლომატიაში დიდ პრობლემებს შეუქმნის. ეს თეთრი სახლიდან გამოსროლილი ანკესია, შორსგამიზნული და სახვალიო, რომელსაც ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი და რუსეთის „კეთილმოსურნე“ სხვა ქვეყნები უთუოდ წამოაგებენ მომავალში პუტინ-მედვედევის ნეოიმპერიას.
დეგენერატი უნდა იყო ადამიანი, რომ ვერ მიხვდე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს რუსეთის ოკუპანტად დაფიქსირებას საქართველოსთვის, ეს რუსეთის, მისი პირსისხლიანი მმართველების იმიჯისთვის დიდი დარტყმაა. ამით საქართველოს მხარდამჭერ ქვეყნებს შანსი მიეცათ, რუსეთს ელაპარაკონ, როგორც აგრესორს.
სხვათა შორის, თეთრი სახლის განცხადების ის მონაკვეთი, სადაც რუსეთი ოკუპანტადაა მოხსენიებული, ორიგინალი (ინგლისური ვარიანტი) და ქართულად ნათარგმნი ერთდროულად გვერდი-გვერდ არაერთ ქართულ გაზეთში დაისტამბა. თეთრი სახლის ეს განცხადება აიტაცეს „ვაშინგტონ პოსტმა“, „ნიუ-იორკ-თაიმსმა“, „უოლ-სტრიტ-ჯორნელმა“, ფრანგულმა „მონდმა“, ინგლისურმა „თაიმსმა“, მსოფლიოს წამყვანმა პოლიტოლოგებმა და ყველამ ერთად აღიარა, რომ ეს ერთი სიტყვა – „ოკუპანტი“, გარღვევაა რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში, რომ ბარაკ ობამა, ბოლოს და ბოლოს, მიხვდა, რომ რუსეთთან ენის მოჩლექით ლაპარაკით ვერაფერს გააწყობს და ეშვი გამოაჩინა, რომ ამით ამერიკამ ევროპას მოუწოდა, დაეხმარონ საქართველოს და დააფიქსირა, რომ აშშ კვლავ საქართველოს პარტნიორია და საქართველოს ხარჯზე რუსეთს არ გაურიგდება, ბოლომდე იბრძოლებს საქართველოს ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.

ყველაფერს თავი დავანებოთ, შედით, ბატონო რამაზ, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზე, ინგლისურს ბრწყინვალედ ფლობთ, მაგრამ მაინც... ინგლისურად სიტყვა ოკუპაცია ასე იწერება – „OCCUPACION“. შედით და თუ ამ სიტყვას, იმ ცნობილ განცხადებაში, რუსეთის მიმართ რომ გახმაურდა, ვერ წააწყდებით, გაზეთის ეს ნომერი თავზე დამახიეთ – მეტი რა ვქნა? ისე, რამდენად სულგაყიდული და სამშობლომოძულე უნდა იყო ადამიანი, რომ საკუთარი ქვეყნის წარმატებით იბოღმებოდე, გულზე სკდებოდე იმის გამო, რომ ამერიკამ, შენი სამშობლოს გამო, შენი სამშობლოს მტერს, შენი თანამემამულეების უმოწყალოდ გამჟლეტს – თავში ჩაარტყა, საქართველოს კი, საერთაშორისო დიპლომატიურ ასპარეზზე, სოლიდური კოზირი მისცა ხელთ.
არა, კლიმიაშვილს არ უხარია, რომ ამერიკა საქართველოს მხარს უჭერს, არც ევროპის თანადგომა ახარებს, მას ის უნდა, ყველამ მოგვიძულოს ან გაგვცვალონ დიდმა სახელმწიფოებმა რუსეთთან პოლიტიკურ ვაჭრობაში, მარტონი დავრჩეთ რუსეთის პირისპირ, ან სახელმწიფო გადატრიალებით, იგორ გიორგაძე ან ნინო ბურჯანაძე დასვან პრეზიდენტად. აი, მაშინ გაიხარებს კლიმიაშვილი, მას ხომ საკუთარი სამშობლოს მტრობაში, საკუთარი ქვეყნისთვის ძირისგამომთხრელ საქმიანობაში უხდიან „ფეესბეს“ „შავი ბიუჯეტიდან“.

