ბრძოლა იერუსალიმისთვის - პალესტინელებსა და ისრაელის არმიის ჯარისკაცებს შორის კვლავ შეტაკებები მიმდინარეობს

პალესტინელებსა და ისრაელის არმიის ჯარისკაცებს შორის უკვე რამდენიმე საათია, შეტაკებები მიმდინარეობს. დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შემდეგ, მდინარე იორდანიის დასავლეთ ნაპირზე და ღაზის სექტორში სამდღიანი გაფიცვა გამოცხადდა. ხალხი ქუჩაში ისრაელისა და შეერთებული შტატების საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოვიდა.

შეტაკებები მიმდინარეობს რამალაში, ბეთლემში, ჰებრონსა და იერუსალიმშიც. პალესტინელ დემონსტრანტებს სამხედროებზე იერიში ქვებით მიაქვთ. ისინი კი მომიტინგეების შეჩერებას ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებითა და წყლის ჭავლით ცდილობენ.

დაშავებულთა რიცხვი უკვე 50-ს აჭარბებს. უსაფრთხოების მიზნით ისრაელმა პალესტინურ დასახლებებთან არმიის დამატებითი ქვედანაყოფები გაგზავნა.

პალესტინის ლიდერი კი ტრამპის გადაწყვეტილების წინააღმდეგ ბრძოლას დიპლომატიური გზებით იწყებს. მაჰმუდ აბასი იორდანიაში გაემგზავრა და ქვეყნის მონარქთან მოლაპარაკებები გამართა. ავტონომიის ლიდერმა კიდევ ერთხელ დაგმო ვაშინგტონის ნაბიჯი და სამშვიდობო პროცესის ხელის შეშლაში დაადანაშაულა.

თავად დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ მისი გადაწყვეტილება იერუსალიმის სტატუსის საბოლოო განსაზღვრას არ გულისხმობს და ვაშინგტონი არც სამშვიდობო პროცესიდან გასვლას არ აპირებს.

პალესტინამ ოფიციალური განაცხადით გაეროს მიმართა და დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გასაუქმებლად რეზოლუციის მიღებას ითხოვს. უშიშროების საბჭოში რიგგარეშე სხდომა დაინიშნა. საგანგებო შეხვედრას გამართავს არაბული ლიგაც.

დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებით დაირღვა საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობაც, რომელიც მხარს უჭერს, რომ წმინდა ქალაქი ორი სახელმწიფოს დედაქალაქი იყოს.


კომენტარი