კახა კალაძე: „თბილისში კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული დაწესებულებების მოდერნიზაცია მოხდება“

თბილისში კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული დაწესებულებების მოდერნიზაცია, მათი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა იგეგმება - ამასთან დაკავშირებით დღეს განათლების, კულტურისა და სპორტის პოლიტიკის პრეზენტაციაზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ისაუბრა.

„განათლებაზე, კულტურაზე და სპორტზე ხელმისაწვდომობა ყველა რაიონში და ყველა თაობისთვის გაიზრდება. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული მხოლოდ ცენტრალურ რაიონებზე. ყოველთვის ვამბობდით და ახლაც გავიმეორებ - ყველა რაიონში მოხდება თანაბარი განვითარება. ყველა რაიონში მცხოვრებმა ადამიანმა დედაქალაქი საკუთარ უბანში უნდა იგრძნოს“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, ის აქტიურად გაუწევს პოპულარიზაციას ჯანსაღი ცხოვრების წესს.

კახა კალაძემ განათლების მიმართულებაზე საუბრისას ხაზი გაუსვა სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობის გაზრდის საკითხს.

„ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 12 ახალი საბავშვო ბაღის პროექტი განვახორციელეთ. 2012 წლამდე ბაღები ფასიანი იყო. წინა ხელისუფლების დროს ხშირად ხდებოდა ბაღების გასხვისება და მათ ადგილზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა და შედეგიც სახეზეა. მას მერე, რაც განვახორციელეთ რეფორმა და ბაღები გახდა უფასო, ყოვეწლიურად იზრდება ბაღში შემსვლელი პატარების რაოდენობა, რაც, რა თქმა უნდა მისასალმებელია, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ უნდა დავხვდეთ მომზადებული. ამიტომაც, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, 30-მდე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება, სადაც ჩვენს შვილებს ექნებათ შესაძლებლობა ნორმალურ გარემოში მიიღონ განათლება“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

განათლების სისტემაში დაგეგმილ სიახლეებზე დეტალურად ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისი თქმით, დედაქალაქში არამარტო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, არამედ სასკოლო ინფრასტრუქტურის დეფიციტიცაა, ამიტომაც თბილისში განათლების პარკების შექმნა იგეგმება.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თბილისში შეიქმნას განათლების პარკები - ეს იქნება სპეციალური ტერიტორიები, სადაც განთავსდება როგორც საშუალო სკოლები, ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობით შექმნილი სპეციალიზებული გაძლიერებული სკოლები. აქ აქცენტი გაკეთება იმაზე, რომ ზედა კლასებში ყველაზე ნიჭიერმა და მონდომებულმა ახალგაზრდებმა სახელმწიფოს ხარჯზე მიიღონ მსოფლიო კლასის განათლება, რომელიც შემდგომში საშუალებას მისცემს, საქართველოშიც და საზღვარგარეთაც განაგრძონ განათლების მიღება. ეს პარკები იქნება როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე საგანმანათლებლო პროგრამების მხრივ ძალიან დახვეწილი განათლების ცენტრები. ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და თბილისის მერიასთან და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის დიდი იმედი მაქვს“ - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

მან, ასევე, დუალურ პროფესიულ განათლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე დასრულდა მოლაპარაკება 50-მდე კომპანიასთან, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროცესში.

„საუბარია ერთდროულად მუშაობაზე და სწავლაზე. ვფიქრობთ, რომ მომავალ წლებში გაჩნდება ათობით ათასი სასწავლო ადგილი, რომელიც იქნება თან სამსახური და თან ხელობის სწავლება. გარდა ამისა, მომავალში ამ ხალხს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობაც ექნებათ“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, პროფესიული განათლების მიღების შემდეგ, ახალგაზრდებს სურვილისამებრ შეეძლებათ უმაღლესი განათლების მიღება განაგრძონ.

განათლების, კულტურისა და სპორტის პოლიტიკის პრეზენტაციას, ახალგაზრდებთან ერთად ერთად ჯანდაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრები და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები ესწრებოდნენ.

კომენტარი