აი, ამ ყველაფრის მერე, რას ამბობს რამაზ კლიმიაშვილი „ასავალ-დასავალში“: „სიტყვა „ოკუპაცია“ თეთრი სახლის ადმინისტრაციიდან არავის უხსენებია. ეს მაშინვე გააფუჭებდა ურთიერთობას (იგულისხმება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა). ეს იყო ერთ-ერთ შეკრებაზე, სადაც ნეოკონსერვატორები, ე.წ. ექსპერტები ისხდნენ, მათ შორის, საქართველოდან იყო გია ნოდია... ეს ექსპერტების შეხვედრა კი არა, არასერიოზული ხალხის სალაყბო შეკრება იყო“. მოკლედ, კლიმიაშვილმა – არაო, თეთრ სახლში „ოკუპაცია“ არავის უხსენებიაო. რა გამოდის, მთლად გამობენტერებულან ეს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები, მათ შორის ამერიკულებიც. დეზინფორმაციას ავრცელებენ და თეთრ სახლში კი ყველა დუმს, კაცი ვერ მოიძებნა, რომ გააპროტესტოს – არა, ეგრე არ გვითქვიაო. აი, ეს არის კლიმიაშვილისეული ზღაპრები, ძალაობს, მე დამიჯერეთ და არა – დანარჩენ მსოფლიოსო. არადა, ეს მამაძაღლი, ეგ ზღაპრები დამაჯერებელი რომ იყოს, ჯანდაბას, მოიტყუებდა კაცი თავს, მაგრამ ნაცარქექიაზე უსუსურად რომ გვატყუებს კლიმიაშვილი და თანაც უსირცხვილოდ?

რაც შეეხება კლიმიაშვილისეულ არგუმენტს, მედვედევი ამერიკაში იყო და ობამას ადმინისტრაცია, ურთიერთობის გაფუჭების შიშით, „ოკუპაციას“ არ ახსენებდაო, ესეც ყურით მოთრეულია. ამერიკიდან 3 დღის წამოსული იყო მედვედევი, ობამამ „ფე-ეს-ბეს“ 11 აგენტი რომ გამოუჭენა საქვეყნოდ და თეთრთმეტივე დააპატიმრა. სხვათა შორის, ობამამ მედვედევი არლინგტონში, სწორედ იმ კაფეში დაპატიჟა ბურგერების საჭმელად, რომელი კაფედანაც ერთ-ერთი აგენტი, ანა ჩაპმენი ინფორმაციას ინტერნეტით უგზავნიდა მეკავშირეს სისტემატიურად. როგორ ფიქრობთ, ბატონო რამაზ, არლინგტონში სხვა კაფე არ მოიძებნება, ეგ ერთია და სხვაგან ვერ დაპატიჟებდა მედვედევს ობამა? ხომ არ იყო ეს სიმბოლური და პასუხი პუტინის საქციელზე – პეტერბურგში ჩექმით და რუსული სამოვრით რომ მოუდუღა ჩაი? მაშინ ამტკიცებდით, პუტინმა ამით (ჩექმით) შეახსენა ობამას, რუსულ ჩექმას ნუ ეხუმრები, ძალაც შემწევს და ატომური ბომბიც მაქვსო. აი, არლინგტონის კაფეს „უცნაური დამთხვევები“ კი „გამოგრჩათ“.

კლიმიაშვილი ჰილარი კლინტონის თბილისურ ვიზიტზეც საუბრობს და მეტად ორიგინალურ ვერსიას გვთავაზობს. თურმე კლინტონი იმიტომ ჩამოვიდა თბილისში, რომ სომხეთიდან ის ბაქოში ვერ გაფრინდებოდა, „ჩერეზ“ თბილისი მოუწევს გაფრენა ბაქოში და რაკი ასეა, გზად შემოიარა, გაჩერდა მცირე ხნით და ამიტომ შეხვდა სააკაშვილსო. მეტად ორიგინალური მოსაზრებაა. გამოდის, კლინტონი იძულებული გამხდარა, რომ თბილისის აეროპორტში დამჯდარიყო. რატომ, ბატონო რამაზ, ერევნიდან, თუნდაც „ჩერეზ“ თბილისი ისე ვერ გაფრინდებოდა, თბილისში დაუჯდომლად, თუ მის „ბოინგს“ საწვავი გამოელია, თბილისში ჩაუსხეს და კლინტონსაც, სანამ „ბოინგს“ „აზაპრავკებდნენ“, დრო ჰქონდა და სააკაშვილსა და ოპოზიციას შეხვდა? ახლა, ამაზე დიდი სისულელე რაღა უნდა თქვა კაცმა, მაგრამ ჯერ სადა ხართ! ახლა ისიც ვთქვათ, რაც კლიმიაშვილმა იცის და ხალხს უმალავს.
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობა კია გაწყვეტილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ორი მომიჯნავე ქვეყნის საჰაერო სივრცე გადაკეტილია და ერევნიდან ბაქოში რომ მოხვდე, აუცილებლად საქართველოს უნდა შემოუფრინო, მითუმეტეს, თბილისის აეროპორტში უნდა შეისვენო. არაერთი საერთაშორისო დელეგაცია ჩადის ერევანში და მერე იქიდან მიფრინავს ბაქოში, ან პირიქით, ბაქოში ჩადიან და იქიდან ერევანში მიფრინავენ – საქართველოს საჰაერო აეროსივრცის გამოუყენებლად.
საერთაშორისო კონვენციები ავალდებულებს ორივე ქვეყანას, რომ არ გადაკეტონ საჰაერო სივრცე, მათი აერონავიგაციური სამსახურები ყველა საერთაშორისო რეისს ემსახურებიან და მათ უსაფრთხო ფრენებზეც პასუხს აგებენ. ცხადია, იმ ხომალდებს ვგულისხმობ, რომლებიც ამ ქვეყნების საჰაერო სივრცეს კვეთს. სომხური თვითმფრინავი ვერ ჩაფრინდება ბაქოში და აზერბაიჯანული – ერევანში, თორემ საერთაშორისო ფრენებს არცერთი ქვეყანა არ უშლის ხელს. კლიმიაშვილს, ალბათ, ეგონა, ჰილარი კლიტონი ერევნიდან „ეარ არმენიას“ თვითმფრინავით გამოფრინდებოდა, თბილისში შეიცვლიდა თვითმფრინავს და აქედან „აირზენას“ ხომალდით განაგრძობდა გზას. ამიტომაც აიჩემა, ერევნიდან პირდაპირ ბაქოში ვერ ჩაფრინდებოდაო.

