პროდუქტი, რომელიც კლავს

დღემდე ერთ-ერთ აქტუალურ და გადაუჭრელ პრობლემად უვარგისი და ვადაგასული პროდუქცია რჩება. ლაპარაკია ბაზრობებსა და მაღაზიებში გამოტანილ საკვებ პროდუქტებზე, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას აზიანებს. უვარგისი პროდუქციით მიღებული შხამები ნელ-ნელა ილექება ორგანიზმში და სხვადასხვა პათოლოგიის განვითარებას უწყობს ხელს.
ბოლო პერიოდში მასობრივი გახდა ყა¬ვის, მაიონეზებისა და სხვადასხვა საკვები პროდუქტის თუ უალკოჰოლო სასმელების ფალსიფიცირების შემთხვევები. გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, საკვებით მოწამვლის შემთხვევებიც გახშირდა. ბაზრობებზე არ არის საკვების შენახვის პირობები დაცუ¬ლი. ასევე ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა გარევაჭრობაა. ხშირად დაინახავთ თაკარა მზეზე გამოტანილ მალფუჭებად პროდუქტებს, როგორიცაა: რძის პროდუქტები, ხორცეული და კვერცხი.
"დრონი.ჯი" საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარეს, ქალბატონ მადონა კოიძეს ესაუბრა, რომლის უწყება ხშირად ბაზრობაზე გამოტანილ პროდუქტებს ლაბორატორიებში ამოწმებს და შედეგებს მოსახლეობას აცნობს.

