სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლიტიკოსები, რომლებიც ექსტრასენსებთან დადიან...

ჟურნალ „ფენომენის“ რედაქტორი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გიგლა გობეჩია მრავალი წელია იკვლევს ფენომენალური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანების უცნაურ ნიჭსა და უნარებს. ექსტრასენსორიკა, პარაფსიქოლოგიის მრავალი მიმართულება მსოფლიოში მეცნიერთა განსაკუთრებული კვლევისა და ყურადღების ობიექტია. ჯერაც გამოუცნობ და აუხსნელ მოვლენებზე არაერთი დოკუმენტური და მხატვრული ფილმია შექმნილი, სხვათა შორის, დადასტურებულ ფაქტებზე დაყრდნობით. „დრონი.ჯი“ ბატონ გიგლა გობეჩიას ამ საკითხებზე ესაუბრა.

„დრონი.ჯი“: იქნებ ჯერ ზოგადად გვესაუბროთ, რა მეცნიერებაა პარაფსიქოლოგია და მსოფლიოში რა სახის კვლევები მიმდინარეობს?
გიგლა გობეჩია: პარაფსიქოლოგიის მიმართ მიდგომა ყველა დროში სხვადასხვანაირი იყო. უკვე დადგა დრო, როცა ძალიან დიდ სამეცნიერო წრეებში პარაფსიქოლოგიის შესახებ აღარ არის მორიდებული შეფასება, რომ ეს არის ოცდამეერთე საუკუნის მეცნიერება. მსოფლიოს ყველა წამყვან ქვეყანაში შქმნილია უზარმაზარი კვლევითი ინსტიტუტები. პარადოქსულია, მაგრამ გეტყვით ერთ ასეთ ფაქტს: 1924 წელს ახალ შექმნილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი ბრძანებულებით მთავრობამ ჩამოაყალიბა ალექსანდრე …ბარჩენკოს ლაბორატორია. ეს პიროვნება გახლდათ პეტერბურგელი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, რომელიც იკვლევდა ერთ-ერთი ტომის ძალიან უცნაურ რიტუალს. მან ყურადღება მიაქცია ერთ ფაქტს, რომ გარკვეული ცეკვების შესრულების შემდეგ ის ხალხი ვარდებოდა ექსტაზში და ტომის ბელადის ნებისმიერი მითითების ულაპარაკოდ შესრულება შეეძლო.
მაშინდელმა ჩეკამ ძერჟინსკის თამადობით შექმნა ეს ლაბორატორია, რომელშიც ბარჩენკომ 1937 წლამდე იმუშავა, 1937 წელს ბარჩენკო დახვრიტეს, შემდეგ მას გლებოკი ჩაუდგა სათავეში. სტალინის პერიოდში, 50-იან წლებში, პეტერბურგში შეიქმნა პეტერბურგის უნივერსიტეტის ბაზაზე აკადემიკოს ლეონიდ ვასილიევის ხელმძღვანელობით დიდი ცენტრი, რომელიც ტელეპატიის მოვლენებს იკვლევდა. ტელეპატია პარაფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიმართულებაა, იქ საოცარი ცდები მიმდინარეობდა. სხვათა შორის, ამ ლაბორატორიის აღზრდილია ქართველი ტელეპატი ავთანდილ ლომსაძე, რომელიც პეტერბურგში ძალიან წარმატებით მოღვაწეობს და რომელიც ძალიან ნაწყენი გაუშვა როგორც წინა, ასევე ახლანდელმა ხელისუფლებამ. მისი პოტენციალი და შესაძლებლობები მთელ მსოფლიოშია ცნობილი. პარადოქსი ის არის, რომ საბჭოთა იდეოლოგია კატეგორიულად უარყოფდა ამგვარ ფენომენს, სინამდვილეში კი მას იკვლევდა.

