თბილისში რამდენიმე ცნობილ რესტორანს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა

თბილისში მდებარე ცნობილ რესტორნებსა და კაფეებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევები გამოავლინა.

სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დოკუმენტური შემოწმება და ინსპექტირება ჩატარდა 19 რესტორანსა და კაფე-ბარში. მათ შორის, 7 მათგანს კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა შემდეგ ობიექტებში: „თაღლაურა“; „ძველი ქალაქი“; „კაფე კალა“; „პლაზა ჰოლი“; „კრუიზი“; „ოქროს კათხა“ და „მუხამბაზი“. აღნიშნულ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ და 1000 ლარით დაჯარიმდნენ.

ამასთან, ობიექტებში – „კახელები“; „თაშრე“; „რესტორანი თევზის სახლი“; „კერია“ გამოვლინდა ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაცია, რის გამოც 1000 ლარით დაჯარიმდნენ.

ასევე, საზოგადოებრივი კვების ობიექტები „ფაიტონი“ და „ლაკადა“ ეტიკეტირების წესის განმეორებითი დარღვევისთვის 1200 ლარით დააჯარიმეს.

„მწვადიაური“ მიკვლევადობის დარღვევის გამო 200 ლარით დაჯარიმდა; 100 ლარით – „ტეხასი“ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის გამო და 500 ლარით – „ბაბილო“ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არ ქონის გამო.

ამასთან, დადებითი მდგომარეობა დაფიქსირდა მხოლოდ სამ რესტორანში.

კომენტარი