პუბლიკაციის „ზაქარია ფალიაშვილი - ცხოვრება და მოღვაწეობა“ პრეზენტაცია

თბილისის მუზეუმების გაერთიანება, მისიისა და სტრატეგიის შესაბამისად, უკვე ერთი წელია სხვადასხვა მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს, რაც მიმართულია ტრადიციული სამუზეუმო და საგანმანათლებლო საქმიანობის შენარჩუნების სინთეზისა და განვითარებისაკენ.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების არსებობის ისტორიაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური კვლევითი პუბლიკაცია ეძღვნება ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორის, პედაგოგისა და ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის - ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. პუბლიკაციაში, ფართო საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ უცნობი პირადი წერილები, მდიდარი ფოტომასალა და სხვადასხვა საარქივო დოკუმენტებია წარმოდგენილი. გამოცემა აერთიანებს თბილისის მუზეუმების გაერთიანება ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის ფონდში დაცულ ექსპონატებს, საქართველოს ეროვნულ არქივში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მასალებსა და ქართულ პერიოდიკაში წლების მანძილზე გამოქვეყნებულ კვლევებს.

პუბლიკაციაში შესულია თამარ ბელაშვილის და გვანცა ღვინჯილიას აქამდე გამოუქვეყნებელი კვლევითი მონოგრაფიები ზაქარია ფალიაშვილის შესახებ, ასევე ტიციან ტაბიძის, ეკატერინე ბუჩუკურის, მარინა ქავთარაძის, ნინო ქორიძის, მანანა ახმეტელის და მაკა ხარძიანის სტატიები. მსგავსი მასშტაბის კვლევითი პუბლიკაცია პირველად გამოიცემა ზაქარია ფალიაშვილის შესახებ.

პუბლიკაცია „ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა“ ორენოვანი გამოცემაა, რომელიც თავისი ფორმით, შინაარსითა და მნიშვნელობით საეტაპო კვლევას წარმოადგენს. გამოცემა მიზნად ისახავს ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელობის გაზიარებასა და კულტურული მემკვიდრეობის იმ მნიშვნელოვანი ნიმუშების გამოფენას, რომელიც სამუზეუმო ფონდებსა და საარქივო მასალებშია დაცული.

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება მოისმინოს: თეიმურაზ გუგუშვილის, გიორგი მჭედლიშვილის, ლელა ზარიძის, ლევან გვენეტაძის და კომპოზიტრთა კავშირის ტრიოს (ქეთევან თავშავაძე, მაია ჯინჭველაშვილი, ია ბახტაძე) მიერ შესრულებული ნაწყვეტები, ზაქარია ფალიაშვილის ოპერებიდან „აბესალომ და ეთერი“ და ,,დაისი“. კონცერტმაისტერები: ლელა უსეინაშვილი და ლანა გელდედავა.

პრეზენტაციის თარიღი: 6.10 2017

დრო: 19:00 საათი

მისამართი: თბილისი, დავით ბაქრაძის N10


კომენტარი