ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე შემაჯამებელ შეხვედრებს მართავს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე მოსახლეობასთან შემაჯამებელ შეხვედრებს მართავს. გიორგი ბირბიჩაძე ვაჟა-ფშაველას მე-2 კვარტალში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა და 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.

„იმისათვის, რომ თბილისი ნამდვილ ევროპულ, განვითარებულ, სიცოცხლით სავსე ქალაქად იქცეს, ერთად დიდი გზის გავლა მოგვიწევს და გარწმუნებთ, რომ თქვენი ჩართულობით, ქალაქის სრულიად ახალი მართვის მოდელით და ადგილობრივი თვითმმართველობით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეების კეთილდღეობაზე იზრუნებს, ეს მიზანი მიღწევადია. პირველი ნაბიჯი კი ამ დიდი მიზნისკენ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლა და სწორი არჩევანის დაფიქსირებაა. 21 ოქტომბერს თბილისელებმა მხარი უნდა დაუჭირონ ქალაქის წინსვლას და განვითარებას,“- განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.

გიორგი ბირბიჩაძემ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის მიერ რაიონში ოფიციალურად წარდგენის დღიდან აქამდე მოსახლეობასთან, ჯამში, 90-მდე შეხვედრა გამართა, გარდა ამისა, მაჟორიტარობის კანდიდატი ამომრჩევლებს საარჩევნო შტაბში და კარდაკარ ხვდებოდა.

კომენტარი