ზურა ბალანჩივაძე - „ნაღმების ქალაქი“

16 დეკემბერს, „ფაბრიკაში“, „ნიჭიერის“ ფინალისტ ზურა ბალანჩივაძის, იგივე ზურიუსის, ნამუევრების გამოფენა-გაყიდვა შედგება. ექსპოზიცია კონცეფტუალურია და მთლიანად გაზეთზეა შესრულებული. „ნაღმების ქალაქს“ იგი ნახატების პირველ სერიად მოიხსენიებს, რომელიც ფართო საზოგადოებას უნდა წარუდგინოს.

„შემოქმედებაში ორწლიანი პაუზა მქონდა, ძალიან მინდოდა, ერთ თემაზე შექმნილი ნახტების სერიის გამოფენა და ინსპირაციას ვეძებდი. ყველაფერი სრულიად უცებ მოხდა და ცხრამეტივე ნახტი ერთ თვეში დავხატე. რატომ „ნაღმების ქალაქი“? იმიტომ, რომ, ყველა ჩვენგანისთვის იგი სავსეა მოგონებებით, რომლებიც, ნაცნობი ადგილების მონახულებისას, ნაღმებივით ფეთქდება“ - ამბობს მხატვარი და დასძენს, რომ სპეციალურად ამ დღისთვის იგი სტვენით პერფორმანსსაც წარმოადგენს, რომელიც ასევე განსხვავებული იქნება. ზურიუსი ამჯერად სტუმრებს ბიორკის მუსიკის ინტერპრეტაციას შესთავაზებს.

აღსანიშნავია, რომ ზურა ბალანჩივაძე ერთი წლიდან ხატავს და თბილისში უკვე ოთხი პერსონალური გამოფენის ავტორია. დამთვალიერებლებს გამოფენა-გაყიდვის მონახულება დილის 11:00 საათიდან შეეძლებათ, ხოლო პერფორმანსზე დასწრება - 17:00 საათზე.

კომენტარი