მადონა კოიძე: "ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ტემპერატურამ მოიმატა. ბაზრობებსა და ზოგიერთ სუპერმარკეტებში საკვების შენახვის ტემპერატურულ რეჟიმს არ იცავენ, რაც იმის რისკს ზრდის, რომ მომხმარებელმა უვარგისი და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტი შეიძინოს. გარევაჭრობაზე დღემდე იყიდება ხორცი, კვერცხი, თევზი, რძის პროდუქტები და ა.შ" რომლებიც მალფუჭებადი პროდუქტების ჯგუფს მიეკუთვნება. აქ ირღვევა პროდუქციის შენახვის სანიტარიული პირობები და წესი.
- სად უფრო დაცულია მომხმარებელი ფალსიფიკაციისგან, ბაზრობებსა თუ სუპერმარკეტებში?
– სუპერმარკეტების უმრავლესობაში პროდუქცია მაცივარშია მოთავსებული და მომხმარებელი უფრო დაცულია, ვიდრე ბაზრობებზე.
– ბოლო დროს აქტუალური გახდა სუპერმარკეტების ქსელი "პოპული". ამბობენ, რომ იქ ვადაგასული პროდუქცია იყიდება.
– "პოპულში" იყიდება თუ არა ვადა¬გასული პროდუქცია, ამას ცალსახად ვერ ვიტყვი. ვიცი, რომ "პოპულმა" მარკეტინგი გააუმჯობესა და მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელია პროდუქციის გაყიდვაზე, პროდუქციის წუნის შემთხვევაში ჯარიმები პირადად ეკისრება.
–თუ გაქვთ ინფორმაცია, რა სახის პროდუქცია შემოდის საქართველოში?
– უცხოეთიდან შემოდის ხარისხიანი, საშუალო ხარისხისა და, ჩვენდა სამწუხაროდ, უვარგისი და უხარისხო პროდუქცია, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.
– როგორ უნდა განასხვავოს მომხმარებელმა ხარისხიანი პროდუქცია უხარისხოსგან?
– მომხმარებელი უნდა იყოს ინფორმირებული და უნდა ჰქონდეს ელემენტარული სამომხმარებლო განათლება. როდესაც მოქალაქე ყიდულობს პროდუქტს, მან უნდა წაიკითხოს ეტიკეტი და ნახოს, ვარგისია თუ არა პროდუქტი და რა ინგრედიენტებს შეიცავს.
– თუმცა ზოგიერთი მეწარმე ეტიკეტს აყალბებს.
– მეწარმე ვალდებულია პროდუქციის ეტიკეტზე დაიტანოს სრულყოფილი ინფორმაცია, რათა მომხმარებელმა სწორი არჩევანი შეძლოს. თუ ეტიკეტზე მინიშნებული ინფორმაცია არ შეესაბამება შიგთავსს, მაშინ მომხმარებელი ფალსიფიკაციისგან დაუცველია. ასეთმა მეწარმემ თავის საქციელზე პასუხი უნდა აგოს. კარგი ფაქტია, რომ სურსათის უვნებლობის სამსახურმა სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგი დაიწყო და აქცენტი მალფუჭებად პროდუქტებზე გადაიტანა. ეს მომხმარებლებს უხარისხო პროდუქციის შეძენისგან დაიცავს.
– რას ურჩევდით მოსახლეობას უხარისხო და ვადაგასული პროდუქციის აღმოჩენის შემთხვევაში?
– თუკი მომხმარებელი უხარისხო პროდუქციას აღმოაჩენს, ეს იქნება "პოპულიში" თუ სხვა სუპერმარკეტში, საქმის კურსში უნდა ჩააყენოს ხელმძღვანელობა და მენეჯერი, მენეჯერი კი თავის მხრიდან ვალდებულია პროდუქტი სამომხმარებლო დახლიდან ამოიღოს. თუ მენეჯერი ასე არ მოიქცა, მომხმარებელმა მოგვმართოს ჩვენ ან სურსათის უვნებლობის სამსახურს და შესაბამის ზომებს ჩვენ მივიღებთ.
როგორ აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე უხარისხო და ვადაგასული პროდუქციის მიღება და რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს ასეთმა პროდუქციამ, ამ თემაზე ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, ნაირა დვალიშვილს ვესაუბრეთ.
ნაირა დვალიშვილი: "თუ ადამიანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებს უხარისხო საკვებს, ასეთი ორგანიზმი ნელ-ნელა იფიტება და თანდათან დაავადებები ყალიბდება. საკვები თავისთავად შეიძლება შეიცავდეს მავნე ნივთიერებებს, იმის მიხედვით, თუ რომელ ნიადაგზეა მოყვანილი, რა პესტიციდებია ნახმარი, როგორია ამ პესტიციდების შენახვის ვადები და ა.შ. თუ საკვები ინახება საწყობში, სადაც დაცული არ არის ტემპერატურა, განიავების რეჟიმი, ამ შემთხვევაში საკვებში შეიძლება გაჩნდეს ობის სოკო, ტოქსიკური მეტავოლტები, მიკროტოქსინები და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ბევრი სხვა ნივთიერებები. ასეთი საკვების მიღებისას, ადამიანის ღვიძლში ილექება ეს ნივთიერებები და დროთა განმავლობაში სხვადასხვა დაავადებები გამოვლინდება. ამიტომაც აუცილებელია, როდესაც საკვებ პროდუქტებს ვყიდულობთ, მის ეტიკეტს დავხედოთ, შევამოწმოთ მისი ხარისხი და ვარგისიანობის ვადები. თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, არანაირი დაავადება არ გვემუქრება".

P.S. მიუხედავად იმისა, წავიკითხავთ თუ არა პროდუქციაზე მოთავსებულ ეტიკეტს, ამით პრობლემა არ მოგვარდება, რადგან სა¬მომხმარებლო ბაზარზე ძირითადად ფალსიფიცირებული ნაწარმია წარმოდგენილი და ხშირად პროდუქციის შეფუთვაზე გაკეტებული წარწერა არ დასტურდება და ხარისხიც შეუსაბამოა. მთავარი პრობლერმა მაინც ის არის, რომ ბაზარი არ არის ჩამოყალიბებული, რის გამოც პროდუქცია, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს და რეგულარულად მოწმ¬დება, ძალიან ცოტაა.

კომენტარი