1976-77 წლებში დამტკიცდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან სერიოზული მოძრაობა დაიწყო პარაფსიქოლოგიური კვლევების დასაცავად. აღმოჩნდა, რომ აშშ-ის ხელისუფლება მხოლოდ 500 მილიონ დოლარს იმეტებდა ამ საქმისთვის, რამაც დიდი აჟიოტაჟი და უკმაყოფილება გამოიწვია ამ მეცნიერთა მხრიდან, ამ დროს კი საბჭოთა კავშირში ამ კვლევების კუთხით მეტი პროგრესი შეიმჩნეოდა. მეცნიერებმა მოითხოვეს ამერიკის კონგრესისგან, რომ დაფინანსება გაზრდილიყო. მფრინავი თეფშების პრობლემას, რომელიც სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ საქართველოსა და რუსეთის ოფიციალურ წრეებში, სერიოზულად იკვლევდნენ ჯერ კიდევ სტალინის დროს. ამ კვლევებში მონაწილეობდნენ ისეთი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ კელდიში, თოფჩიევი და კოროლიოვი.Aამის დადასტურება ამოკითხული მაქვს ლეგენდარული ავიაკონსტრუქტორის, სერგეი კოროლიოვის მოგონებებში.
მეოცე საუკუნის მიწურულს და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ევროპის ბევრ წამყვან ქვეყანაში დადგა ამ მეცნიერების ფუნდამენტური კვლევის აუცილებლობა. მოგროვდა უამრავი საოცარი და საშინელი ფაქტი მფრინავი თეფშების, პოლტერგეისტის, მაქციების, ბიოლოკაციის, ტელეპატიის ფსიქოტრონიკის შესახებ. წინა პლანზე წამოვიდა სახელმწიფოებრივი მოთხოვნები ფსიქოტრონიკის გამოყენაბაზე. ეს გულისხმობსMმასებზე ზემოქმედებას. საშინელი კვლევებია ამ კუთხით ჩატარებული, ევროპარლამენტმა 1999 წელს აკრძალა ფსიქოტრონული ზემოქმედების მქონე ტექნოლოგიები, აქ იგულისხმება ოცდამეხუთე კადრი, ზოგიერთ ჩვენს ქართველ ფსიქიატრს რომ ჰკითხოთ, ეს არაფერია და წარსულის ეპოქაში ვართ ჩარჩენილები. ასეთ ფსიქიატრებს მინდა პირდაპირ ვუთხრა, რომ ჩარჩენილები ძველ ეპოქაში ისინი არიან. ოცდამეხუთე კადრი დღესაც მოქმედებს, ასეთი სახის ზემოქმედებით შეიძლება ადამიანს ნებისმიერი ქმედება გააკეთებინო, ეს ოფიციალურად აკრძალულია.
– საქართველოში რა ვითარებაა, აღიარებენ პარაფსიქოლოგიას და სწავლობენ ამ მეცნიერებას სერიოზულად?
- როგორც უკვე გითხარით, მთელი მსოფლიო ჩართულია ამ მეცნიერების კვლევაში, საქართველოში სრული გამყინვარებაა და ალბათ, ასეც დარჩება დიდხანს.
– რა მიმდინარეობებია პარაფსიქოლოგიაში?
– უამრავი მიმდინარეობაა, ზოგიერთს ჩამოვთვლი, მაგალითად: ტელეკინეზი, ტელეპორტაცია, ლევიტაცია, ბიოლოკაცია და ა.შ. ტელეკინეზია – როცა ფსიქიკური ზემოქმედების საშუალებით გადაადგილებ საგანს, ამის ახსნა ჯერჯერობით მოცემული არ არის; ბიოლოკაციით – შეიძლება გლობალური საინფორმაციო ველიდან ნებისმიერი ინფორმაციის მიღება და ნებისმიერ საკითხზე ინსტრუმენტებით, ლითონის, ხის და სხვა მასალის დახმარებით ზემოქმედება; ტელეპორტაცია – გახლავთ შეუსწავლელი სახეობა, ადამიანი მყისიერად გადაადგილდება, ისტორიაში უამრავი ასეთი ფაქტია ცნობილი; ტელეპატია – აზრების გადაცემაა, ექსტრასენსორიკა – ეს უკვე მგრძნობიარე ადამიანების მოქმედებას სწავლობს, რომელთაც ხელისგულზე მძლავრი მგრძნობიარე წერტილები აქვთ და რომლითაც ადამიანების განკურნება შეუძლიათ; მოხმაურე სულების ფენომენიც არის ანუ პოლტერგეისტი – საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ამას ოდითგან ეძახდნენ ფუძის ანგელოზებს.