გაზეთ „ალიაში“ კლიმიაშვილი ტრადიციულ ვრცელ ინტერვიუს აძლევს და ერთ „სიბრძნეს“ იქვე აფრქვევს – „სააკაშვილი ძალიან საშიშია მთელი რეგიონისთვის, ეს ადამიანი ცდილობს, ჩრდილოეთ კავკასიაშიც კი არისო ყველაფერი“. აბა, ამას მოფიქრება და მერე თქმა არ უნდა? მეტი რაღა უნდა არიოს სააკაშვილმა – ჩეჩნეთში, 1993 წელს დაწყებული ომი ისევ გრძელდება, ინგუშეთში პარტიზანული ბრძოლებია, ინგუში პატრიოტები, რა ხანია, დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან და ამ ხალხს პუტინი და კლიმიაშვილი ტერორისტებს ეძახიან. დაღესტნელებიც იბრძვიან, მაგრამ შედარებით ლოკალური ფორმებით, ჩერქები საომრად ემზადებიან და პარტიზანული ჯგუფები ტყეში არიან გასული, ყაბარდოელებიც, დაღესტნელთა კვალდაკვალ, მცირე და პერმანენტულ საბრძოლო ოპერაციებს აწარმოებენ რუსეთის ფედერაციული ჯარების წინააღმდეგ. ცხადია, პარტიზანულად და მალე, გაერთიანებული ძალებით აპირებენ რუსებთან ბრძოლას. აი, ასეთი სიტუაციაა ჩრდილოეთ კავკასიაში, ასე იყო სააკაშვილის გაპრეზიდენტებამდე და კიდევ უარესიც. რა უნდა აურიოს მიშამ, ბატონო რამაზ, რომელი შამილი მიშაა, რომ მის მოწოდებას ელოდებოდნენ და მერე ერთიანი ძალით შეუტევდნენ რუსეთს?

იმავე გაზეთის სხვა ნომერში „ექსპერტი“ კლიმიაშვილი ირწმუნება: “სააკაშვილი თბილისს ვეღარ აკონტროლებს, ხან უცხოეთში დარბის, ხან რეგიონებში, თბილისი მაგან დიდი ხანია დაკარგაო“. ვეღარ გავიგე, კაცს თუ იმხელა გავლენა აქვს, რომ მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციის არევა შეუძლია, თბილისს როგორ ვერ აკონტროლებს? რომელი დაიჯეროს პატიოსანმა მკითხველმა – ერთი თუ მეორე? თანაც ამ ორივე „სიბრძნეს“ კლიმიაშვილი ერთ თვეში აფრქვევს – თავში და ბოლოში. ცხადია, არც ერთია დასაჯერებელი და არც მეორე – ორივე სისულელეა. თბილისს აკონტროლებს თუ არა სააკაშვილი, ამის გასაგებად კლიმიაშვილს ურჩევნია, თბილისის საკრებულოში შეიხედოს და ნახავს, როგორ `ვერ აკონტროლებს“.

