სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნავთობპროდუქტების იპორტიორთა კავშირი საწვავის ხარისხს დამაკმაყოფილებლად აფასებს

ვანო მთვრალაშვილი: „საავტომობილო პარკის თითქმის 46%-ი ეს არის 24 წელზე მეტი ხნოვანების სატრანსპორტო საშუალებები. 40%-მდე 12-20 წლის. გამოდის, რომ 10 წლამდე სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ 6-7%-ია.“

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ორგანიზებულ კონფერენციაზე საწვავის ხარისხზე იმსჯელეს. კავშირის ცნობით, საქართველოში რეალიზებული დიზელის საწვავის ხარისხი აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც საქართველოში არსებულ ავტო-პარკს გააჩნია. კონფერენციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ აუცილებელია საავტომობილო პარკის განახლება, რადგან ავტომობილების დიდი ნაწილის ასაკი გარემოს დაბინძურების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია.

ვანო მთვრალაშვილი - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე:

„საავტომობილო პარკის თითქმის 46%-ი ეს არის 24 წელზე მეტი ხნოვანების სატრანსპორტო საშუალებები. 40%-მდე 12-20 წლის. გამოდის, რომ 10 წლამდე სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ 6-7%-ია. დღეს რეალიზებული საწვავი აბსოლიტურად აკმაყოფილებს იმ საავტომობილო პარკს, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. ახალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის შესაძლებელია ევრო 5-ის შესაბამის სტანდარტის დიზელის საწვავის გამოყენება, რომელიც არის იმპორტირებული ევროკავშირის ქვეყნებიდან. არსებობს, ასევე მოძველებული სატრანსპორტო საშუალებებისთვის საწვავი - ევრო 4-ის ტიპის, რომელიც არის იმპორტირებული აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან.“

ვანო მთვრალაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია განახლდეს ავტოპარკი, რადგან მოძველებული და გაუმართავი ავტომობილები ჰაერის დაბინძურების წყაროა. ანალოგიურ დასკვნას დებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც. უწყების მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში მითითებულია, რომ საქართველოში საავტომობილო გაფრქვევები შეადგენს მთლიანი გაფრქვევების 71%-. ქვეყანაში არსებული ავტომანქანების 37% თავმოყრილია თბილისში. ამასთან, დედაქალაქში როგორც ტრანზიტულად მოძრავი, ისე მუდმივად მყოფი ავტომანქანების რიცხვი გაცილებით მეტია, რადგან ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი საქმიანობას თბილისში ეწევა. გამოვლინდა სხვა დარღვევები და ხარვეზებიც. მაგალითად, 2016 წელს სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაახლოებით 76%-, რაზეც საპატრულო პოლიციის რეაგირება საკმაოდ დაბალია. მუნიციპალური ავტობუსების უმრავლესობა მათი ასაკის, შიდა წვის სისტემის სიძველისა და მისი აღდგენის შეუძლებლობის გამო, ვერ გადის პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას. 2016 წლის 3 ოქტომბრიდან 2017 წლის 3 აპრილამდე პერიოდში, თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების დაახლოებით 25% არ გამოცხადდა მათთვის სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად, ხოლო 2017 წლის 4 აპრილიდან 6 ოქტომბრამდე პერიოდში - 40%. ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის მექანიზმი სუსტია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100