ესეც პარაფსიქოლოგიის ექსპერტების განმარტებით მიჩნეულია, როგორც ფსიქიკის განსაკუთრებული მდგომარეობა. იქ, სადაც ასეთი მოვლენები ჩნდება, შემჩნეულია, რომ ოჯახში ცხოვრობს 13-14 წლის ასაკის ბავშვი, ასეთ ასაკში ბავშვის ფსიქიკა განსაკუთრებულად ფაქიზია, ამ დროს ხდება აუხსნელი მოვლენები.Bბევრი ამერიკული სერიალი გადიოდა, სადაც გამოყენებულია სწორედ აბსოლუტურად ის ფაქტები, რომელიც კვლევების შედეგად გახდა ცნობილი.
ჩვენ გვყავდა უდიდესი მეცნიერი, პარანორმალური მოვლენების კვლევის კუთხით, აკადემიკოსი ივერი ფრანგიშვილი. ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მკვლევარი გახლდათ, 2005 წელს მისი თაოსნობით ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „რწმენა და მეცნიერება“, რომელსაც ესწრებოდა მონაწილის სტატუსით თავიდან ბოლომდე უწმიდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. სიტყვითაც გამოვიდა, ეკლესია ამას აღიარებს, მაგრამ ჟანა დარკის ფენომენზე მინდა გითხრათ. მას ესმოდა ხმები და ამის გამო ჯადოქრად შერაცხეს და ინკვიზიციამ კოცონზე დაწვა, არადა ჟანა დარკი დღეს საფრანგეთის ეროვნული გმირია, რომელმაც სამშობლო ინგლისელი დამპყრობლებისგან იხსნა.

– პარაფსიქოლოგიის ერთ-ერთი დარგია წინასწარმეტყველება, ნათელხილვები. ამაზე იქნებ მოგვცეთ განმარტება.
– ბატონი ივერი ფრანგიშვილი ამბობდა, ათი ათასი ადამიანიდან ორს რომ ჰქონდეს ამის ნიჭი, ვანგას ან კეისის დონეზე, მაშინ დგება მეცნიერების წინაშე საკითხი, რათა გამოიკვლიოს, რა ფენომენთან გვაქვს საქმე.
– ვანგას ფენომენი ბოლომდე, ალბათ, არ იყო გამოკვლეული?
– არ იყო ბოლომდე გამოკვლეული, მის შესახებ თხუთმეტამდე ფილმია გადაღებული, პუბლიკაციებზე და წიგნებზე არაფერს ვამბობ. ვანგას ფენომენს ყველაზე აქტიურად იკვლევდა ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გიორგი ლოზანოვი, ეს ადამიანი სუგესტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი იყო. ეს მეცნიერება ჰიპნოზსა და სხვა ამ ტიპის საკითხებს იკვლევს. ასევე ვანგას იკვლევდა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ველიჩკო დობრიანოვი. მე მას შევხვედრივარ, 1990 წელს მისივე მოხსენების წასაკითხად თბილისში მოვიწვიე, რუსთავში ჩატარდა უფოლოგიის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია და ეს მოხსენება მან იქ წაიკითხა.
– რას ფიქრობთ ტელეპროექტ „ექსტრასენსთა ბრძოლაზე“?
