სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვარიანში მოსახლეობა ადგილობრივ მღვდელს დაუპირისპირდა

სოფელ ვარიანში მოსახლეობა ადგილობრივ მღვდელს უპირისპირდება. მოსახლეობა გრიგოლ გოგიჩაძეს სოფლის კუთვნილი მიწების მითვისებაში ედავება და მოითხოვს, სასულიერო პირმა სასწრაფოდ დააბრუნოს მიტაცებული მიწები, შემდეგ კი საერთოდ დატოვოს სოფელი. ადგილობრივი ეკლესიის მოძღვარი ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ დაპირისპირების უკან კერძო ინტერესები დგას.

მოსახლეობის მტკიცებით, ეკლესიის წინამძღვარმა ეკლესიისთვის შეწირული სამშენებლო მასალა საკუთარი სახლისა და ფერმის ასაშენებლად გამოიყენა.

ვაჟა კოკაური, ვარიანის მკვიდრი: „ნახევარი სოფლის კუთვნილი მიწა თვითონ შეიძინა. კი ბატონო, ზოგი კანონიერადაა, მაგრამ ზოგი უკანონოდაა შეძენილი და ამას ჩვენ დავადასტურებთ. ამავე დროს, შეგიძლიათ ჩამობრძანდეთ და ნახოთ – უკანონოდ შეძენილ მიწაზე ახლაც მუშაობს ტრაქტორი და თვითონ ამბობს, ოფისს ვაშენებო, მაგრამ სინამდვილეში იქ ღორების ფერმა შენდება“.

მამა გრიგოლს კიდევ რამდენიმე ვარიანელი უჩივის. ერთ–ერთი მათგანი ამბობს, რომ მამაოს 1 ჰა მიწა 9.000 აშშ დოლარად მიჰყიდა, მაგრამ სასულერო პირმა მხოლოდ 3.000 მისცა და დანარჩენ თანხაზე „გადააგდო“.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დაახლოებით 3 ჰექტარის მისწის ფართობი ეკლესიას სოფელმა სულ ცოტა ხნის წინ გადასცა. მათივე თქმით, სანამ გრიგოლ გოგიჩაძე ეკლესიის წინამძღვარი იყო, მიწა ეკლესიის კუთვნილებად ითვლებოდა კიდეც, მაგრამ როგორც კი დეკანოზობა ჩამოართვეს, ნაკვეთები საკუთარ სახელზე გადაიფორმა. და ეს მაშინ, როცა საეკლესიო მიწა არ იყიდება და მამა გრიგოლის წასვლის შემდეგ ეს მიწა მის შემდეგ მოსულ მოძღვარს ეკლესიის კუთვნილებაში უნდა დახვედროდა. სულ ცოტა ხანია, მამა გრიგოლი ვარიანის ეკლესიის წინამძღვარი აღარ არის, თუმცა, ეკლესიაში სასულიერო პირად მაინც რჩება.

მამა გრიგოლი ვარიანელთა ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და მიწებთან დაკავშირებით ამბობს:

„რადგან მე ჩასული ვიყავი ჩემთვის უცხო სოფელში და მიჭირდა საარსებო საზრდოს შოვნა, მოვითხოვე, რომ ჩემთვის დასამუშავებლად მოეცათ მიწა და მომცეს კიდეც – პირად სარგებლობაში, რათა იგი დამემუშავებინა და მომეყვანა მოსავალი, ისევე, როგორც ნებისმიერ ადგილობრივ გლეხს. მერე გამოცხადდა აუქციონი და მე კანონიერად შევისყიდე ეს მიწა, ასე რომ, პრობლემას ვერ ვხედავ. სავარაუდოდ, ამათ უკან ვიღაცა დგას, მაგრამ ჩემი მოვალეობაა, რომ მათთან საერთო ენის გამონახვა ვცადო და ვეცდები კიდეც...“

ვარიანის მოსახლეობას შორის ისეთებიც არიან, რომლებიც ამბობენ, რომ მამა გრიგოლს მიწები სრულიად კანონიერად აქვს შეძენილი და მისი პირადი საკუთრებაა. მრევლის ამ ნაწილს ვერ გუგია, რატომ ითხოვს სოფლის მცხოვრებთა ნაწილი მამაოსგან მიწის დაბრუნებას მაშინ, როცა არც თაღლითურად მიუთვისებია ისინი და არც ვინმე მოუტყუებია: „ჩვენ ნანახი გვაქვს დოკუმენტები, სადაც მიწის ნაკვეთები ოფიციალურადაა გაფორმებული მამა გრიგოლზე. მაშინ ყველა თავს ევლებოდა და ახლა გახდა გამომძალველი და თაღლითი?“, – კითხულობენ ისინი.

ვარიანის მოსხლეობის უდიდესი ნაწილი კი მოძღვარს ისევ უპირისპირდება და მიწების დაბრუნებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში დავის სასამართლოში გაგრძელებით იმუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100