"შიშისგან კინაღამ მოვკვდით, ისინი ყველა მიმართულებით ისროდნენ" - ადგილობრივები სპეცოპერაციის ღამეს იხსენებენ

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას იხსენებენ ადგილობრივები. ერთ-ერთი თვითმხილველი ყვება, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები მის სახლში გვიან ღამით მივიდნენ და საცხოვრებელი სახლის აივანზე განლაგდნენ.

თამაზ ჩიტაძის თქმით, ორმხრივი სროლა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„კარებზე იყო ბრახუნი, გავაღე კარები დგას შს სამინისტროს წარმომადგენელი და ავტომატებით სამი ადამიანი, შიგნით უნდა შემოვიდეთო. შემოვიდნენ და მთელი ღამე თეთრად გავათენეთ. ისხდნენ აივანზე ის შენიღბულები, ჩემი აივნიდან ისროდნენ. ისინი რომ ისროდნენ და ყუმბარებს ხსნიდნენ. შიშისგან კინაღამ მოვკვდით, ისინი ყველა მიმართულებით ისროდნენ, აბა ჩვენები ხომ არ გაჩერდენოდნენ. ხალხს დაცვა უნდოდა. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დაწყნარებულიყო ვითარება და ჩაეცხროთ,“-ყვება თამაზ ჩიტაძე.

რაც შეეხება პირებს, რომლებმაც სამართალდამცველებს ცეცხლი გახსნეს, ჩიტაძის თქმით, 46-ე კორპუსის მეორე სართულზე ოჯახი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობდა. მისივე ინფორმაციით ისინი საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ.

„ორი ქალი დადიოდა ყოველთვის დაბლა, ბავშვიც ჩამოჰყავდათ, უწყინრად დადიოდნენ. ჩეჩნები იყვნენ,“-ამბობს თამაზ ჩიტაძე.

ტერიტორია კი სადაც გუშინ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა ამ დრომდე ბლოკირებულია. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები.

კომენტარი