სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოფელი რუსეთში, სადაც დღესაც საქართველოს სახელმწიფო დროშა ფრიალებს

არა, ხანდახან მაინც საჭიროა რუსული ბლოგინგისა ინტერნეტსივრცის გადათვალიერება – ზოგჯერ სასიხარულო ინფორმაციასაც წააწყდები. მართალია, რაც ჩვენთვის სასიხარულოა, შესაძლოა, ბლოგის ავტორისა და სხვა რუსებისთვის (სავარაუდოდ, უმრავლესობისთვის) საწყენი და გულგასახეთქი იყოს, მაგრამ ეგ არაფერი – ცივი წყალი რუსეთშიც უფასოა, ჯერჯერობით...

ახლა კი კონკრეტული ფაქტი, რა თქმა უნდა, ამ ფაქტის დამამტკიცებელი რუსული წყაროს მითითებით: თურმე ნუ იტყვით და, რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, სოჭში, დღესაც არის ერთ–ერთი სოფელი, სადაც შესასვლელ–გამოსასვლელებში საქართველოს სახელმწიფო, ხუთჯვრიანი დროშა ფრიალებს.

ეს სოფელი, რომელსაც პლასტუნკა ჰქვია, თავის დროზე კაზაკებმა დაარსეს. სახელიც შესაბამისი აქვს – „პლასტუნებს“ კაზაკ მზვერავებს უწოდებდნენ. თუმცა, უკვე კარგა ხანია, სოფელში კაზაკები აღარ ცხოვრობენ და იგი სუფთა ქართული დასახლებაა.

უფრო ადრე პლასტუნკას, თურმე, მუტიხუასუა ერქვა. იგი მდინარე სოჭის ორივე ნაპირზეა განლაგებული და სოფელში, რუსული ვიკიპედიის მიხედვით, 1.500 ადამიანი ცხოვრობს. დასახლება ორ – ზედა და ქვედა პლასტუნკადაა დაყოფილი. აქ ქართველები მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ და იმავე ვიკიპედიის მიხედვით, პლასტუნკა რუსეთში ქართველების უდიდესი დასახლებაა, თუმცა, ქართველებთან ერთად რუსებიც ცხოვრობენ.

ახლა კი მთავარი: 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დაწყებისთანავე, 8 აგვისტოს, სოფელ პლასტუნკის შესასვლელსა და გასასვლელში სპეციალურ ფლაგშტოკებზე საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს და იგი ორ ადგილას დღემდე ფრიალებს. ადგილობრივმა ქართველებმა საგანგებოდ შეარჩიეს მაღალი ფლაგშტოკები, რათა ქართული დროშა სოფლიდან დიდი მანძილზეც ყოფილიყო შესამჩნევი. უკვე სამ წელზე მეტია, ადგილობრივი ხელისუფლება დროშას ვერაფერს უხერხებს: მუნიციპალურმა სამსახურებმა რამდენჯერმე სცადეს მათი ჩამოხსნა, მაგრამ მოსახლეობის მხრიდან იმხელა წინააღმდეგობას წააწყდნენ, რომ განზრახვაზე ხელი აიღეს, ხოლო ძალის აშკარა გამოყენებაზე, ჯერჯერობით, ვერ წავიდნენ.

რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფო დროშა ბევრ რუსს შეეჩხირა თვალში. ასე მაგალითად, ერთ–ერთი რუსი ბლოგერის სათუთი მზერა ხუთჯვრიან დროშას ისე გაუღიზიანებია, რომ საკმაოდ ღვარძიანი ბლოგი დაწერა, სადაც კითხულობს: „რატომ არის აღმართული რუსეთი ტერიტორიაზე იმ აგრესორი ქვეყნის დროშა, რომელთანაც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩვენს ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს?“ – ბლოგი 2011 წლის 11 აგვისტოთია დათარიღებული და მისი წაკითხვა შეგიძლიათ აქ.

როცა დროშას ვერაფერი მოუხერხეს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მზაკვარ ხერხს მიაგნო: პლასტუნკაში 110 წლის წინ, ადგილობრივი მოსახლეობის შემოწირულობებით აგებული სკოლა ჯერ 9–წლიანად გადააკეთეს, მერე იქ ქართულის გაკვეთილები შეამცირეს, ბოლო ინფორმაციით კი, ქართული ენა მხოლოდ სპეციალური ლიტერატურის წრის ამარა დატოვეს და საგნის სტატუსი შეუჩერეს, რამაც ადგილობრივ ქართველებში დიდი გულისწყრომა და აღშფოთება გამოიწვია. ეს საკითხი ქართულმა მხარემ უკვე დააყენა შვეიცარიის საელჩოს წინაშე.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100