სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მგონი, მავზოლეუმის კარი დარჩათ ღია...“ - ფილარმონიის დარბაზის ექო Facebook-ზე

ის, რაც „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე მყოფ ადამიანს დღეს აშკარად ეცემოდა თვალში ფილარმონიაში, ახალგაზრდების სიმცირე იყო. რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით ბერას და მის გუნდს, რომელმაც დღეს დიდ სცენაზე პირველად გარეპა და პრეზენტაციის თავსა და ბოლოში საკუთარი კლიპიც წარმოადგინა. კლიპი რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის პრეზენტაციას უფრო ჰგავდა, ეგ არაფერი - ოლიგარქის ოჯახის ახლოს გაცნობა საინტერესოცაა, მაგრამ მხატვრული ღირებულების თვალსაზრისით ვერც კლიპი და ვერც ბერას გულზე მჯიღისცემა დიდი ვერაფერი სანახაობა გამოდგა.

იმის გამო, რომ პრეზენტაცია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ძალიან აქტიურობდა ქართულენოვანი „ფეისბუქი“. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის დროით 15.00 საათი ოკეანისგაღმელი ქართველი ემიგრანტებისთვის განსაკუთრებული აქტიურობის პერიოდი არ გახლავთ (საათობრივი სარტყელის გამო), პრეზენტაციის მიმდინარეობას ისინი მაინც ეხმაურებოდნენ.

მათ, ვინც დარბაზს თვალი გადაავლო და იქ მყოფ ადამიანთაგან ბევრი იცნო, გაუჩნდა შეგრძნება, რომ ფილარმონიაში შედგა შეხვედრა წარსულთან. ზოგიერთმა საკუთარ კედელზე ისიც კი დაწერა, რომ დარბაზიდან ნაფტალინის სუნი ინტერნეტშიც კი ეცა:

„აქ ისეთი შემადგენლობაა შეკრებილი, მე მგონი, მავზოლეუმის კარი ღია დარჩათ...“ - დაწერა ერთმა.

„რანაირად შეიძლება, ხუთმილიარდნახევარი გქონდეს და შენს ოცნებაში გოგა ხაინდრავა და ეკა ბესელია ჯდებოდეს?“ - შეწუხდა მეორე.

„ეს კაცი წინასწარ დაწერილ ტექსტს ვერ კითხულობს და ქვეყანას ააშენებს?“ - დაინტერესდა მესამე.

„ქალბატონო ნაირა, ჩაგვეძინა, ტონი მაინც შეცვალეთ მჭექარე ხმით“, - ითხოვა სხვამ.

„ტექსტი შუაზე უნდა გაეყო და ნახნახევარი წაეკითხა თავში და ბოლოში, აღარ შეეშლებოდა“, - ივარაუდა მავანმა.

მოკლედ, როგორი რუდუნებითაც უსმენდა, ფეხზე უდგებოდა, ოვაციებს აგებებდა დარბაზში მყოფი ხალხი დიდ მილიარდერს, ისეთივე მონდომებით, რუდუნებითა და გამალებით კაკუნებდნენ კლავიშები თბილისში და არამარტო თბილისში.

მანამდე კი განხილვის თემად თბილისში კახა კალაძისა და ანდრეი შევჩენკოს ჩამოსვლა და უკრაინელი ფეხბურთელის მიერ კალაძისთვის გამოცხადებული მხარდაჭერა გახდა.

„ყველანი აქ ვართ! აქ არის ყველა!

აგე, შევჩენკოც მოვარდა ჩორთით!

ბიძინასათვის, ბიძინასავით, ბიძინასაკენ, ბიჭებო, სწორდით“ - დაიწერა ერთ-ერთ კედელზე ატვირთული ბერას, კალაძისა და შევჩენკოს ერთობლივი ფოტოს აღწერის ველში.

„ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე ერთი კურიოზიც დაფიქსირდა: როცა კახა კალაძემ თქვა წინადადება: „მე ვტოვებ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს“, ამან დარბაზში აპლოდისმენტები გამოიწვია.

„თუკი ნაკრებიდან კალაძის წასვლა მის დასუსტებას ნიშნავს, რა უხაროდა დარბაზს? არის მეორე ვარიანტიც: დარბაზში მყოფმა ფეხბურთის მოყვარულებმა შვებით ამოისუნთქეს და კალაძის გადაწყვეტილების მხარდაჭერა ტაშით გამოხატეს...“ - დაიწერა ერთ-ერთ სტატუსზე და კალაძის განცხადებას მყისიერად გამოეხმაურნენ სხვა ფეისბუქელებიც:

„კალაძემ, ნაკრებიდან მივდივარო, აღიარებითი ჩვენება მისცა პრეზენტაციაზე“.

„კალაძე წავიდა, ეეჰ, დავრჩით ქვეშა**იების ამარა“.