– მთელ ევროპაში პოპულარული პროექტია, ამის ავტორები ბრიტანელები არიან, კარგია, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ საზოგადოებას მისცა საშუალება, რეალობაში ენახა რისი შემძლეა ეს ხალხი. ისინი ძალიან საინტერესო ექსპერიმენტებში მონაწილეობენ. მე, როგორც ამ გადაცემის ექსპერტი, ყოველთვის ვითხოვ, რომ ექსპერიმენტი მაქსიმალურად სუფთა იყოს, ანუ ის სიუჟეტი, როცა ავტომანქანის საბარგულში გოგონაა დამალული და რამდენიმე ავტომანქანის იქ ყოფნის დროს ექსტრასენსმა უნდა ამოიცნოს გოგონა რომელ მანქანაშია, მე იქ მოვითხოვე, რომ გოგონა მანქანაში ჩემი თანდასწრებით არ ჩაესვათ და გამოვედი გარეთ, რატომ, იცით? მე რომ მცოდნოდა, რომელ მანქანაში იყო ის, ტელეპატიურად შეეძლოთ ექსტრასენსებს ჩემს გონებაში შეღწევა და გაგება. ვანგასათვისაც ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, რასაც გაიფიქრებდი, მაშინვე ზუსტად გეუბნებოდა.

მსოფლიოს ყველა დიდ ქვეყანაში იყენებენ ამ კატეგორიის ადამიანების ნიჭს, აშშ-ში ედგარ კეისის იყენებდნენ, იყო ასეთი ვინმე ჰოლანდიაშიც, ჟერარ კრუაზე, ვანგასთანაც უნდოდათ ანალოგიური რაღაც, მაგრამ ვანგა არ დათანხმდა ამ თანამშრომლობაზე, ამიტომ სამი დღე-ღამე იგი მოტაცებული ჰყავდათ სპეცსამსახურებს, მერე კი იძულებული გახდნენ გამოეშვათ.
ჩვენს ხელისუფლებას მინდა გავაგებინო, რომ წარმატებული ქვეყნის ყველა პირველი პირი ყველგან დაცულია ფსიქოენერგეტიკული დარტყმებისგან, მათ ხომ ერთი ხელმოწერით შეუძლიათ ნაციის ბედი გადაწყვიტონ. 1992 წლის ივნისში, როცა ელცინი პრეზიდენტი გახდა, ვიზიტი ჰქონდა დაგეგმილი იაპონიაში, რუსეთის დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომ იაპონელი ექსტრასენსების დახმარებით იაპონიის ხელისუფლება აპირებდა ელცინზე ზემოქმედებას და მის დათანხმებას კურილიის სადავო კუნძულებთან დაკავშირებით კომისიის შექმნაზე, რაც ფაქტობრივად ამ ტერიტორიის აღიარებას ნიშნავდა, როგორც სადავო ტერიტორიისა. რუსეთის დაზვერვაში სერიოზული ექსტრასენსები მუშაობდნენ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს და შედეგად ეს ვიზიტი ჩაიშალა.
ჩვენი მოჭადრაკე ნანა იოსელიანი მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატში ჩინელ სე ჯუნთან. იოსელიანი მას აღემატებოდა ცხრა თავით, გამანადგურებელი ანგარიშით უნდა დაემარცხებინა ეს ჩინელი მოჭადრაკე, მაგრამ ოცდამეორე, ოცდამეხუთე და ოცდამეშვიდე სვლების დროს მიუტევებელ შეცდომებს უშვებდა, ჭადრაკი ვინც იცის, მისთვის გასაგებია, რომ ამ შუალედში თეორიული ხასიათის სვლები მთავრდება და იწყება გონებრივი შესაძლებლობების სრული წარმოჩენა. ნანა აქ უშვებდა შეცდომას და თავადაც ვერ ხსნიდა ამას. ნანას ინტერვიუებში აქვს ნათქვამი, დარბაზში მუდმივად იმყოფებოდა ადამიანების ჯგუფი, რომელიც თვალს არ აშორებდა ნანას, ეს ნიშნავს იმას, რომ ტელეპატიურ დარტყმას ახორციელებდნენ მასზე. ამის შედეგად ნანამ წააგო ეს შეხვედრა.
ჩემთვის ცნობილია, რომ რეიგანს სპეცჯგუფი ჰყავდა და ასევე ცალკე ჰყავდა ასტროლოგი, მამა ბუშს ჰყავდა ბიოეთიკების თორმეტკაციანი ჯგუფი, კლინტონს ოც კაცამდე ჯგუფი იცავდა ფსიქოლოგიური დარტყმებისგან. ლუჟკოვს ერთი სომეხი ექსტრასენსი გოგონა ჰყავს, რომელიც მას იცავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100