სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთი სამჭედლოდან

ქუთაისში ერთი სამჭედლოა, ამ სამჭედლოს ახალგაზრდა ჟურნალისტების გამოჭედვა დაებედა. მთავარი მჭედელი მომხიბლავი და გინიერი ქალბატონია - ნანული ცხვედიანი. ნანულის ძალიან უყვარს ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის ხელის წაშველება და მითითება-რჩევების მიცემაც. კომუნისტების დროიდან მოყოლებული მისი პრაქტიკანტი არაერთი წარმატებული ჟურნალისტი ყოფილა და ყველა დიდი სიყვარულით იხსენებს ცხვედიანის ქალის გეგმაზომიერ და დროულ ,,მასწავლებლობას”.

ერთმა ჟურნალისტმა დანანებითაც კი მითხრა, რომ ნანულისაგან ძალიან ბევრი ვისწავლე და ჟურნალისტიკაში არ მომეცა ბედის გამოცდის დრო და საშუალებაო. ამ სტატიას ის მომხიბლავი ახალგაზრდა ქალი აუცილებლად წაიკითხავს და ვეტყვი: მისი დროც დადგება!

დღევანდელი ჟურნალისტიკის ფერი, სამწუხაროდ, ძირითადად ყვითელია. მახსენდება შევარდნაძის დრო იყო და იაპონიის მთავრობამ სესხის თუ საჩუქრის სახით რამდენიმე მილიონი იენი გამოყო საქართველოსთვის, ტელეჟურნალისტი ისეთი აქცენტირებით ამბობდა მილიონს, რომ გვაყვედრიდა თითქოს და აგრესიასაც გვანთხევდა ეთერიდან (მერე გავარკვიე, რომ ეს რამდენიმე მილიონი სულაც არ იყო ასტრონომიული თანხა). სამწუხაროდ, ეს ფაქტი ძალიან ცუდად დამამახსოვრდა, რადგან დღევანდელი ჟურნალისტიკა უფრო ბიზნესს დაემსგავსა.

მგონი შევარდნაძის დროს ჩამოყალიბდა ჩვენში აგრესიული ჟურნალისტიკა... ხშირად ერთმანეთს გამოცემები და ჟურნალისტები ,,ამკობენ” წოდებებით: ,,გაყიდული”, ,,სკანდალური”, ,,ყვითელი” და სხვა ამაზრზენი ეპითეტებით. ქალბატონი ნანულის სამჭედლოდან გამოსულებს კი ეს ,,საპატიო წოდებები” არ აქვთ.

ერთხელ ასაკით ჩემზე უმცროსმა ახალგაზრდამ მთხოვა, რომ ჩემს მეგობარ აგრონომს, ანდრო ხეთერელს, მის სტატიაზე კომენტარი გაეკეთებინა. კომენტარი შემდეგ გაზეთში დაიბეჭდებოდა როგორც პროფესიული შეფასება. ანდრომ პროფესიული კომენტარი გააკეთა და მერე ეს ახალგაზრდა შემომეხმიანა მადლობის სათქმელად და სტატიაც გამაცნო, რომელშიც სკანდალურობა და ,,სიყვითლე” ვერ დავინახე, მიუხედავად იმისა, რომ თემა ჰიბრიდულ სიმინდს შეეხებოდა. სასიამოვნოდ გამიხარდა. ეს ჟურნალისტი 24 წლის ნოდარ ჯოჯუა გახლავთ, რომელიც არა მარტო ჟურნალისტი, არამედ ძალიან ფაქიზი ლირიკის ავტორიც გამოდგა და მორიდებით მითხრა: ,,მე ლექსებიც მაქვს”. ნოდარს თავისებური ხედვა აქვს არა მარტო ფიზიოლოგიურად(მოწყენით და ნაღველით სავსე), არამედ პოეტურიც:

ოცნების პირას ვათენებთ ღამეს

მე და მაისი.

სიყვარულია, მეგობარო, წუთისოფლის

შნო და ხალისი.

შემყვარებია დახატული თვალები ქალის.

ჰოდა, მეც ვეტრფი, ვეტრფი ფიქრებით,

ვეტრფი ლექსებით.

ნოდარის სურვილიც გავარკვიე: უნდა ჟურნალისტური თვალსაზრისით დაიხვეწოს, მისი ლექსები გამოქვეყნდეს და მოიწყოს პირადი ცხოვრებაც. მას ზნეობრივად არასდროს გაუჭირდება, ეს ვიცი...

ახლა კი რამდენიმე სიტყვა ლევან ფანცხავაზე. ორი ეპითეტი მას ჩემგან მიეკერა: აყუდებული(სიმაღლის გამო) და ბოჩოლათვალებიანი პოეტი. ამ ბოლო წოდებას და განსაზღვრებას თავიდან საკმაო უხეხულობა მოჰყვა, დელიკატურად იკითხა: ბოჩოლა თვალები რაღააო? მე ვუთხარი, რომ ეს სალანძღავი სიტყვა კი არა, ეს იმხელა კომპლიმენტია, უკეთესს რომ ვერ მოვიფიქრებდი ვერასდროსმეთქი. თავზე ჩამოფხატული ქუდით, უმეტესად წვერით და სიტყვადადინჯებულობით გამორჩეული ახალგაზრდაც წერს ლექსებს. უმეტესად მის ლექსებს ერთი ნაკლი აქვს, ლევანს მოჭარბებულად ,,აქვს” სასვენი ნიშნები, განსაკუთრებით მძიმე და მაინტერესებს, როდის ამოეწურება ამ სასვენი ნიშნების საბადო?

პატიოსანი კაცის სიტყვას ამბობს, რომ პუნქტუაციურადაც დაიხვეწება, ჯერ ის მხოლოდ 21 წლისაა და ბევრს ისწავლის კიდევ. ბრიყვი არაა და სწავლებაც არ წყინს. ,, დადგა ჩემთან ჟამი წერის”,- ამბობს ერთ ლექსში. მე კი დავუმატე, არა მარტო წერის, არამედ გამოქვეყნების ჟამიც უნდა დადგესმეთქი და მისი ლექსები გაზეთმა ,,პოსტკრიპტუმმა” დაბეჭდა, მაგრამ გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, მხოლოდ რამდენიმე ლექსი მოექცა პრესაში.

დამმალე სიცოცხლის ბოლომდე,

სიკვდილის საწყისად დამმალე,

მინდა რომ ჩემთვის ომობდე,

შენი სიჩუმით დამღალე.

დამმალე, ვიდრე მოვიწყენ,

შუა გულში შენთვის დამმალე,

შენს სულს ჩემს გვერდით მოვიწვენ,

მინდა რომ გავხდე სამარე.

დამმალე სულის შეძვრამდე,

მორცხვად თვალებში დამმალე,

შენი სიცოცხლე მეძახე,

დავრჩე სახელის ამარე.

დამმალე ვიდრე გავიქცე,

შენი სხეულით მატარე,

დამღალე ! ლამის წავიქცე,

წლებია გულით გატარებ.

დამმალე შენი სიმღერით,

და შენს ლექსებში დამმალე,

მე ამ ცხოვრების სიმებით,

დავუკრავ მშვიდად და მალე.

ასეთ ლექსს გამოქვეყნება ნამდვილად ეკუთვნის...

ლევანს ერიდებოდა თავისი ლექსების გამოქვეყნების, მაგრამ ჩემი შეგონება ახსოვს: ყველანაირი საქმის წარმატებით თავის გასართმევად საჭიროა სირცხვილის გრძნობის მოცილება, მაგრამ უსირცხვილობასაც ნუ მოვიხურავთ მანტიად!

ლევანმა დაიწყო თავისი ნაწერების გამოქვეყნება სოციალურ ქსელებში და უსირცხვილობაც არ აუფარებია...ჩემი ლექსი გენახა იქნებ, - მორიდებით მეტყვის და მეც სიამოვნებით გადავდივარ მის პოეტურ ბაღში ლირიკული ხილის გადასამოწმებლად.

ბიჭებო, ნოდარ და ლევან, როგორ გაგიმართლათ: კარგ მჭედელსა მიჰბარებიხართ, თქვენი მასწავლებელი პროფესიულ და ზოგადსაკაცობრიოსაც არაფერს დაგაკლებთ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100