ვინ არის მილიარდერი?

ვინ არის მილიარდერი? ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული? იღბლიანი? ყისმათიანი? თაღლითი და გაიძვერა? ფულის ფანატიკოსი? ბიზნესის გენიოსი? ადამიანებს ყოველთვის აინტერესებდათ, სად არის დამარხული უზარმაზარი სიმდიდრის საიდუმლო. საიდან უჩნდებათ სხვებს და არა მათ თვითმფრინავები, იახტები, მამულები, უზარმაზარი ქარხნები და ფირმები, სადაც მილიონობით ადამიანი შრომობს მუხლჩაუხრელად.

თუმცა, როგორც ერთმა მილიარდერმა აღნიშნა კერძო ინტერვიუში: „ფულს სიჩუმე უყვარს“. მეორე მილიარდერმა კი დასძინა: „ბიზნესი – ინტიმური საქმეა“. ეს აფორიზმი ან ანეკდოტი არ გეგონოთ – სერიოზული განმარტებაა. ღიად საკუთარ სიმდიდრეზე მხოლოდ გამოუსწორებელი ბაქიები საუბრობენ. დიდ ფულს არ უყვარს ეპატაჟი, ენაჭარტალობა, სენსაციური მოვლენები და დრამატული თავგადასავლები. მილიარდების მფლობელები თავიანთ გარშემო აკონტროლებენ ინფორმაციულ ველს და მკაცრად ფილტრავენ ყველა ცნობას, რომელიც გადის გარემომცველ სამყაროში. ამას ადასტურებს ნებისმიერი მილიარდერის ბიოგრაფია.

მილიარდერები არ გახლავან საზოგადო მოღვაწეები, შოუ–ვარსკვლავები ან პოლიტიკოსები, რომლებიც მზად იქნებიან ტელეეკრანების წინ მოიღერონ ყელი, ოღონდ კი მიიპყრონ ყურადღება. ბოლოს და ბოლოს, მდიდრებისადმი ინტერესი ისედაც საკმარისზე მეტია: მათი ცხოვრების წვრილმანები აინტერესებთ ჟურნალისტებსაც, ცნობისმოყვარე ბრბოსაც, კონკურენტებსაც და სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებსაც. სულელს აინტერესებს ცხელ–ცხელი ინფორმაცია მილიარდერის პირად ცხოვრებაზე, მისი ბიოგრაფია: სად ცხოვრობს, რას ჭამს, ვის უწევს გვერდში, სად და ვისთან ერთად ისვენებს. ჭკვიან კაცს კი იმედი აქვს: ყურადღებით უნდა გაეცნოს მილიარდერის ბიოგრაფიის თითოეულ წვრილმანს და აუცილებლად იპოვის ხელჩასაჭიდს, რის მიხედვითაც ააგებს საკუთარ ბიზნესს და გახდება არანაკლებ მდიდარი ადამიანი!

თუ ეს ჭკვიანი კაცი კარგად ჩაუკვირდება – რით დააგროვა მილიარდერმა თავისი სიმდიდრე და რისგან შედგება მისი აქტივები, დაინახავს, რომ, იმისდა მიუხედავად – მოიპოვებს ის სასარგებლო წიაღისეულს, მონაწილეობს საბანკო საქმეში თუ საფონდო ბირჟებზე ეწევა ინვესტირებასა და სპეკულაციას – ყველა ჭეშმარიტად დიდ ბიზნესს ის აფორმებს სააქციო საზოგადოების სახით. მილიარდერებს აქვთ აქციის საკონტროლო და მაბლოკირებელი პაკეტები მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებში, რომელთა სუფთა მოგება აღწევს ათობით მილიარდს, საიდანაც ისინი ღებულობენ უზარმაზარ დივიდენდებს.

საიდუმლო როდია, რომ ყველა ადამიანს შეიძლება ცოტათი შურდეს მდიდარი ადამიანის – მილიარდერის – რამდენიც უნდა ამტკიცოს, რომ ფული არ არის მისთვის მთავარი. აქ მუშაობს ფსიქოლოგიური თავდაცვის ერთგვარი მექანიზმი, „რაციონალიზაციის“ სახელწოდებით: ჩვენ ვამართლებთ საკუთარ სიღარიბეს და მათ სიმდიდრეს. სინამდვილეში ჩვენ არცთუ უსაფუძვლოდ ვთვლით, რომ ასე ვთქვათ, მათ უბრალოდ გაუმართლათ, თორემ სინამდვილეში ყველანი ქურდები არიან, ან ხელისუფლებასთან იყვნენ დაახლოებულნი და ასე შემდეგ. მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ეს ქუდბედიანები ხდებიან დღეს მომავალი მილიარდერების დინასტიათა დამაარსებელნი. თქვენ კი ვინ გიშლით, მოიხვეჭოთ თქვენი პირველი მილიონი ან მილიარდი? ვინ კი არა – რა: თქვენივე სიზარმაცე, შიში და უცოდინრობა. ამაშია მთელი საიდუმლო. მილიარდ დოლარზე უარს არავინ იტყვის. მაგრამ მუშაობა, ფიქრი, ძალების დაძაბვა, საკუთარი თავის გადაძალვა, ან თუნდაც, გლობალურ გარიგებებზე სხვა ძლიერთა ამა ქვეყნისათა წინაშე გარიგებაზე წასვლა ყველა ჩვენთაგანს არც შეუძლია და არც უნდა....

არადა, ვინც შეძლო, მათი რიცხვი დღეს 1140 კაცია. გახდი შენ 1141–ე!

P.S. ჩვენ გავითვალისწინეთ თანამემამულეების ინტერესი მილიარდერ ივანიშვილთან დაკავშირებით, მოვიძიეთ სპეციალურ საიტზე და ვიპოვეთ მისი ადგილსამყოფელი მსოფლიოს მილიარდერთა შორის. აი, რა ინფორმაცია დაგვხვდა:

„185. -18. Boris Ivanishvili 5.5. 0.7. 55. Investments Russia“,

სადაც „185“ რიგითი ნიომერია მილიარდერთა შორის, 18 – ადგილის ცვლილება ადრინდელთან შედარებით, Boris Ivanishvili, როგორც მიხვდით – სახელი და გვარი, „5,5“ – ქონების რაოდენობა მილიარდებში, 0,7 – ქონების ცვლილება ადრინდელთან შედარებით, „55“ – წლოვანება, Investments (ინვესტიციები) – შემოსავლის წყარო, Russia (რუსეთი) – ქვეყანა, რომელსაც წარმოადგენს პიროვნება.

კომენტარი