თქმა უნდა, იყო ცალსახად მხარდამჭერი განცხადებებიც. ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე „ფეისბუქში“, ძირითადად, ლატინიცას ტრანსკრიპციით პოსტავენ (ახალგაზრდები, რომლებსაც „შიფტ“ ბრძანების ხმარება ეზარებათ ქართული ასოების გადასაყვანად) და ბმულზე, საიდანაც ლაივში შეიძლებოდა ფილარმონიის დარბაზის ხილვა, უამრავი კომენტარი დაიდო, მათ შორის უმრავლესობა - მხარდამჭერი:

„ჩვენ 99% ვართ, ჩვენ გავიმარჯვებთ, ბატონო ბიძინა, მიხედეთ ქვეყანას!“

„კარგი იყო, მაგრამ სატანური ჰიმნით დაწყებული საქმე წარმატებული არ იქნება, სანამ მასონი პოეტის მიერ დაწერილ მაგ მკრეხელურ ჰიმნს არ შევცვლით. წარმატებებს გისურვებთ!“

„ნაირა გელაშვილი -პოეტი, ბერლუსკონი-პუტინის მეგობარი,
რეზო ესაძე - ბურჯანაძის თანაგუნდელი, ბერა ფილარმონიის სცენაზე - ოჯახური ბიზნესი, ოთხი კრუპნი კადრი ვაჟა ლორთქიფანიძის - ასე დამარხა ქართული ოცნება იმედმა. პირველ არხს გადაუჯოკრავს - შევჩენკო რუსი ფეხბურთელიო.“

„ეს იყო ყოველგვარ პომპეზურობას მოკლებული პრეზენტაცია. დარბაზში ვიჯექი და საოცრად თბილი განწყობა სუფევდა, დიდი მადლობა ბატონ ბიძინას.“

დარბაზში მსხდომებთან დაკავშირებით კი „ფეისბუქზე" დამატებითი კითხვები გაჩნდა. ჩამონათვალი, მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა: ძველი და ნაცნობი, ძველი და უცნობი, ძველი და კარგად დავიწყებული სახეებით.

წინასწარ დაანონსდა, რომ პოლიტიკოსები პრეზენტაციაზე არ იყვნენ მიწვეულები, მაგრამ საპატიო, ბიძინა ივანიშვილის რიგის უკანა სკამებზე მოხვედრა რესპუბლიკელებს ნაღდად წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი: იქ, სადაც ოლიგარქი უნდა დამჯდარიყო, წინა და უკანა რიგები წინდაწინ იყო დაკავებული - წინა კალაძე-შევჩენკო და კომპანიისთვის, უკანა კი უსუფაშვილი და კომპანიისთვის. სცენაზე ადგილი ვერ მოიძებნა ეკა ბესელიასთვის და იგი არც დარბაზში ილანდებოდა ივანიშვილთან ახლოს.

დარბაზში სხვადასხვა ადგილას შენიშნავდით შემდეგ პირებს: დავით თევზაძე, არმაზ სანებლიძე, რეზო ესაძე, ვაჟა ლორთქიფანიძე, გენერალი გიორგი შერვაშიძე (შევარდნაძისდროინდელი შინაგანი ჯარის სარდალი), გია ყარყარაშვილი, რობერტ სტურუა, ვახტანგ ხმალაძე, გოგა ხაინდრავა, ნონა გაფრინდაშვილი...

ამ და სხვა პირების გამოჩენამ „ფეისბუქ-სტატუსების“ ცეცხლი ახალი ძალით გააჩაღა:

„მოვითხოვ, გამჭვირვალე და ხელმისწავდომი გახდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საკუთარი ფულადი სახსრების რა ნაწილი აქვს დახარჯული ბიძინა ივანიშვილს ნაფტალინის შესაძენად!..“

„20 წელია სულ სადღაც იკრიბებიან - შავნაბადა, ჭადრაკის სასახლე, სპორტის სასახლე, ეროვნული სტადიონი, კოსტავას გამზირი ტელევიზიასთან, რუსთაველის გამზირი მთავრობის სახლთან, ფილარმონია. შეხვედრის ადგილი იცვლება, მაგრამ შეხვედრის მიზანი უცვლელია. „სასტავიც“ რომ უცვლელია? ყველა სახეზეა! კავკასიური დღეგრძელობა მითი არ ყოფილა.“ - ფბ-ზე გამოჩენილი ეს ორი სტატუსი დღეს სოციალურ ქსელში ბევრმა ადამიანმა გაიზიარა.

რა თქმა უნდა, კურიოზების გარეშე არც დღევანდელ პრეზენტაციას და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ჩაუვლია:

ბიძინა ივანიშვილს შეცდომები დასჩემდა - ტექსტის კითხვის დროს რამდენჯერმე წაიბორძიკა, თანაც, ტექსტის ისეთ მონაკვეთზე, რომელიც აუცილებლად მოხვდებოდა ტოპ-ტაიმის საინფორმაციოებში და მოხვდა კიდეც;

ნაირა გელაშვილს ტრიბუნასთან სიტყვა იმდენად გაუგრძელდა, რომ რამდენჯერმე სცადეს, ტაშით შეეწყვეტინებინათ, თუმცა აქედან არაფერი გამოვიდა;

პრეზენტაციის მხარდასაჭერად მისულ გურამ ფირცხალავას „ქართული ოცნების“ სახელწოდება დაავიწყდა და კომენტარის ჩაწერის დროს ჟურნალისტს უთხრა: „იმის მხარდასაჭერად მოვედი... რა ჰქვია?“

ქართველ ჟურნალისტთა ნაწილს კი იმდენად ხშირად ელანდება რუსეთი, რომ ერთ-ერთი არხის ჟურნალისტმა, პირდაპირი ჩართვის დროს ანდრეი შევჩენკო „რუს ფეხბურთელად“ მოიხსენია...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100