კახა კალაძე: ჩვენთვის უმთავრესი ამოცანაა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა

„ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ვიცით, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებობს პრობლემები, მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, იქნება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება“ - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

მისი თქმით, სიცოცხლით სავსე ქალაქისთვის სწორი ეკონომიკური ხედვა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა თბილისში ბოლო დღეებში მომხდარი მოვლენებიც შეაფასა და განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას ცდილობენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კონკრეტული ე.წ. ოპოზიციური პარტიები მიზანმიმართულად ცდილობენ „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას, რომ თითქოს ჯგუფმა „ქართუმ“ ერთ ლარად მიითვისა მიწები და ა.შ. ქალაქის ეკონომიკის განვითარებისთვის ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი და დაახლოებით 400 მილიონი დოლარი იხარჯება მის განხორციელებაში. დღეის მდგომარეობით 18 000-მდე ადამიანი არის დასაქმებული და როდესაც დასრულდება სამუშაოები, შეიქმნება 1800 მუდმივი სამუშაო ადგილი. ზუსტად ამ ყველაფრის გათვალისწინებით და ამის გამო იბრძვის დღევანდელი ოპოზიცია, ებრძვის ბიძინა ივანიშვილს, რადგან მათ არ უნდათ ქვეყნის განვითარება, არ უნდათ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და იყვნენ კმაყოფილი ოჯახები“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრისას თბილისის მერობის კანდიდატმა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ეკოლოგიური გაუმჯობესების გზებზე, სოციალურ საკითხებზე, ტრანსპორტის განვითარებასა და ქაოტური მშენებლობების აღკვეთის ღონისძიებებზე ისაუბრა.

კახა კალაძემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და ტურისტების რაოდენობის გაზრდის საკითხს.

„ძველი თბილისის რეაბილიტაცია იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. 500 მილიონი ლარი გვინდა დავხარჯოთ ამაში. ჩვენ წარმოვადგინეთ კონკრეტული ქუჩები, რომელთა რეაბილიტაციაც იგეგმება. ყველამ კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როდესაც ძველ თბილისში შეგვაქვს ახალი სიცოცხლე. ეს, რა თქმა უნდა, იქ მცხოვრები ადამიანებისთვისაც მნიშვნელოვანია, ასევე, ბიუჯეტისთვის - დამატებითი შემოსავლები შემოდის. გაზრდილი ბიუჯეტით უფრო მეტი შესაძლებლობები უჩნდება თბილისის მერიას და გამგეობებს, უფრო მეტი პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. ასევე, ტურისტების რაოდენობა იზრდება ყოველწლიურად, რაც მისასალმებელია. ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს მართლაც უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც ჯერ არ არის გამოყენებული. შესაბამისად, მუშაობა მოგვიწევს, რომ ტურისტების რაოდენობა გავზარდოთ. ესეც დამატებითი შემოსავალია მოსახლეობისა და ქალაქის ბიუჯეტისთვის“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, უკვე არსებობს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი და ვიზუალები, რომელიც ქალაქში ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება, ასევე, მოგვარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა და გაგრძელდება მიმდინარე სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამები. ამის მიუხედავად, თბილისის მერობის კანდიდატმა ღიად ისაუბრა პრობლემურ საკითხებზეც.

„რა თქმა უნდა, უამრავი პრობლემაა ქალაქში. ხანდახან შეხვედრებიდან რომ ვბრუნდები, გულწრფელად ვამბობ, ჩაწყვეტილი მაქვს ყველაფერი, ისეთ ისტორიებს ვისმენ ადამიანებისგან. ხანდახან ვფიქრობ, რა ეშველება ამ ყველაფერს, მაგრამ ერთად უნდა დავდგეთ, რადგან ჩვენი ერთობით ყველაფერი არის შესაძლებელი. მე მიჩვეული ვარ ბრძოლას. ადრეც ვთქვი და გავიმეორებ: როცა პატარა ვიყავი და ფეხბურთს ვთამაშობდი სკოლაში, სამტრედიაში მითხრეს, შენგან არაფერი გამოვაო. გამომიშვეს ატირებული სახლში. თუმცა, იმედი არ დამიკარგავს, გავაგრძელე შრომა და მივაღწიე იმას, რასაც მივაღწიე. ასე იყო 2011 წელსაც, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში. გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო მაშინ - ნიჰილისტური განწყობა იყო და არავის სჯეროდა, რომ ჩვენ შევძლებდით სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მშვიდობიანი გზით ჩანაცვლებას, მაგრამ ყველა გავერთიანდით და ყველა დავდექით იქ, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა. ყოველთვის ვამბობ, როცა გჯერა, ყველაფერი შესაძლებელია. შემდეგაც საინტერესოდ გაგრძელდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა კაბინეტი წარადგინა, ამას მთელი ამბავი მოჰყვა: სად კალაძე და სად ენერგეტიკა. რისი გამკეთებელია, ვერაფერს ვერ გააკეთებს. ტრაბახი არ მიყვარს, მაგრამ ნაციონალები 9 წლის განმავლობაში გვაყვედრიდნენ, რომ ენერგეტიკა ააყვავეს. ერთი ჰიდროელექტროსადგური ჰქონდათ აშენებული, 8 მეგავატი სიმძლავრის. 5 წლის განმავლობაში, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ავაშენე 21 ახალი ჰიდროელექტროსადგური და ერთი ქარის ელექტროსადგური. პრობლემებს რაც შეეხება, ილუზია არ მაქვს, რომ ყველა პრობლემა იქნება მოგვარებული, თუმცა იმის ამბიცია ნამდვილად მაქვს, რომ პროექტები და რეფორმები, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, ყველასთვის ხელშესახები და თვალშისაცემი“ - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარი