სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩეჩენი, რომელმაც საქართველოში დარჩენა ერთი ეპიზოდის შემდეგ გადაწყვიტა

2007 წელს ვაინახურ ინტერნეტ–ჟურნალ „ტეპტარში“, საქართველოს ხსოვნის განყოფილებაში, Maradehabi –ს ხელმოწერით დაიბეჭდა დოკუმენტური მოთხრობა, სათაურით „საქართველო ჩეჩენის თვალით“. ჩეჩენი ავტორის ამ წერილის თარგმანით „დრონი.ჯი“ იწყებს საქართველოსა და ქართველების შესახებ მასალების გამოქვეყნებას. მასალები დაჯგუფდება პოზიტიური და ნეგატიური ნიშნით – ჩვენთვის ყოველგვარი შეხედულება საინტერესოა, რომელსაც გარეშე ქვეყნის წარმომადგენლები იქმნიან საქართველოზე. მკითხველებს ვთავაზობთ მონაწილეობას აღნიშნულ თემაზე არსებული მასალების გამომზეურებასა და ჩვენი რედაქციისათვის მათ მოწოდებაში.

ჩეჩენი, რომელმაც საქართველოში დარჩენა ერთი, უბრალო ეპიზოდის შემდეგ გადაწყვიტა

იდგა ჩვეულებრივი, თოვლ–ჭყაპიანი შავი ზამთარი, ერთმანეთში არეული ჟინჟღლითა და ნამქერით. ჩვენს სახლში, სულ ორას კილომეტრში აქედან, გაუნელებლად მძვინვარებდა მეორე რუსულ–ჩეჩნური ომის ქარ–ცეცხლი. ქართველები გაგებით ეკიდებოდნენ ჩვენს განსაცდელს. მათი დამოკიდებულება ჩვენდამი არ ჰგავდა გარეშე ადამიანის უბრალო თანაგრძნობას, ეს იყო თანაგრძნობაზე უფრო მეტი. ალბათ ამიტომ მოხდა, რომ ქალაქში იოლად გავშინაურდით და სრულიადაც არ ვგრძნობდით თავს უცხოდ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მონათესავე ხალხები ვართ, რომლებიც ოდესღაც ერთ ეთნოსს შევადგენდით, უკანასკნელი ორასი წლის მანძილზე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნამ ძალიან დაგვაცილა ერთმანეთს.

ჩვენი აქ ყოფნის ყოველ ახალ დღეს ხალხი, რომლის შესახებაც თითქოს ყველაფერი ისევე კარგად ვიცოდით, როგორც ჩვენსავ საკუთარზე, სულ უფრო იხსნებოდა ჩვენს წინაშე. ასე, მაგალითად, მტკიცებანი იმისა, რომ საქართველო, მართალია, ღვინის ქვეყანაა, მაგრამ აქ მთვრალს ვერსად ნახავ, საკმაოდ სადაო აღმოჩნდა და ახლობელთან ერთად პირადად გახლდით მსგავსი შემთხვევის მოწმე. აი, როგორ მოხდა ეს:

ნაცნობებთან ვიყავით სტუმრად. თუმც კი ვეცადეთ ადრიანად წამოვსულიყავით, რათა დაბინდებამდე მიგვესწრო სახლში, მაინც არ გამოგვივიდა. თითქმის სულ ჩამობნელდა. ყინავდა, ცრიდა და „მარშრუტკის“ მოლოდინში წვიმაში დიდხანს დგომისაგან გვარიანად შეგვამცივნა; ის იყო იმ საკითხზე ვბჭობდით, ხომ არ გაგვემეტებინა ტაქსისთვის მცირე რამ წილი ლტოლვილის მოკრძალებული ბიუჯეტიდან, რომ უეცრად, სველ პროსპექტზე ჩამწკრივებულ მანქანათა რიგში დავლანდეთ სასურველი ნომერი, რომელიც არშინის ციფრებით მიჰკროდა „მარშრუტკის“ საქარე მინას. ხელის ერთი დაქნევა და ჩვენც აღმოვჩნდით მხსნელი მიკროავტობუსის მყუდრო სალონში.

თითქმის ყველა ადგილი დაკავებულია, ჩვენს შემდეგ კი სულ აღარა რჩება. მიკროავტობუსი უხვევს პროსპექტიდან გზაჯვარედინზე და მიემართება ვაკისაკენ – ეს თბილისის ცენტრალური რაიონია, ჩვენ კი ორთაჭალაში ვცხოვრობთ; არც ის არის ურიგო რაიონი და გზა მისკენ აქედან, ვაჟა–ფშაველას პროსპექტიდან ცენტრის გავლით მიემართება. უეცრად, ფარების სინათლემ სიბნელიდან მამაკაცის სილუეტი გამოაჩინა, რომელიც გზისპირზე იდგა და მიკროავტობუსის დანახვისას რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩვენსკენ. მისი უხერხული მოძრაობები ერთი დანახვითაც მიგახვედრებდათ – კაცი გვარიანად ნასვამი გახლდათ. ეს იყო ტანსრული მამაკაცი თავზე ცერად დახურული „კონფედერატკით“. ჩემდა გასაკვირად, მძღოლმა ფრთხილად დაამუხრუჭა მანქანა, ხოლო შემოსასვლელ კართან მჯდომმა ახალგაზრდამ ეს კარი გაუღო, ხელი გაუწოდა და ამოსვლაში დაეხმარა. რადგან ახლადშემოსული ფეხზე მაინც ვერ დადგებოდა, ახალგაზრდამ ის თავის ადგილზე დასვა ქალიშვილის გვერდით, ხოლო თვითონ ფეხზე გაჩერდა უხერხულ პოზაში, რადგან მთელი ტანით გამართვის საშუალებას მიკროავტობუსის სიმაღლე არ იძლეოდა. მანქანა დაიძრა ადგილიდან.

ჩემი ეჭვი დადასტურდა – კაცი ისეთი მთვრალი იყო, როგორზეც იტყვიან „პირში ენას ვერ მოაბრუნებსო“. მაგრამ, რარიგ საოცარიც არ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, ძლივს იმაგრებდა საკუთარ სხეულს, სრულიად აშკარად ვხედავდი მის სახეზე, რომ პირდაპირ ფიზიკურ ტანჯვას განიცდიდა საკუთარი მდგომარეობის გამო. ეს ჩანდა იქიდანაც, როგორ ფართოდ აღებდა ხალხისაკენ თვალებს, ვისკენაც გადაქანდებოდა ხოლმე მანქანის მოძრაობის შესატყვისად და იქიდანაც, როგორ განუწყვეტლივ ბუტბუტებდა მისატევებელ სიტყვებს: „ბოდიში“, „ბოდიში“.

განსაკუთრებით დიდი ჯაფა აწვა ქალიშვილს, ვის გვერდითაც აღმოჩნდა იგი. მოსახვევებში კაცი თავს ვერ იმაგრებდა, მეზობელს აწვებოდა და ყოველ ჯერზე საშინლად დაირცხვენდა ხოლმე. კაცის ყოველი ასეთი მოძრაობისას, ქალიშვილი ფრთხილად იხრებოდა გვერდზე და მერე თვითონ ეხმარებოდა კაცს წონასწორობის აღდგენაში, რის გამოც კაცი კიდევ უფრო მორცხვობდა, ტანჯული ღიმილით შესცქეროდა მგზავრებს, და ხელებს იმდაგვარად შლიდა, თითქო ჩვენ გვიხმობდა საკუთარი უდანაშაულობის მოწმედ.

მთელი მგზავრობის მანძილზე ვაკვირდებოდი, თუ როგორ ეჭიდებოდა ეს კაცი ცნობიერების უკანასკნელ ნაპერწკალს, რათა წარმოუდგენელი ძალისხმევის ფასად შეენარჩუნებინა ღირსება, და როგორ ცდილობდა მიკროავტობუსში მსხდომი ყველა ადამიანი, უხმო გაგებით დახმარებოდა მას. და აი, არა ცნობიერი, არამედ როგორიღაც ავტოპილოტური ინტუიციით, კაცმა უეცრად ამოიცნო თავისი გაჩერება.

მძღოლმა მსუბუქად აიღო მარჯვნივ და გააჩერა მანქანა. იგივე ახალგაზრდა დაეხმარა კაცს მანქანიდან ჩასვლაში და ფრთხილად მოიხურა კარი. მძღოლმა ნელა დაძრა მანქანა, მაგრამ იმ კაცმა თავი ვერ შეიმაგრა, მანქანას გადმოეყრდნო, გადმოქანდა მოძრაობის მიმართულებით და კინაღამ წაიქცა. მგზავრებმა ერთხმად შეჰყვირეს და წამოიშალნენ ადგილებიდან. მძღოლმა მკვეთრად დაამუხრუჭა. კაცმა ხელები უშვა მიკროავტობუსს და, როგორც კი აღიდგინა წონასწორობა, გულზე მიიდო ხელი, ბოდიშის ნიშნად. მძღოლი იცდიდა. კაცმა თავი დახარა, შემდეგ მარცხნივ შეტრიალდა და ბორძიკ–ბორძიკ ფრთხილად დაიწყო ქუჩაზე გადასვლა, გადაჭრა ქუჩა და შეაბიჯა ტროტუარზე. მძღოლმა მზერა მოაცილა უკანა მხედველობის სარკეს და ფრთხილად დაძრა მანქანა. დაოფლილ და სველ ფანჯრებს შუბლით მიჭყლეტილი მგზავრები ყურადღებით მიაცილებდნენ ღამის სიბნელეში გამქრალ ადამიანს. მათ თვალებში იკითხებოდა გულწრფელი თანაგრძნობა და ურვა–წუხილი.

მიკროავტობუსმა აკრიფა სიჩქარე. მე დინჯად მიმოვიხედე გარშემო. ყველანი ისხდნენ ისე, თითქოს არაფერი არ მომხდარიყოს – თავთავიანთ ფიქრებში ჩაღრმავებულნი. მე უეცრად ვიგრძენი, რომ ჩემს შიგნით რაღაც მოხდა, რომ მარტოსულობის განცდა გამიქრა, ვიგრძენი თავი ყველაზე, ყველაზე ახლობლებს შორის და გამიჩნდა რაღაც აუხსნელი ერთობა ამ ადამიანებსა და ჩემს შიგნით არსებულ ყველაზე საუკეთესო გრძნობებს შორის. მე უეცრად აღმოვაჩინე, რომ არ მინდა აქედან არსად წასვლა – მინდა სიცოცხლე და სიკვდილი ამ მიწაზე!

თბილისი, 1999 წელი.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100