ახლა მათიას იორშის კლიმიაშვილისეული შეფასება ვნახოთ: „არაფერი ფიგურა ეგ არ არის, ორი კვირის წინ თქვა, პოლიტიკიდან მივდივარო, ისევ მობრუნდა?“

სწორედ ეგ მათიას იორში, ეგ „არაფერი ფიგურა“ იყო, ლევან ბერძენიშვილს ევროსაბჭოს ტრიბუნიდან საევროპო ბოდიში რომ ახდევინა იმ სისულელისთვის, რაც ბერძენიშვილმა იორშზე როყიოდ წამოაყრანტალა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში, ლამის იყო, ანტისემიტიზმში დასდეს ბრალი ბერძენიშვილს და კინაღამ საერთაშორისო ტრიბუნალი მოუწყვეს.
„ექსპერტი“ ცდილობს, საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობა გააუბრალოს და აი, რას ამბობს: „გამოვიდა სტეფან ფულე – ეს არის ის, ვინც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკას ხელმძღვანელობს და ილაპარაკა იმაზე, რაზეც ჩვენთან სპეკულირებენ, ევროკავშირი მარტო ჩვენთან აფორმებს ხელშეკრულებასო. არა, ევროკავშირი, ასევე, დებს ხელშეკრულებებს აზერბაიჯანთან და სომხეთთან. ჩვენი სატელევიზიო არხები არ ახსენებენ ამ ორ ქვეყანას, ტრაბახობენ, მარტო ჩვენ შეგვარჩიესო. ევროკავშირი ასევე დებს ხელშეკრულებას სამხრეთთან, ანუ არაბულ ქვეყნებთან, ესენია: მაროკო, ტუნისი, ალჟირი და სხვები“.
ამ მოკლე პასაჟში რამდენიმე ტყუილი რომ თქვა, რამაზ კლიმიაშვილი უნდა იყო, კგბ-ს სკოლა უნდა გქონდეს გავლილი და საკუთარი სამშობლო უნდა გძულდეს – სხვაგვარად შეუძლებელია. ერთი, რომ რატომ ჰგონია კლიმიაშვილს, თითქოსდა მთელი საქართველო I არხს, „რუსთავი-2“-ს და „იმედსაა“ მიჯაჭვული და ინფორმაციის მიღების სხვა საშუალება არა აქვს? არის ოპოზიციური არხები, პრესა, ინტერნეტი და თქვენ წარმოიდგინეთ, ვერსად წააწყდებით ინფორმაციას, რომ ევროკავშირი აზერბაიჯანთან და სომხეთთან იმგვარივე ხელშეკრულებას აფორმებს, როგორსაც საქართველოსთან.
ჩვენ ევროკავშირი გვიმარტივებს სავიზო რეჟიმს, სავაჭრო ურთიერთობას, საქართველოში აფინანსებს უამრავ პროექტს სახელმწიფო თუ არასამთავრობო სექტორში და რაც მთავარია, მზადდება ხელშეკრულება, რომლის თანახმად, საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდება და თუ რუსეთმა დაგვანება, აქედან 5-6 წელიწადში, მისი სრულუფლებიანი წევრი გავხდებით. არაფერია ამის მსგავსი ევროკავშირსა და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში არ შეიმჩნევა.
მათი სამეზობლო პოლიტიკა და ურთიერთობა დაახლოებით იმ დონეზეა, როგორიც ვარდების რევოლუციამდე იყო საქართველო-ევროკავშირს შორის – ამ ქვეყნებს სწავლობენ, აკვირდებიან. რაც შეეხება არაბულ ქვეყნებს კი, მათთანაც აფორმებს ხელშეკრულებებს ევროკავშირი, მაგრამ ეს არის მხოლოდ ეკონომიკური და სავაჭრო სახის ურთიერთობებზე აგებული, ყოველგვარი ასოცირებული წევრობის, გამარტივებული რეჟიმების გარეშე. ასეთი ხელშეკრულებები ევროკავშირს ნახევარ მსოფლიოსთან აქვს გაფორმებული. კლიმიაშვილი კი, როგორც მუდამ, ახლაც ცრუობს, მას გულს უხეთქავს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება, რადგან ეს საქართველოს რუსეთთან დაშორების პროპორციულია. კლიმიაშვილსა და მისთანებს კი „ფე-ეს-ბე“ ფულს იმიტომ უხდის, რომ საქართველო-ევროკავშირის, საქართველო-ნატოს ურთიერთობას, დაახლოებას ხელი შეუშალონ, პროდასავლური ხელისუფლება მოიშორონ, პრორუსული მოიყვანონ. აი, უკრაინაში კლიმიაშვილისთანებმა და მათმა დამქაშებმა ეს შესძლეს. პრემიებიც მიიღეს, თანამდებობებიც და „ფე-ეს-ბემ“ ჩინებიც მოუმატა.
რა ქნას რამაზ კლიმიაშვილმა, დაბერდა კაცი და „ფე-ეს-ბეს“ ვიცე-პოლკოვნიკობას ვერ გასცდა. ნათქვამია, იმ ვიცე-პოლკოვნიკის დედა ვატირე, გენერლობაზე რომ არ ოცნებობსო. ეს ჩვენი „ექსპერტიც“ ოცნებობს და თან, რაც შეუძლია იმას აკეთებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100